ირაკლი კობახიძე ევროკავშირის სესხზე უარის თქმასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„2011 წლიდან, მაშინ ჯერ ხელისუფლებაშიც არ იყო „ქართული ოცნება“, გვესმის სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ერთი რამ დეკლარირებული აქვს - თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნები. და ეს პირდაპირ კავშირშია ევროინტეგრაციასთან, ნატოში ინტეგრაციასთან. გარდა იმისა, რომ დეკლარირებული გვაქვს, ყველაფერი გვაქვს გაკეთებული რომ წინ წაგვეწია ერთი და მეორე მიმართულებით ჩვენი ქვეყანა. ამის დასტურია ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და უმჭიდროესი თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს ნატოსა და აშშ-სთან, რაზეც არაერთი განცხადება მოგვისმენია ჩვენი მეგობრების მხრიდან. ეს არის საქმე და ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები. მეტიც, 2017 წელს, როცა საკონსტიტუციო რეფორმა განვახორციელეთ, ნატოში და ევროკავშირში მიგრაცია განვსაზღვრეთ, როგორც ყველა კონსტიტუციური ორგანოს კონსტიტუციური ამოცანა. ასეთი რაღაცები რომ გაქვს გაკეთებული და კიდევ რაღაცებზე სპეკულირებენ, ეს კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სპეკულაციები ამ თემაზე დიდი ხანია ისმის, თუმცა ეს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს „ვერაფერს აკლებს“.
„ეს განცხადებები მუდმივად ისმოდა, მაგრამ ეს არაფერს აკლებს ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ. ასეთი განცხადებები კონკრეტული ლობისტების მხრიდან მუდამ გვესმოდა. წელსაც გვახსოვს ასეთი განცხადებები და შარშანაც, მაგრამ ამან ვერაფერი დააკლო ჩვენს კურსს ნატოსა და ევროკავშირისკენ და ამან ვერაფერი დააკლო ჩვენს ქვეყანას. უამრავი მცდელობა ჰქონდა „ნაცმოძრაობას“ დაეზიანებინა ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება საგარეო ასპარეზზე. ყველა ეს მცდელობა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი“, - აღნიშნა კობახიძემ.