„თვითონ ევროკავშირი ატარებს პროპუტინურ პოლიტიკას, როცა ბედავს და სუვერენულ სახელმწიფოს ეუბნება: „ჩემი დირექტივების გარეშე, არ გაბედო მოსამართლეების დანიშვნა“

„თვითონ ევროკავშირი ატარებს პროპუტინურ პოლიტიკას, როცა ბედავს და სუვერენულ სახელმწიფოს ეუბნება: „ჩემი დირექტივების გარეშე, არ გაბედო მოსამართლეების დანიშვნა“

საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას არ იზიარებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, ვითარება არის დელიკატური და ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების ბრალეულობით შექმნილი. ანალიტიკოსის შეფასებით, გაუგებარია ევროკავშირის პოზიცია, რომელიც სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას შეაჩეროს მოსამართლეთა კორპუსის დანიშვნა მანამ, სანამ ევროკავშირის მიერ საბოლოო დირექტივა არ იქნება მომზადებული, რაც საქართველოს მთავრობამ არ გაითვალისწინა და ამ შემთხვევაში სავსებით სამართლიანად.

გაჩნდა თუ არა ბზარი საქართველო-ევროკავშირს შორის და რატომ არის დასავლეთი დაინტერესებული სასამართლო სისტემის კონტოროლით? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

პრეზიდენტის შეფასებით უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე გაუგებარი ნაბიჯია, როგორც მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ასევე მისთვის. პრეზიდენტის რეაქცია რამდენად ადეკვატურად ასახავს ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, რატომაც თქვა უარი ევროპულ სესხზე?

დავით ზარდიაშვილი: ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ვერ დავეთანხმები. გასაგებია, რომ არჩეული აქვს ეს მყარი პოზიცია, მისაღებიც და დასაბუთებულიც, რომ საქართველოს მთავარი პარტნიორი არის დასავლეთი. ამიტომ, ბუნებრივია, როცა რაღაცა სახის გაუგებრობა წარმოიშვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში, ცდილობს ისეთი პოზიცია დაიჭიროს, რომელიც დაადასტურებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის ურყევი. გასაგებია, რომ ეს არის პრეზიდენტის განცხადების მთავარი ლაიტ-მოტივი, მაგრამ ვითარება არის დელიკატური და ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების ბრალეულობით შექმნილი.

თავისთავად, გაუგებარია ევროკავშირის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეთა კორპუსის დანიშვნის შეჩერებას მანამ, სანამ ევროკავშირის მიერ საბოლოო დირექტივა არ იქნება მომზადებული. საქართველომ ეს აკრძალვა პრაქტიკულად არ შეასრულა, მოსამართლეები დანიშანა და ამის შედეგი იყო სწორედ ის, რომ ევროკავშირმა საჭიროდ მიიჩნია უარი ეთქვა კრედიტზე. ეს ვითარება რომ არ გამწვავებულიყო, საქართველომ საერთოდ უარი თქვა ამ კრედიტზე. განმარტა კიდევაც პრემიერ-მინისტრმა, რომ უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით გაკეთდა.

ბუნებრივია, ამ კრედიტს იმდენად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ეს არის პოლიტიკური საკითხი, ალბათ, დამეთანხმებით?

- გეთანხმებით ასეა და ეხება ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. თუ ამ მხარდაჭერის პირობა იქნება გარკვეულად სუვერენიტეტის შეზღვუდვა და შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროკავშირის ინტერესია გარკვეული გავლენა მოიპოვოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე, ეს რასაკვირველია, არის აბსურდი და აქიდან გამომდინარე, არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ ასეთ კრედიტზე ითქვა უარი.

რასაკვირველია, პრეზიდენტი ეცდება, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მდგომარეობა არ გამწვავდეს, დამშვიდდეს და საქართველოს პოზიციონირება არ იქნას ისე გაგებული, რომ თითქოსდა საქართველომ ანტიდასავლური პოლიტიკა დაიწყო. ასე არ არის, მაგრამ ფაქტია და ამის დამალვა არ შეიძლება - სასამართლო სისტემის საკითხში საქართველოს და ევროკავშირის პოზიცია სერიოზულად აცდენილია ერთმანეთისგან. ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების ბრალი.

მაშინმ რა გამოდის, ესაცდენა, რომელიც დაპირისპირების მიზეზი ხდება, ევროკავშირის ბრალია?

- რასაკვირველია, ევროკავშირის ზედმეტი გულმოდგინებაა ჩვენი სასამართლოთი დაინტერესება. ევროკავშირს საერთოდ არ უნდა აინტერესებდეს მოსამართლეთა პერსონალური შემადგენლობა და - უჩვენოდ არ გაბედოთ მოსამართლეთა კანდიდატების განხილვა და დამტკიცება, - არ არის კორექტული პოზიცია და ამას მოჰყვა ეს ყველაფერი. ჯერ ერთი, შეხედეთ, რა ვითარებაა - საქართველოს სასამართლო ხელისუფლებამ რეპუტაციული ზიანი მიიღო სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. მაშინ სასამართლოს დამოუკიდებლობა საერთოდ აღარ არსებობდა, სასამართლო იქცა ადეიშვილის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ერთეულად. თქვენ ხომ იცით, რომ შეჯიბრითობობის პრინციპი მთლიანად იყო უგულებელყოფილი და გარდა ამისა, უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაცვლად, მოქმედებდა დამნაშავეობის პრეზუმფცია, პროკურატურის ბრალის პრეზუმფცია და თუ გახსოვთ, მაშინ ევროკავშირის პოზიცია ამასთან დაკავშირებით - თითქოს შეუმჩნეველი დარჩა მაშინ ის მდგომარეობა, რამაც სასამართლო აქამდე მიიყვანა და ახლა, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას დააკისრო სასამართლოს რეპუტაციის ნგრევის გამო, რაც სააკაშვილმა გააკეთა, სულ ცოტა, არაკორექტულია. პლუს ამას, მოსთხოვო სუვერენულ ქვეყანას, რომ შენ შეაჩერე კონსტიტუციის მოქმედება, სანამ ჩემს დირექტივებს არ მიიღებ, მოსამართლეებს ნუ დანიშნავ, ეს, რასაკვირველია, სცილდება ყოველგვარ პარტნიორობის ჩარჩოებს. ასე პარტნიორებს არ ელაპარაკებიან და არ ექცევიან.

ჩვენ გვახსოვს როგორი პოზიცია ჰქონდა იგივე აშშ-ის ელჩს. არაკორექტულია სუვერენულ სახელმწიფოს მიუთითო რა გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას პრეზიდენტიც განუდგა. აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, ზურაბიშვილის ეს განცხადება არის თუ არა ვითრების კიდევ უფრო გართულების მცდელობა?

- არა ჩემო ბატონო. საქართველოს უარი ამ კრედიტზე, ეს იყო რბილი დემარში და ეს ფაქტია. საქართველომ დაასწრო ევროკავშირის განცხადებას, რომ ამ კრედიტს არ გამოყოფდა და არ გამოყოფდა იმ მიზეზით, რომ საქართველოს დაადანაშაულებდა ვალდებულების შეუსრულებლობაში. რადგან ეს დელიკატური საკითხია და როგორც პრემიერმა თქვა - უხერხულობის გასაფანტად, საქართველომ უარი თქვა ამ კრედიტზე თითქოსდა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გამო. ეცადა, რომ ვითარება სკანდალამდე არ მისულიყო.

საპასუხოდ კი, ძალიან მკვახე განცხადება გააკეთა თვითონ ევროკავშირის რიგმა წარმომადგენელმა, ვიოლა ფონ კრამონმა, არცთუ ისე კორექტული იყო ევროკავშირის წარმომადგენლის ბრიფინგი, სადაც მან თქვა, რომ სწორედაც საქართველომ არ შეასრულა ვალდებულებები სასამართლოსთან დაკავშირებით და ამის გამო, მოსალოდნელი იყო უარის თქმა კრედიტის გაცემაზე და ა.შ. რახან საქართველოს მთავრობას თავისივე ინიციატივით მოუწია უარის თქმა კრედიტზე, ეს რომ აღქმულიყო საქართველოს ანტიდასავლურ ნაბიჯად, პრეზიდენტი ვალდებული იყო ასეთი გამოსვლა ჰქონოდა.

რატომ იყო ვალდებული?

- მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დასავლური კურსი არის უალტერნატივო და მას არავითარი პრობლემა არ ემუქრება. მას მოუწია, რომ ხელისუფლების ამ ნაბიჯის მიმართ ზედმეტი კრიტიკა გამოეთქვა. ეს პრეზიდენტის ვალია. ის არის პასუხისმგებელი ქვეყნის საგარეო კურსის გამართულობაზე. ამ შემთხვევაში, სწორედ ეს ფუნქცია შეასრულა. რასაკვირველია, გარკვეულწილად აცდენლია პრეზიდენტის და მთავრობის განცხდება, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში და ბუნებრივია, ოპოზიცია ეცდება აქ უფსკრული დაინახოს და აპოკალიპტური სურათი დახატოს, მაგრამ ასე არ არის. მოსახლეობას შესანიშნავად ესმის რატომ გადადგა ეს ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებამ. საკმაოდ პოპულარულიც არის ღარიბაშვილი იმის გამო, რომელმაც გაბედა და თქვა: „ვიოლა ფონ კრამონი ჩემი უფროსი არ არის და ჩემი უფროსი არის ქართველი ხალხი“.

კახური პირდაპირობა ჭარბობს ქართულ პოლიტიკაში...

- ზოგჯერ ასეთი პოზიცია საჭიროა. ეს რომ არ აღიქვას ვინმემ ისე, თითქოს საქართველოს თავის საგარეო პოზიციას იცვლის, პრეზიდენტს მოუწია ასეთი განცხადების გაკეთება.

გასაგებია, რომ ღარიბაშვილის ამ განცხადების გადასაფარავად გააკეთა განცხადება პრეზიდენტმა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა ასეთი რამ თქვა: „გაუგებარია, საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მგდომარეობაზე მეტად პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება გახდეს“. წარმოუდგენელია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა არ იცოდეს რატომ თქვა ხელისუფლებამ უარი ევროკავშირის ვალზე. ზურაბიშვილის რადიკალური განცხადება მხოლოდ პრემიერის ცნობილ განცხადებას უნდა დავაბრალოთ?

- საქართველო მარტო მთავრობა არ არის, ეს არის ქვეყანა, რომლის მეთაური გახლავთ პოლიტიკურად სრულიად ნეიტრალური პრეზიდენტი. ის არ არის პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე, ზეპარტიული ფიგურა გახლავთ და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ადასტურებს საგარეო პოლიტიკურ გეზს. ღარიბაშვილისა და მთავრობის ნაბიჯი რომ არ აღქმულიყო დემარშად, საქართველოს პრეზიდენტს მოუწია მთავრობის გაკრიტიკება. ეს არის სრულიად ნორმალური და ჩვეულებრივი ამბავი დემოკრატიულ სახელმწიფოში.

აქედან რა შთაბეჭდილება დარჩა? - საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ამის მიუხედავად საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის ურყევი. რასაკვირველია, პრეზიდენტიც დაინტერესებულია სასამართლოს ბედით, მაგრამ უფრო პრიორიტეტულია საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია, რომელიც დაიცვა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ქართულმა ოპოზიციამ შეაფასა ისე, რომ საქართველომ უარი თქვა დასავლურ კურსზე და ეს გაამყარა სერგეი ლავროვის განცხადებით, რომელიც მაშველი რგოლია ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამტკიცებენ, რომ მივდივართ რუსეთისკენ, ეს მაშინ, როდესაც ყველა სოციოლოგიური კვლევით საქართველოს ევროპულ კურსს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. რა მიზანს ემსახურება კურსის ცვლილებაზე საუბარი?

- შეიძლება ძალიან მკვეთრად ვთქვა, მაგრამ ფაქტია, რომ ევროკავშირის გაუგებარი პოზიცია საქართველოში სასამართლო რეფორმის მიმართ, ეს თვითონ არის ევროპული ღირებულებების ღალატი. თვითონ ევროკავშირი ატარებს პროპუტინურ პოლიტიკას, როცა ბედავს და სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მისი პარტნიორია, ეუბნება რომ ჩემი დირექტივების გარეშე არ გაბედო მოსამართლეების დანიშვნა. რა არის ეს ახლა?! სწორედ ეს არის რუსული ნარატივი! ევროკავშირი პირდაპირ აძლევს რუსეთს იარაღს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში გამოიყენოს. საფუძვლიანი იქნება რუსეთმა თქვას: „ეს არის თქვენი პარტნიორი, რომელიც უარესს აკეთებს, ვიდრე ჩვენ ვაკეთებდით“. საბჭოთა კავშირის დროს ვერავინ ვერ გაბედავდა საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირ დაევალებინათ მოსამართლეების დანიშვნა და ასე უხეში ფორმით ჩარეულიყვნენ. ეს არ ხდებოდა მაშინაც! დიახ, თვითონ ევროკავშირი ღალატობს თავისივე პრინციპებს.

სწორედ ასეთმა პოზიციამ გამოიწვია ის, რომ ევროკავშირი თავად უწყობს ხელს ნიჰილიზმს დასავლეთის მიმართ და ნოსტალგიას რუსეთის მიმართ. სავსებით სამართლიანია მოსახლეობის პოზიცია - „რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ზეწოლის ქვეშ ვიქნები, თუ რუსეთის?“

- ჯერ ერთი, ევროკავშირი ნიჰილიზმს ხელს უწყობს იმითი, რომ მფარველობს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლოს ნგრევაზე. მაგასაც ვერ ხვდებიან, რომ ევროკავშირისთვის მთავარი მადისკრედიტირებელი არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“. ევროპას სახელი გაუტეხა სწორედ „ნაცმოძრაობამ“ და როცა ისინი კიდევ თანამშრომლობენ ამ პოლიტიკურ ძალასთან და მათ შორის სასამართლოს საკითხში, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ პუტინის ანტიდასავლურ წისქვილზე ასხამენ წყალს. ნაცების და მათი სატელიტი პარტიების საპროგრამო განაცხადი რომ ნახოთ სასამართლოსთან დაკავშირებით, ეს არის სასამართლოს სრული დესუვერენიზაცია.

იცით რას ამბობენ - თურმე სასამართლოს ზედა ინსტანციების უმრავლესობა უცხოელი მოსამართლეებით უნდა დაკომლექტდეს! ე.ი. საქართველოს სასამართლო ხელისუფლება უცხოეთს უნდა გადავცეთ! წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს? გინახიათ ევროკავშირის ერთი განცხადება, რომ ამას გამიჯვნოდა? პირიქით, რჩება შთაბეჭდილება, რომ სასამართლო სისტემის ნაწილში ისინი თანამშრომლობენ ნაცებთან. აქ აშკარად ჩანს ევროკავშირის ინტერესები, რომ პოლიტიკური ზეგავლენა მოიპოვოს საქართველოს სასამართლოზე. როგორი სტრატეგიული პარტნიორიც არ უნდა იყოს, ეს არის მიუღებელი! რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რასაც ქართველი ხალხი გაიგებს.

საბოლოო ჯამში, თუ დადგა არჩევანი - პროდასავლურობა, თუ სუვერენიტეტი, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ქართველი ხალხის პოზიცია?

- ქართველი ხალხი სუვერენიტეტს აირჩევს და ეს უდავოა! ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ დაგვინიშნონ მოსამართლეები! ასეთი რამე ნანახი გვაქვს. სამწუხაროდ, ასეთია ევროკავშირის პოზიცია! გამოდის აშშ-ის ელჩი და კატეგორიული ტონით ამბობს, რომ მოსამართლეების დანიშვნა არის მიუღებელი. აგერ, ევროპარლამენტარი თითს გვიქნევს და ისე გველაპარაკება, როგორც ცეკას მდივანი, ეს ქალბატონი თავს უფლებას აძლევს თქვას - „არ შეიძლება უარი თქვა იმაზე, რაც არ გეკუთვნოდათ“. ეს არის შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი განცხადება. პარტნიორებს ასე არ ელაპარაკებიან, ასე ელაპარაკებიან კოლონიას. წავიდეს და ვინც მის კოლონიად მიაჩნია, აი, იმას ელაპარაკოს ამ ტონალობით!

ევროპულ კრედიტზე უარმა შესაძლებელია ბზარი გააჩინოს საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე?

- არა. უბრალოდ, მძაფრ შეფასებას იმსახურებს ევროკავშირის პოზიცია სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესის მიმართ. ისინი საერთოდ არ იმჩნევენ საქართველოს სასამართლო სისტემის პროგრესს და ამ ფარისევლობას კარგად ხედავს ქართველი ხალხი - მაშინ ხმას არ იღებდი და ახლა რა მოგივიდა, რატომ გაქვს ზედმეტად თავგამოდებული ინტერესი სასამართლოს მიმართ? ხომ არ ცდილობ, რომ საქართველოს სასამართლოზე გავლენა მოიპოვო ისევ ნაცების მეშვეობით, რომლებიც აპირებენ სასამართლოს დესუვერენიზაციას?!

თუ ევროკავშირი ამ კურსს გააგრძელებს, ამ ხისტ პოზიციას არ შეცვლის განსაკუთრებით სასამართლოს მიმართ, რასაკვირველია, საბოლოო ჯამში, განხეთქილება გარდაუვალია და ეს არ იქნება საქართველოს ხელისუფლების არჩევანი. ეს იქნება ისევ მათი არჩევანი. ევროკაშვირი გვიბიძგებს, ხელს გკვრავს, გვაგდებს იქიდან და გვეუბნება, რომ მე არ ვარ ის, რაც შენ გგონია, არ ვარ ევროპული ღირებულებები. ევროპული ღირებულებები არის სამართლის და კონსტიტუციის უზენაესობა. ამ დროს, ევროკავშირი აბსოლუტურად არაკონსტიტუციური ნაბიჯის გადადგმას აიძულებს საქართველოს, როდესაც პარლამენტს უბედავს და ეუბნება - არ შეასრულოს კონსტიტუციური ვალდებულება და არ დანიშნოს მოსამართლეები. პარლამენტის კონსტიტუციური ვალდებულებაა გაამწესოს მოსამართლეები, როდესაც ამას პარლამენტს უკრძალავ, ბოდიში, მაგრამ - გიჟი ხარ?!

Katana . კარგი საუბარია!
ეგრე, რა!..
არ შეიძლება ყველაფერზე თავს ვუკანტურებდეთ და სულ - "კი, ბატონო-ბოდიში, ბატონოთი" ველაპარაკებოდეთ!
თუ გვაღიარებენ სუვერენულ ქვეყნად, მოგვექცნენ, როგორც სუვერენულ ქვეყანას! თუ კოლონიად გვთვლიან - ძალიან ხანგრძლივი და მდიდარი გამოცდილება გვაქვს უღლის გადაგდებისა!
მივესალმები ღარიბაშვილის კახურ პირდაპირობას! - ოჯახი რომ ქალის და კაცის ერთობაა და არა კაცის და კაცის, ან ქალის და ქალის, ეგეც ღარიბაშვილის დამსახურებით ჩაიწერა ჩვენს კონსტიტუციაში და ახლაც, ძალიან მეეჭვება, მის ადგილზე რომელიმე ყოფილ პრემიერს გაებედა და ეგრე პირდაპირ მიეხალა მაგათთვის: ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსიო!..
მეფის ნაცვალი და კრემლის დანიშნული ცეკას მეორე მდივანი რომ არ გვინდოდა უფროსად, იმიტომ გამოვებრდღვენით რუსულ დათვს, დატორილ-დასისხლიანებული, ტერიტორიებ-ამპუტირებული და ამ დროს ესენი ყველაფერს აკეთებენ, რომ მართალი გამოდგეს პუტინი: საქართველოს თავისუფლება კი არა ბატონის გამოცვლა ნდომებიაო!
3 წლის უკან