მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ წინასაარჩევნო კამპანიის ნაცვლად არჩევნების გადადების კამპანია წამოიწყო, ჯერი უკვე ეპიდემიოლოგებზეა, რას გადაწყვეტენ ისინი. თუკი ეპიდემიოლოგები იტყვიან, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს, შესაძლოა, ხელისუფლებამ, უკიდურეს შემთხვევაში, ამ საკითხის განხილვა დაიწყოს. მანამდე კი ოპოზიციის მიერ გახმიანებული არჩევნების გადადების კამპანია შეიძლება განხილულ იქნას, როგორც საბაბი არჩევნების ბოიკოტისთვის.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ცხადია, პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებს და ვერ იტყვის, უნდა გადაიდოს, თუ არ გადაიდოს არჩევნები, მაგრამ, ზოგადად, პანდემიის დროს ნებისმიერი თავყრილობა, შეკრება, რა სახითაც არ უნდა იყოს ეს, პოლიტიკური, გასართობი, თუ სამგლოვიარო მიზნით, ეპიდსიტუაციას აუარესებს და რისკებს ზრდის. ამიტომ ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო შეხვედრები, საარჩევნო უბნებზე ადამიანების მისვლა ეპიდსიტუაციას გააუარესებს.
„თეორიულად ამ მძიმე სიტუაციის თავიდან აცილება და ადამიანების დაცვა შესაძლებელია, კერძოდ, არჩევნებზე მისული ადამიანი უნდა იყოს ვაქცინირებული, ადგილზე უნდა იყოს დისტანცირება დაცული, პირბადე სწორად გამოყენებული. თუკი თეორიულად მოხერხდება ამ წესების დაცვა, რისკები იქნება დაბალი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ამის დაცვა ყოველდღიურობაში ვერ ხერხდება. ამდენად, თუკი არჩევნების გამო მობილობა გაიზრდება, ძალიან გაჭირდება რეგულაციების დაცვა და შეიძლება მოხდეს ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუკი ეპიდემიოლოგები იტყვიან, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა იყოს მიღებული, გამკაცრდეს შეზღუდვები, დაიკეტოს ქვეყანა, გაჩერდეს ეკონომიკა, თავისთავად, არჩევნებიც ავტომატურად გადაიდება, რადგან გამოცხადდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.
ლადო ბოჟაძის თქმით, უშუალოდ კენჭისყრის დღეს რეგულაციების სწორად დაცვა შესაძლებელია. კერძოდ, კენჭისყრისას შენობაში იმყოფება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც წინასწარაა შემოწმებული სწრაფი ტესტით, ტემპერატურის თვალსაზრისით. ამიტომ, ასე თუ მივუდგებით, მაშინ მაღაზიებიც საშიშია კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო და დავკეტოთ მაშინ მაღაზიები.
„რატომ არ ვკეტავთ მაღაზიებს? ხანდახან მაღაზიებში ხომ უფრო მეტი ადამიანია, ვიდრე საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩევლები რიგითობით შედიან, ხდება მათი ტემპერატურის შემოწმება, ყველას უკეთია ნიღაბი, ერთჯერადი კალმით სარგებლობენ. ამიტომ უშუალოდ კენჭისყრის დღე არ მიმაჩნია სახიფათოდ ვირუსის გავრცელების კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ 2 მილიონი ადამიანი იღებს ამ პროცესში მონაწილეობას. ასევე, მილიონობით ადამიანი შედის მაღაზიებში, ბაზრებში, აფთიაქებში, მაგრამ ეს ობიექტები იმიტომაა ღია, რომ ისინი მკაცრად იცავენ რეგულაციებს. ჩვენ ვხედავთ, რესტორანში რამდენი ადამიანი დადის, მანამდე რამდენი მგზავრი გადაადგილდებოდა ტრანსპორტით, მათ შორის, გადაადგილდებოდნენ მეტროთი რეგულაციების დაცვის გარეშე. ამიტომაც მივედით ამ მდგომარეობამდე“, - მიიჩნევს ლადო ბოჟაძე.
ანალიტიკოსი იხსენებს შარშანდელი კენჭისყრის დღეს, როცა 2 მილიონი ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, არ შეუშინდა ვირუსს და საკუთარი არჩევანი გააკეთა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მილიონმა ამომრჩეველმა, „ნაცმოძრაობის“ ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა და, ასევე, ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა, რომლებმაც სხვას მისცეს ხმა. ამიტომ ლადო ბოჟაძე ფიქრობს, რომ თვითონ კენჭისყრის დღეზე ლაპარაკი არამართებულია. აჯობებს, ოპოზიციამ მოუწოდოს თავის მომხრეებს, თუკი ასეთი დარჩათ, ორგანიზებულად აიცრან და რეგულაციები დაიცვან.
„ახლა ამათ უნდათ, არჩევნები გადაიდოს, ოღონდ არა ეპიდემიოლოგიური ვითარების, არა ეკონომიკის, არა შეზღუდვების ხარჯზე, რადგან ეს საზოგადოებას არ უნდა და იციან, რომ ეს მომგებიანი არ იქნება, არამედ კონკრეტულად ერთი თარიღის ან გადაწევით, ან გადმოწევით, რაც ასე უბრალოდ არ ხდება“, - ამბობს ლადო ბოჟაძე.