„რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.
ლავროვის ამ შეთავაზებას , საქართველოდან მმართველი გუნდის წევრები პასუხობენ. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ერთადერთი გზა არსებობს და ეს გზა არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციაა.
„თუ მოსკოვი ამისთვის მზად არის, ჩვენც, რა თქმა უნდა, მზად ვართ. თუ ისინი განახორციელებენ დეოკუპაციას, მაშინ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება იქნება შესაძლებელი. ვგულისხმობ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დეოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც. მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკის ნორმალიზაციის პროცესი გადის ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღებაზე.
„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ვისმენთ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სურვილს, რომ მათ უნდათ საქართველოს ურთიერთობის აღდგენა, უყვართ საქართველო და ა.შ. კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ურთიერთობის აღდგენა საქართველოსაც უნდა, მაგრამ არა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის ხარჯზე. ეს არის ის, რასაც ველით რუსეთისგან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
რუსეთთან მიმართებაში ექსპერტებიც ერთხმად თანხმდებიან, ვიდრე მეზობელი ქვეყანა დეოკუპაციას არ დაიწყებს, იქამდე მათთან ურთერთობის დალაგება არ გამოვა.
„თუ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა სურს, პირველი ნაბიჯი სწორედ რუსეთთმა უნდა გადადგას - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა გააუქმოს. ასევე, საქართველოს საზღვრები 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით აღიაროს. ამის შემდეგ შეეძლება საქართველოს სხვა ნაბიჯები გადადგას. იცით, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გარდა, ადამიანებს შორის ურთიერთობებისთვის არსებობს სხვა ფორმატები და ასე თუ ისე, ეს ურთიერთობები ადამიანების საჭიროებებიდან გამომდინარე, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფნის პერიოდში დარეგულირდა. ასევე, ჩვენ ჟენევის ფორმატი გვაქვს, სადაც რუსეთთან ერთად ვსაუბრობთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით. თუმცა, რუსეთი ძველ ვალდებულებებს კი არა, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასაც არ ასრულებს. ამიტომ, ეს საქართველოზე არ და ვერ იქნება დამოკიდებული“, - განუცხადა ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ for.ge-ს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის ახლა წინ წამოწევა რუსეთს იმისთვის დასჭირდა, რომ ტრადიციულად, არჩევნებამდე გამოჩნდება საიმისოდ, რათა თავი შეგვახსენოს და წაახალისოს ის ძალები, რომლებიც რუსეთთან უერთიერთობას ღიად უჭერენ მხარს.
„თუმცა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას, ნატოში გაწევრანებას და ყველა ვაღიარებთ, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრობლემაა ოკუპაცია, ტერიტორიული საკითხები, რომლებიც არა ახლა, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან დგას“, - გვითხრა ლადო ბოჟაძემ.
დეოკუპაციის საკითხს ხაზს უსვამს ექსპერტი ლევან ნიკოლაიშვილიც. „რუსეთი აღნიშნულ საკითხს პერიოდულად აყენებს, რადგან სურს, საერთაშორისო თანამეგორობას დაანახოს, რომ საქართველოსთან მიმართებაში უდანაშაულოა. თუმცა, ყველასთვის ცნობილია მისი ქმედებები, რომელიც საქართველოში განახორციელა. რაც შეეხება, საქართველოს პოზიციას, მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება, ნებისმიერ სწორმჭვრეტელი ადამიანი იტყვის მხოლოდ ერთ რამეს - „ვიდრე რუსეთი დეოკუპაციის პროცესს არ დაიწყებს, იქამდე მასთან ნებისმერი საკითხზე საუბარი შეუძლებელია“, - განუცხადა for.ge-ს ლევან ნიკოლაიშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს თუ სურს რუსეთთან, როგორც მეზობელთან ნორმალური ცხოვრება, ოფიციალური მოსკოვი მზადაა ურთიერთობების აღსადგენად.
ამასთან, ლავროვის თქმით, წელიწადნახევრის წინ მზად იყვნენ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში ვიზიტის მიზნით უვიზო რეჟიმის გამოსაცხადებლად, მაგრამ რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ თბილისში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.
ლავროვის თქმით, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, მოსკოვსა და თბილისს აქვთ ინტერესთა სფეროები და მას ძალიან უყვარს ეს ქვეყანა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ვაჭრობა. სხვათა შორის, არცთუ ისე მცირე და ჩვენ ვართ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი. არის ტურისტული ნაკადი. ჩვენს ხალხს ძალიან უყვარს საქართველოში სტუმრობა. მე თვითონ ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა“, – აღნიშნა ლავროვმა.
ახლა კი გაგიშიფრავთ - ჩემი პასუხი: ქართველი და რუსი ხალხების 8 საუკუნოვან მოყვრობას და 2 საუკუნოვან ძმობას ვერავითარი აშშ და ევროკავშირი ვერ შეარყევს. ხანდახან ღვიძლი ძმებიც წაიჩხუბებენ. დარწმუნებული ვარ მალე ჩაივლის ეს უსიამოვნო პერიოდი და აღდგება ძველი ძმობა და სიყვარული დაფუძნებული მართლმადიდებლურ რწმენაზე და ურთიერთ პატივისცემაზე! სამაჩაბლო და აფხაზეთიც მშვიდობიანად დაბრუნდებიან დედა საქართველოს სხეულში! დიდება ქრისტე ღმერთს და მის სამართალს!