ცალკეულ ანალიტიკოსთა პროგნოზით, დასავლეთი შეიძლება შეეშვას ავღანეთს, მაგრამ თალიბები არ შეეშვებიან დასავლეთს და არც ისაა გამორიცხული, იდეოლოგიურად კავკასიის რეგიონსაც მიუახლოვდნენ. ამდენად, შესაძლოა, კავკასია გახდეს თალიბების იდეოლოგიის იმპორტის სივრცე.
ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას არ გამორიცხავს მსგავს სცენარს, რომ კავკასია გახდეს თალიბების იდეოლოგიის იმპორტის სივრცე, მაგრამ კავკასიამდე ჯერ სხვა რეგიონები აქვს ავღანეთს - პაკისტანი და ცენტრალური აზია. საინტერესოა, როგორ განვითარდება იქ მოვლენები.
ანალიტიკოსის შეფასებით, თავის დროზე თალიბებმა ძალიან დიდი სისასტიკით მიაღწიეს იმას, რომ გააერთიანეს თავის წინააღმდეგ მთელი ეთნიკური ჯგუფები ავღანეთში: უზბეკები, ტაჯიკები, თურქმენების ნაწილი. ამიტომ ამერიკელები ამ ხალხის უკან დადგნენ, მათაც აიღეს ქაბული და თალიბები გაიქცნენ პაკისტანში. თალიბებს იმის გამოცდილება აქვთ, რომ მკაცრი და სასტიკი მმართველობით შორს ვერ წავლენ. ამიტომ, სავარაუდოდ, შეარბილებენ თავიანთ პოლიტიკას.
„ისინი ღრმად მორწმუნე ადამიანები არიან, ისლამის ყველაზე უფრო რადიკალური ფორმის გამტარებლები, რაც თვითონ ისლამისტებშია მიუღებელი. თვით ისლამურ სამყაროში ბევრი კრიტიკა აქვს ასეთ რელიგიურ მიმდინარეობებს. ამიტომ ჯერ მათ თავის გარშემო უნდა გაავრცელონ თავიანთი იდეოლოგია, შედარებით რადიკალური ისლამი, და მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და საითკენ ეცდებიან თავიანთი იდეოლოგიის გავრცელებას. ცენტრალური აზიაა მანდ, პირველ რიგში, ტაჯიკეთი, ჩინეთი, რუსეთი. რა თქმა უნდა, კავკასიაშიც შემოვა მათი იდეოლოგია, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები. ვიდრე საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანურ მოსახლეობას აქვს განცდა, რომ არიან მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, ვიდრე გვექნება არასასურველი ფაქტები ბუკნარში, სამთაწყაროში, დმანისში, სადაც დაპირისპირება იყო ქრისტიანულ და ისლამურ თემს შორის, ეს ხალხი სხვაგან დაიწყებს ყურებას. თუ მათ მუდმივად დავანაწევრებთ, რომ შენ კარგი ხარ და შენ ცუდი, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს ადამიანები აღმოჩნდნენ სხვა იდეოლოგიის ქვეშ. მერე ნუ დავაბრალებთ სხვებს. ჩვენ უნდა შევქმნათ საქართველოში ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ყველა თანასწორი იქნება“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
მისივე მოსაზრებით, ამ თვალსაზრისით, ჩრდილო კავკასიაც საფრთხილოა. უფრო მეტიც, საფრთხილოა ყველგან, სადაც არის ავტორიტარული რეჟიმი, სადაც არ არის დემოკრატია და რაღაც ჯგუფებს აქვთ დაჩაგვრის განცდა. ასეთი ჯგუფები პატრონს ეძებენ სხვაგან. ხოლო სახელმწიფოში, სადაც ყველა მოქალაქე და ყველა ჯგუფი ღირსეულად დაცულია, ასეთ ჯგუფებს არავითარი სურვილი არ აქვთ, დაუპირისპირდნენ მათივე ინტერესების დამცველ სახელმწიფოს.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ამიერიდან მთელ მსოფლიოში რადიკალური ისლამის გავლენა გაიზრდება, რადგან თალიბებმა ამ გამარჯვებით დიდი პოლიტიკური კაპიტალი მოიპოვეს. ამერიკას უკან დაახევინო და მთელ დასავლეთს, ეს ასე ადვილი არ არის. ამიტომ ეს გამარჯვება იქნება ფართოდ რეკლამირებული თალიბების მხრიდან და ისლამის გავლენა თუ არ გაძლიერდება, არ შემცირდება.
დავით ზარდიაშვილის აზრით, თალიბების იდეოლოგიის გავრცელება მოსალოდნელია კავკასიაშიც და ყველგანაც. ეს რომ ავიცილოთ, საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმანებმა უნდა მიიღონ ცხოვრების აქაური წესი, უპირველესად, ლოიალურნი უნდა იყვნენ ჩვენი სახელმწიფოს და უმრავლესობის რელიგიის მიმართ. ეს არის აუცილებელი პირობა ინტეგრაციისთვის. გარდა ამისა, ამერიკული მხარდაჭერა უფრო ეფექტური უნდა გახდეს, ამერიკამ მხარი უნდა დაუჭიროს არა თავის კლიენტელებს, არამედ სახელმწიფოს, რომ დააფინანსოს ისეთი რეფორმები და ნაბიჯები ამ სახელმწიფოსი, რომელიც მის გაძლიერებას უზრუნველყოფს და არა იმას, რომ ბევრი პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური ჯგუფები იქნებიან პროამერიკელები. ეს არაფრის მომცემი არ არის.
„თუნდაც ავღანეთში ვერ მოხერხდა ალტერნატივის ჩამოყალიბება, ამისთვის შიდა რესურსი იყო ძალიან მცირე, ამიტომ მოხდა ისე, რომ მხარდაჭერის მისია გადაიქცა დასავლური კლიენტელების მისიად. კლიენტელის არსი არის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც გარედან მიღებული მოგების, სარგებლის, ამ შემთხვევაში კი, ამერიკული დახმარების ხარჯზე სულდგმულობს. შიდა არსებობის რესურსი მას არ აქვს. ავღანეთში ყველაფერი აღმოჩნდა ფსევდოსტრუქტურა, რომელიც იმ წუთასვე ჩამოიშალა, როგორც კი ავღანეთი დატოვეს მოკავშირეთა შეიარაღებულმა ძალებმა. ეს საფრთხე არსებობს ყველგან, სადაც ამერიკა და, მთლიანობაში, დასავლეთი ახორციელებს მხარდამჭერ პროგრამებს. მათ ქვეყანას კი არ დაუჭირეს მხარი, არამედ თავიანთ კლიენტელას, რომელიც, თითქოსდა, სიტყვით დასავლური ღირებულებების ერთგული იყო, მაგრამ მას სხვა ინტერესი არ ჰქონდა, გარდა იმისა, დასავლური დახმარება რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო. ასეთი კლიენტელები თავადვე არიან დაინტერესებულნი კრიზისის შექმნით, რადგან კრიზისის დროს მეტ დახმარებას იღებენ. ასეთივე ორგანიზაციაა ჩვენი „თავისუფალი არჩევნები“, რომელმაც გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები, ამით თავისი საჭიროება დაანახა ამერიკელებს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება და ჩვენ რომ არ ვიყოთ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, ამიტომ უფრო მეტად დაგვაფინანსეთო. ასე რომ, კლიენტელიზმი მოწოდებულია, კრიზისები შექმნას და ამით თავისი არსებობა გაამართლოს“, - გვითხრა დავით ზარდიაშვილმა.
რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ იქ გამორიცხულია თალიბების იდეოლოგიის გავრცელება, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში მყარად აქვს რუსეთს ფეხი მოკიდებული და რუსეთი არ დაუშვებს ექსტრემისტული ისლამისგან მომდინარე საფრთხეს.