„ქართული ოცნების“ განცხადებით, ევროკავშირის შემოთავაზებულ სესხზე უარი იმიტომ თქვა უარი, რომ ამ ეტაპზე, დამატებით სესხის აღება არ იყო სასურველი. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ ეს არ ყოფილა სესხი არამედ, ეს იყო ერთგვარი დახმარება, რასაც საქართველო იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუკი იმ რეფორმებს გაატარებდა, რაზეც ამ ხნის განმავლობაში საუბარი მიმდინარეობდა. ამ საკითხზე და ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელ ნაბიჯებზე For.ge ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველო ევროკავშირისგან რა შემხვედრ ნაბიჯებს უნდა ელოდოს?
- კლასიკური გაგებით, ეს არც სესხი იყო მთლიანად და არც გრანტი. ეს არის შეღავათიანი სესხი, ძალიან დაბალი პროცენტით, რომელზეც უარს არავინ ამბობს. როგორც ევროკავშირის ისტორიაში, ასევე საქართველოში ისტორიაშიც, ეს არის უპრეცენდენტო, პირველი შემთხვევა, როდესაც რომელიმე სახელმწიფო უარს ამბობს ასეთ შეღავათიან სესხზე.
„ქართული ოცნების“ ლიდერების, პრემიერ-მინისტრის და პარტიის თავმჯდომარის გუშინდელი განმარტება, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად დამაჯერებელია. საპასუხო სვლად, გარდა ევროკავშირის ამ განცხადებისა, რომ საქართველომ არ შეასრულა აღებული ვალდებულება, განსაკუთრებით ეს სასამართლო სისტემას ეხება, არ ჩავთვლიდი უკვე საბოლოო საპასუხო ნაბიჯად. ჩვენ საპასუხო ნაბიჯს უნდა ველოდოთ.
თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ეს საპასუხო ნაბიჯი და როდის არის მოსალოდნელი?
- ევროკავშირი არ არის სწრაფი რეაგირების ორგანიზაცია, მგონია, რომ ეს იქნება არჩევნების შემდეგ. ეპიდვითარება შედარებით გაუმჯობესდა, როგორც გამყრელიძემ თქვა, გვირაბის ბოლოს სხივი გამოჩნდა, თუ ასე გაგრძელდა, ევროკავშირმა შეიძლება მაქსიმალური რაოდენობის მეთვალყურეები გამოგზავნოს და პოლიტიკური მოტივაციით, თუ პანდემიის „აფეთქება“ არ იქნება და ძალიან საშიში, „ქართული ოცნება“ მიიღებს მაქსიმალური რაოდენობის მეთვალყურეებს ევროკავშირიდან.
მათი დასკვნა აღარ იქნება ისეთი უხერხემლო, როგორიც წინა წლებში იყო, - „ყველაფერი კარგად ჩატარდა, ოღონდ ყველაფერი კარგად არ იყო ჩატარებული“, რაც ორივე მხარეს საშუალებას აძლევდა, როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას, თავის სასარგებლოდ წაეკითხა ხოლმე ეს დასკვნა. ასე გრძელდება უკვე 30 წელია. რადგან ხელისუფლება ყოველთვის ხელისუფლებაა, საბოლოო ვერსიად გვრჩებოდა ხელისუფლების ვერსია.
ევროკავშირი არ არის მიჩვეული, რომ ის ეხმარება ქვეყანას და საპასუხოდ იღებს, რომ „მე შენი დახმარება აღარ მჭირდება და არც შენი ჩარევა ჩემს საშინაო საქმეებში“. როგორც ჩანს, „წითელ ხაზად“ იქცა სასამართლო რეფორმა. ის რუბიკონია, რომლის გადალახვაც ძალიან უჭირს ევროკავშირს, რადგან ამ რუბიკონის გადალახვის შემდეგ სანქციებია უკვე. ევროკავშირი უკანასკნელ მომენტამდე თავს იკავებს.
და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად რა სანქციებს შეიძლება შეიცავდეს?
- ეს არ იქნება რაკეტები, ჯარის შემოყვანა და ოკუპაცია, ეს იქნება ფინანსური გრანტები და საერთო დახმარება, რა ვითარებაშიც არის ბელორუსია. ლუკაშენკოსთვის „მაშველ რგოლად“ პუტინია, მაგრამ ჩვენთვის ვინ არის მაშველი რგოლი?!
თავს შევიკავებ შორს მიმავალი დ კატეგორიული განცხადებებისაგან, დაველოდები არჩევნების შედეგებს. ძალიან ძნელი სავარაუდოა, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც უკმაყოფილო ელექტორატის ხვედრითი წილი ძალზეც დიდია, ამის ფონზე, სუფთად გაიმარჯვოს ხელისუფლებამ. საქართველოში ნებისმიერ ხელისუფლებას, დღევანდელ ვითარებაში, უკიდურესად გაუჭირდებოდა სუფთად გამარჯვება, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
შეიძლება მართლაც ორნიშნა მაჩვენელია ეკონომიკური ზრდის, მაგრამ ინფლაციას ნოლამდე დაყავს ამის შედეგი და მოსახლეობამდე არ მიდის ორნიშნა მაჩვენებლის კეთილდღეობის მატერიალიზაცია. მოსახლეობა თავის ჯიბეზე ამ ზრდას ვერ გრძნობს და ამას რა ფასი აქვს, თუნდაც სამნიშნა მაჩვენებლიანი ზრდა იყოს?!
ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ამ არჩევნების შემდეგ. შეიცვლება შიდა პოლიტიკური რეალობა, რადგან შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ამ საკრარულ პროცენტებს გადააჭარბოს და 25% მიიღოს („ქართულმა ოცნებამ“). რასაკვირველია, ხელისუფლება ცოცხალი თავით არ დათანხმდება ვადამდელ არჩევნებზე. თავის მხრივ ოპოზიციამაც თვითონ მიიყვანა თავისი თავი კუთხეში, მტკიცებით ფორმაში იმის თქმით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება ვადამდელი არჩევნები. უკანასკნელი არჩევნების წინ, ოპოზიცია ყოველთვის ფანატიკური, რელიგიური დამაჯერებლობით და რწმენით აანონსებს თავის მომავალ გამარჯვებას და ეს გამარჯვება ბოლოს ქრება.
ე.ი ფიქრობთ, რომ არ იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?
- არ ველოდები ვადამდელ არჩევნებს, რადგან ხელისუფლება ამას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმება. ვადამდელი არჩევნების პრობლემა არის ის, რომ უნდა იყოს სრულად პროპორციული და პროპორციულისთვის ჯერ მზად არ არის „ქართული ოცნება.“ 2024 წელს იქნება თუ არა მზად შინაგანად პროპორციული არჩევნებისთვის და კოალიციური მთავრობისათვის, აქაც დიდი კითხვის ნიშანია.
!!!
აი, ეგ არის ამომწურავი პასუხი, რატომ არავის არც უხარია და არც აინტერესებს, რამდენპროცენტიანია ეკონომიკური ზრდა!