გუშინ ესპანურმა გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ ურუგვაის ეროვნული გუნდისა და კლუბი „ნაპოლის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანი მადრიდის „რეალში“ გადასვლას აპირებს.
ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, „სამეფო გუნდის“ წარმომადგენლები სამხრეთ ამერიკელს უკვე დაუკავშირდნენ და ხელსაყრელი პირობები შესთავაზეს. კულუარული ცნობით, ურუგვაელი ამ შემოთავაზებაზე სერიოზულად დაფიქრდა.
სამხრეთ ამერიკელ შემტევს ამჟამინდელ გუნდთან ხელშეკრულება 2014 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული. „ნაპოლიმ“ წამყვანი მოთამაშე 65 მილიონ ევროდ შეაფასა.
საინტერესოა, რომ ესპანელები კავანით მიმდინარე წლის დასაწყისში დაინტერესდნენ. მაშინ „რეალმა“ იტალიურ გუნდს სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ ქარიმ ბენზემა და 25 მილიონი ევრო შესთავაზა. „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მაშინ ესპანელები უარით გაისტუმრა. „რეალმა“ უკან არ დაიხია და კავანის შესაძენად ახალი შეტევა წამოიწყო.
დღეს დილით იტალიელი ჟურნალისტები კავანის მამას ლუის კავანის დაუკავშირდნენ, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა და შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ესპანელები ჩემს შვილთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ. მისი მადრიდში გადასვლის შანსს 50 პროცენტით ვაფასებ. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ „რეალი“ ედინსონში 60 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ამ შემთხვევაში „ნაპოლი“ მას შეელევა და „სამეფო გუნდში“ გაუშვებს.“