გულისტკივილით გეუბნებით, ის, რაც უნდა გაკეთებულიყო 8 თვის წინ, ახლა გაკეთდა, – ასე შეაფასა პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარმომადგენელმა, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება.
ვაშაძე ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა დაგვიანებულია.
„ამ 8 თვის განმავლობაში მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია. ვინც დააგვიანა და ვინც ეს გამოიყენა საბაბად, რომ ნანატრი საშუალება მისცემოდა, გასულიყო შეთანხმებიდან, ალბათ იმათი ბრალიცაა, ჩემი ჩათვლით, ვინც ვერ შეძლო ყველასთვის აეხსნა, რა სიტუაციამდე მიგვიყვანდა ეს სიურპრიზები, რომელსაც მუდმივად ვუწყობთ ჩვენს მოკავშირეებს. არ მგონია, ახლა რამე გამოასწოროს. თქვენ გჯერათ, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმებაში დაბრუნდება? მე ძალიან მეპარება ეჭვი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა დოკუმენტს. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა და მიზეზად დაასახელა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებდა შეთანხმების ხელმოწერაზე.