1976 წელს BBC-ის რადიო 2-ის პირდაპირ ეთერში სტუმრად მიწვეული იყო ასტრონომი პატრიკ მური. მან მთელ ბრიტანეთს აცნობა, რომ ზუსტად 21:47 წუთზე მოხდებოდა უნიკალური ასტრონომიული მოვლენა, რომლის განცდა ყველა მსმენელს შეეძლებოდა სახლიდან გაუსვლელად. ამ მომენტში პლანეტა პლუტონი იუპიტერის უკან ჩაივლიდა, რაც გამოიწვევდა დროებით გრავიტაციულ სწორებას. ეს მოვლენა, თავის მხრივ, გავლენას მოახდენდა დედამიწის გრავიტაციაზე. მურმა მსმენელებს უთხრა, რომ თუ ზუსტად ამ დროს, ისინი ჰაერში ახტებოდნენ, იგრძნობდნენ უცნაურ ფარფატს და რამოდენიმე მილი წამით გაჩერდებოდნენ ჰაერში. 21:47-ის შემდეგ, BBC2-ის სტუდიაში დაიწყო შედინება უწყვეტი ზარების ნაკადმა. ხალხი ამტკიცებდა, რომ მათ მართლაც შეიგრძნეს ფარფატი. ერთმა ქალმა კი ისიც მოყვა, როგორ აიწიეს ჰაერში ერთად, მან და მისმა 9 დაქალმა.
(კორესპონდენტის უბის წიგნაკიდან)
დღეს პირველი აპრილია და, როგორც ამბობენ, მოტყუება ადვილია, მაგრამ ეს არის ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოტყუება არის შეუძლებელი. ხდებოდა და ჰა - ვერაფერს იზამ. მოხდა და აწი, რაც უნდა ვიძახოთ - არა, არა, ეს არ მოხდებაო, რომელიმე კოტე მაინც გამოხტება საიდანღაც, ვნებიანად ჩაბღუჯავს რომელიმე ქეთოს და დამცინავი ღიმილით გვეტყვის: "ეს უკვე მოხდა". მოიტაცეს თამარ-ქალიო - ბორის წიფურიას გმირი რომ მოთქვამს, გაგიჭირდებოდათო - იპოლიტე ხვიჩიას ფეოლა რომ ამბობს, ამაშია საქმეო - ვაჟა ზაზაევიჩი რომ იმეორებს...
დღეს პირველი აპრილია, 2013 წლის პირველი აპრილი და იმ სიმღერის არ იყოს, იანვარში გაგვითენდეს გაზაფხულიო, მიხეილ სააკაშვილმა, ზაალ სამადაშვილმა, გიგი უგულავამ და სხვებმა და სხვებმა, უკვე მარტის მიწურულს დაიწყეს მზადება. მაგათ ტყუილებს რა ჩამოთვლის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ეკარგებათ ჩვეული გონორი და მეც, შესაბამისად, სულ უფრო ნაკლებად მინდება, რომ ჯიგრიანად, მამაპაპურად დავიგინო.
მე არა, მაგრამ გასულ კვირაში განცხადება-გამოხმაურების სახით, საკმაოდ თავაზიან ფორმებში დაიგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რომელიც სააკაშვილის მიერ ახალქალაქში გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საავტომობილო გზა გაწმენდილი არ არის და ამის გამო, მოსახლეობას პრობლემები ექმნება. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ტყუილს ავრცელებს და მის განცხადებას სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. "მან კარგად იცის, რომ გზა, რომელზეც დღეს საუბრობდა, ზამთრის განმავლობაში ყოველ წელს ჩაკეტილია და მოსახლეობა მუდმივად ალტერნატიული გზით სარგებლობს".
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ პირველად გავიგე, რომ სააკაშვილმა რაღაც კარგად იცის. წანწალი უყვარს, მაგრამ გზები არ იცის; ჭამა უყვარს, მაგრამ მაგის ჭამა ერთ ნახვად და ერთ მოსმენად ღირს; ქალები უყვარს, მაგრამ როგორ უყვარს - ამის შესახებ ექიმები (ძირითადად, ტრავმატოლოგები) ნიჟარაძეზე, ბანძელაძესა და ქობალიაზე დაყრდნობით მოგვიყვებიან. ეს ისე გავიხსენე, სხვათა შორის, თორემ სააკაშვილის მორიგი ტყუილი სხვა არაფერი იყო, თუ არა 25 მარტს გამოთქმული საპირველაპრილო ხუმრობა - მიშა და ნაცები ყოველთვის უსწრებდნენ დროს და არც გასული კვირა ყოფილა გამონაკლისი.
როგორც ყოველთვის, ლიდერის მაგალითი გადამდები აღმოჩნდა და ტყუილებისგან თავი ვერც სხვა ნაციონალებმა შეიკავეს, რომელთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ზაალ სამადაშვილის სიტყვები - "დღევანდელმა დღემ, 7 დეპუტატის დაკითხვაზე დაბარებამ, საბოლოო გადაწყვეტილება მიმაღებინა. არც ერთი ჩემი კოლეგის არა თუ ტანჯვა-წამებად, უბრალო სტრესადაც არ მიღირს არანაირი სკამი და თანამდებობა, ამიტომ, გადავწყვიტე, დამეყენებინა კენჭისყრაზე თანამდებობაზე ჩემი დარჩენა-არდარჩენის საკითხი".
რა და როგორ მოხდა, ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, ზაალ სამადაშვილს მთელი სამი თვე ვეღარავინ შეეხება და ამით საკრებულოს თავმჯდომარე ორ კურდღელს იჭერს - სკამსაც ინარჩუნებს და მომავალში, როდესაც კითხავენ, მწერალი თუ ხარ, რატომ არაფერი გაქვს დაწერილიო, სამადაშვილს თავის გასამართლებელი ექნება - საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი და არ მეცალაო. მანამდე რატომ არ წერდიო - ალბათ, ამასაც კითხავენ და პასუხი მზად ექნება - საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ვემზადებოდიო. ახლა რატომ არაფერს წერო - შესაძლოა, ეს კითხვაც დაისვას. ზაალ სამადაშვილი დაიმორცხვებს, მაგრამ არ გაწითლდება, რადგან სახის კანს სისხლით შუბლის ძარღვი ამარაგებს, შუბლის ძარღვის პროთეზი კი ჯერ არ გამოუგონიათ და ვერც მომავალში გამოიგონებენ. ბარემ, აქვე, გიგი უგულავას უშუბლისძარღვო ხუმრობასაც შემოგთავაზებთ: "ვფიქრობ, ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ძალიან ღირსეულმა ადამიანმა, ზაალ სამადაშვილმა, რომ დამდგარიყო მისი ნდობის საკითხი. ვულოცავ მას და თბილისელებს, რომ იგი დარჩა საკრებულოს თავმჯდომარედ".
"თბილისის ხელში ჩასაგდებად გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს" - ასეთი შეფასება მისცა ცნობილმა ქართველმა ნიადაგთმცოდნემ და საზოგადო მოღვაწემ, მიხეილ მაჭავარიანმა თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს და პრინციპში, მართალიც იყო. რაღა არაბების ოთხასი წელი თბილისში და რაღა ნაციონალების თორმეტი წელი თბილისის საკრებულოში, რაღა "რას გადაურჩა თბილისი" და რაღა "ვაკის გონივრული განვითარება". ჰოდა როგორც დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა თბილისი არაბებისგან, ჩვენც ისე უნდა გავათავისუფლოთ დედაქალაქი მათგან, რაც არაბებს ებათ.
ჰოდა, მაჭავარიანის ასეთი გამოსვლების შემდეგ, მეტად უკბილო იყო მანანა კობახიძის ხუმრობა, მიხეილ მაჭავარიანი და დავით ბაქრაძე სააკაშვილის გამო, დისკომფორტს განიცდიანო. მა-ნა-ნააა! მა-ნა-ნააა! სააკაშვილის გამო დისკომფორტი, შესაძლოა, მაშინ ჰქონდათ, ჟვანიას გუნდში რომ იყვნენ, თორემ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბაქრაძეცა და მაჭავარიანიც მოეშვნენ და სააკაშვილის გამო, დისკომფორტს კი არა, მაქსიმალურ სიამოვნებას განიცდიან. "იმ გამოსვლაშიც კი, რომელიც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის დასრულებისას გამართა, იგი გაღიზიანებული იყო არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებზე, ასევე უმცირესობაზე", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ. გაიგე ახლა, რომელმა გააღიზიანა მიშტოიან ნიკალაევიჩი, ხათუნა გოგორიშვილმა თუ მარიამ საჯაიამ?
ეგეც არ იყოს და, ქლიბის დისკომფორტი პირველად გავიგე. ქლიბი იმის ქლიბია, რომ დისკომფორტს არ გრძნობს და ყოველთვის ქლიბად რჩება. საერთოდ, არის რაღაც-რაღაცები, რაც არასოდეს იცვლება - ქურდები ქურდობენ, მათხოვრები მათხოვრობენ, ბოზები ბოზობენ, ქლიბები ქლიბობენ და საზოგადოებრივი მაუწყებელიც, ვის ხელშიც უნდა იყოს, მაინც საზოგადოებრივ მაუწყებლად რჩება და, წესითა და რიგით, ცალკე საზოგადოებრივი უნდა ისმებოდეს ბრჭყალებში და ცალკე - მაუწყებელი. აი, ასე - "საზოგადოებრივი" "მაუწყებელი".
რატომ გამახსენდა? რატომ და, გასულ კვირაში სიუჟეტი ჰქონდათ - ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კორპუსები ინგრევაო და იქ ასეთმა ფრაზამ გაიჟღერა - "ოთხამდე კორპუსი უკვე სრულადაა დანგრეული"... მაგრად ვიცინე - მეთქი, "ოთხამდე კორპუსი" რა პონტია, ვარდენ?
ძაან გასუქებულა ვარდენის ქალიშვილი... ბულდოზერი თუ უშველის, სხვა ვერაფერი!
რა უშველის საქართველოს პარლამენტს? პარლამენტს უშველიან იურისტები. საპარლამენტო უმრავლესობის მონოლითური შენობიდან ხმამ გამოჟონა, თითქოს უსუფაშვილს ივანიშვილისთვის ეთქვას, ვერის უბნის პუსტა-პუსტა პოლიციელებით შორს ვერ გავფრინდებით და იურისტები მომაშველეო. მოგეხსენებათ, აპრილის ბოლოს შუალედური არჩევნები იმართება და "ქართულმა ოცნებამ" სამტრედიაშიც, ბაღდათშიც და ნაძალადევშიც იურისტები წარადგინა. სამტრედიასა და ბაღდათზე ვერაფერს მოგახსენებთ, რაც შეეხება ნაძალადევს, ვფიქრობ, ამ რაიონს მალე სახელი შეეცვლება და "არა-ნაძალადევი" დაერქმევა, რადგან მალე მანდ მესამე სექტორი, იგივე სამოქალაქო საზოგადოება, იგივე ენჯეოშნიკები ანუ ასომთავრულები გაბატონდებიან.
როდესაც გავიგე, რომ "ქართული ოცნების" სახელით ნაძალადევში კენჭს კაპიტან გრანტის ქალიშვილი იყრის, ძალიან ღრმა ნაფაზი დავარტყი და შემდეგ მივხვდი, რომ ნაფაზი კი არ დავარტყი, არამედ ამოვიოხრე.
რავი... აგერ, თვითმმართველობა უნდა განვითარდესო, ადგილობრივ ინიციატივებს უნდა შეეწყოს ხელიო... როგორც ჩანს, ნახალოვკა იქნება პირველი, რომელიც ერთსქესიან ქორწინებას დააკანონებს, სადაც "შე ჩემა" შეფასდება როგორც სიძულვილის ენა, "სადილი გამიცხელე" იქნება ოჯახური ძალადობა, ხოლო "ბოზიშვილი ვიყო" - გენდერული ბალანსი, როგორც "არაკაცი ვიყო"-ს ალტერნატივა.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი გახდე? ამისთვის საჭიროა, შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია ანუ "არამომგებიანი, არაკომერციული იურიდიული პირი" (ააიპ), თუმცა ეს არ კმარა. უნდა აიღო გრანტი, მაგრამ არც ეს კმარა. გრანტი უნდა დახარჯო არამიზნობრივად და დაუსრულებლად უნდა ილაპარაკო მიღწეულ შედეგებზე, ცოლ-ქმრის ჩხუბს უნდა უწოდო "ოჯახური ძალადობა", ორსქესიან ქორწინებას - წარსულის გადმონაშთი, ხოლო ელტონ ჯონს (სამაგალითო მუსიკოსს) - სამაგალითო მამა. მოკლედ, ყველაფერი იმით იწყება, რომ ხდები "არამომგებიანი, არაკომერციული იურიდიული პირი", ოღონდ არამომგებიანი (წამგებიანი) უნდა იყო მხოლოდ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, საკუთარი თავისთვის.
"ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება... 2013 წელს ბრძანებულებაში, პრეზიდენტისა და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა და საინფორმაციო ცენტრს ნატო-ს შესახებ სახელწოდება შეეცვალა. ის გახდა საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ. განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საინფორმაციო ცენტრი, ნატო-სთან ერთად, ევროკავშირის მიმართულებითაც იმუშავებს", - იუწყებოდა "ინტერპრესნიუსი". იფ, იფ... სახელი შეეცვალა, თენგო გოგოტიშვილი გახდა გოგო თენგოტიშვილი, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - ჟორჟო ნანუკლიანი. საქმე? საქმე თუ გაკეთდება? ეგ არ ვიცი. დანამდვილებით, მხოლოდ ის ვიცი, რომ აუცილებლად ჩატარდება უამრავი სემინარი, უამრავი კონფერენცია, ტრენინგი, ვორქ-შოპი და ერთიც შემაჯამებელი პრეზენტაცია, ჩატარებული სამუშაოს შესახებ.
კანონს რომ არღვევდნენ, აბა, რა ეგონათ, დაარბევდნენ, მა როგორ იქნებოდაო - განაცხადა იურიდიული მიმართულების ერთმა ენჯეომ 26 მაისის სისხლიანი ღამის შემდეგ, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არასამთავრობო სამართალმცოდნეებს, ხშირ შემთხვევაში, საერთო არაფერი აქვთ ადამიანურ სამართლიანობასთან.
ჯორჯ სოროსის გამზირი, მეტრო "პოლიტკორექტულობის" მიმდებარე ტერიტორია - ასეთი იქნება შუალედურ არჩევნებში არანაძალადევის ოლქის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბის მისამართი. მატარებელი "კმარა-საია" გადის მეხუთე ლიანდაგიდან. ვისაც ნამუსი არ გაქვთ, დაეწიეთ.
"არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალის ხელმძღვანელს კაბინეტის კარი აუჭედა. როგორც ღოღობერიძემ აღნიშნა, ამით მან ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტი გააპროტესტა. მისი თქმით, სააგენტო საკუთარი შეხედულებისამებრ ნიშნავდა სოციალურ დახმარებას. "დღეს ჩვენ პროტესტი გამოვთქვით და ხელვაჩაურის სოციალური სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენეთ. მაგალითი ვაჩვენეთ მთელ საქართველოს, რომ არ შეიძლება მათი შეხედულებისამებრ ადამიანების შერჩევა და იმის მიხედვით სოციალური დახმარების მიცემა", - აღნიშნა მერაბ ღოღობერიძემ", - გასულ კვირაში ენჯეო-ნიუსების ცვენა იყო. "მაგალითი ვაჩვენეთ მთელ საქართველოს"... ეუფ!!!
კარი აუჭედა... ამ საქმეს დაჭირდა ერთი ჩაქუჩი და ორი ლურსმანი - ეს არის ინვესტიცია. მიიღებს გრანტს - ეს არის მოგება. ცხონებულ ბაბუაჩემს, რაჭველ კაცს, მთლი ცხოვრება ჩაქუჩი და ლურსმანი ეჭირა ხელში, სულ მკვდარსა და ცოცხალს უტრიალებდა უსაქმურებს და სწორედ მაშინ იყო სამაგალითოდ პოლიტკორექტული.
თქვენ იცინეთ და, შორს არ არის ის დღე, როდესაც "ქართული ოცნება" ან ნაციონალური მოძრაობა (გააჩნია, რომელი დაასწრებს) მერაბ ღოღობერიძეს რაღაცის კანდიდატად დაასახელებს იმის გამო, რომ "მთელ საქართველოს მაგალითი მისცა". მაგის ასაკში დემეტრე პირველს დარიალის კარი ჩამოხსნილიც ჰქონდა და ჩამოტანილიც, მაგრამ დადგება ის დღე, როდესაც ღოღობერიძე "ვეღარ" გაიხსენებს, როგორ წაიყვანა მამამ კარის ასაჭედად...
საერთოდ კი, ღმერთმა დასწყევლოს ეს სკლეროზი... მაია ხასია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ, მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, თანამედროვე აღჭურვილობის მქონე "ჯიპების" შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადებას ვერ იხსენებს. "არ მახსოვს, რომელ ტენდერზე საუბრობთ. მე წამოსული ვარ, საქმეებში არა ვარ ჩახედული, ზეპირად რომ გიპასუხოთ, არაკვალიფიციური და არასწორი იქნება. ტენდერების გამოცხადებას სპეციალური სამსახური უზრუნველყოფდა, ამიტომ ასე ზეპირად ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა მაია ხასიამ".
ხასია ვერ იხსენებ, ჩვენ არ ვიცოდით. დროა, ვიცოდეთ: სატენდერო პირობებში მითითებულია, რომ ავტომობილი, რომელსაც დეპარტამენტი შეიძენს, უნდა იყოს 2013 წლის მოდელი, არანაკლებ 8-ადგილიანი, უნდა ჰქონდეს: ინტეგრირებული მონიტორი ჭერში, ნავიგაცია, ეკრანი, ხმით გამოძახება, ბლუთუზი, გარე სარკეები გათბობით, მეხსიერებით, ჩაკეცვით კამერით, კრუიზ კონტროლი, მაცივარი, ელ. საათი, გარეთა ტემპერატურის მაჩვენებელი, ტყავის სალონი შავი, გვერდითი საფეხურები ხისა და ტყავის სიჩქარეების გადამრთველი, ტყავისა და ხის კომბინირებული საჭე გათბობით, ელექტრონული ლუქი დისტანციური მართვით, წინა სკამების კონდიცირება, უკანა სალონის სწრაფი გათბობა და გაციება. მითითებულ პირობებში წერია, რომ სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ახალი (ექსპლოატაციაში არმყოფი).
შეიძლება, ცოტა ისე გამომივიდეს, მაგრამ რა ვქნა... თქვე დალოცვილებო, ქვეყანაში აქტიური ფერია ანთია გყავს და თანამდებობაზე სკლეროზიან მაია ხასიას ნიშნავთ?! სად არის სამართალი?!
აი, კოტე გაბაშვილმა, ზაალ სამადაშვილისა არ იყოს, ყველა თანამდებობის დედა ვატირეო და... `საქართველოს ყოფილი ელჩი იტალიაში კოტე გაბაშვილი თანამდებობიდან წასვლის მთავარ მიზეზად ქვეყნის საგარეო კურსის დაუბალანსებლობას ასახელებს. "გადაწყვეტილების მიღებისას მე შეცდომა არ დამიშვია. ერთია მოქალაქეობრივი განცდა და მეორეა - დიპლომატის ცხოვრება. რთულია ისეთი დავალებების შესრულება, რომელსაც არ ეთანხმები და არ გჯერა. მე ეს დავინახე და ამიტომ წამოვედი", - აცხადებს გაბაშვილი" - როგორც მიხვდით, ეს იყო ნიუსი. ჩემგან იყო დაგინება, რომელიც გარშემომყოფებმა კი გაიგეს, მაგრამ აქ აღარ დავწერე. თვითცენზურა და რამე...
წარმოიდგინეთ, რომ კოტე გაბაშვილი არის დაკონსერვებული ხორცი. წარწერა კონსერვის ქილაზე გვამცნობს, რომ იგი შეიცავს ნიტრატებს, პესტიციდებს, დანამატებს, ემულგატორებსა და ათას საზიზღრობას. მიკროსკოპული ასოებით წერია, მაგრამ თუ კარგად დააკვირდები, იკითხება. წარწერა ასევე გვამცნობს (უფრო მსხვილი შრიფტით), რომ კონსერვს მოხმარების ვადა 1991 წელს გაუვიდა.
ამან კიდევ, თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ქვეყნის საგარეო კურსიაო და 19 აპრილის აქციაში მონაწილეობას მივიღებო... აი, შენ კი მოგხვდა არმაგედონის ზანგის გოკა!!!
დარწმუნებული ვარ, ხალხი ვადაგასულ კონსერვს პირს აღარ დააკარებს, აგერ, ვადაგასული ხორცის სხვა კონსერვიც გვაქვს და აღარავინ ჭამს. ოქტომბრამდე თაროზე ეგდოსო - ამბობს ხალხი. საქონლის ხორცის ამბავში გემოვნება აშკარად დაიხვეწა. რა ხდება თევზთან მიმართებაში? შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ქინძმარში ჩადებული ლოქოს მაგალითზე. დავიწყოთ ნიუსის სათაურით - "გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი მიწერილ წერილზე კომენტარი გააკეთა".
მოკლედ, აგვისტოს ომიდან სამ თვეში კულტურის მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს თავისი რუსი კოლეგისთვის მიუწერია, თათრებს ჩამოგიყვან, "ერისიონს" ვაცეკვებ, მხატვრებს გამოვფენ და ვიყოთ ასე, ვიჭუკჭუკოთ, რა გვაქვს გასაყოფიო. წერილი გია ხუხაშვილმა გამოამზეურა, ვაშაძე კი, ნაცვლად იმისა, რომ ახსნას, რატომ იყო რუსებთან წაკუზული, აქეთ იმუქრება, საიდუმლო წერილი იყო, რატომ გამოამზეურეთ, დაგსჯითო.
ეგეთ წერილებს კიდევ ბევრს ვნახავთ, ეგეთ ამბებს კიდევ ბევრს გავიგებ, მაგრამ არა მგონია, სადმე, დედამიწის ზურგზე, ოკუპირებული ქვეყნის მინისტრი ოკუპანტი ქვეყნის პასპორტს რომ დაკანკალებდეს. ჩემი აზრით, ვაშაძე არის უდიდესი ბრიყვი და ლოქოსთან ბოდიში მომიხდია. იმ კერძში, ლოქო ქინძმარში, გრიგოლ ვაშაძე ერთ-ერთი აუცილებელი ინგრედიენტია, მაგრამ იგი არც ლოქოა და არც ძმარი.
თუ რუსეთის დაზვერვაში სულ ეგეთი ქინძები არიან, კარგად ყოფილა მაგათი საქმე!!! ეგენი გვებრძვიან?!
"თამბაქოსთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა" - ასეთი თავზარდამცემი ნიუსი გავრცელდა გასულ კვირას. ჯანდაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი ან რომელიმე ეგეთი კვერცხი რომ იყოს, ნიუსი სულაც არ იქნებოდა თავზარდამცემი, მაგრამ სერგეენკო სხვა თემაა, სერგეენკო სერიოზული მოწინააღმდეგეა. რა ვქნა, შიმშილობა გამოვაცხადო (ბავშვს ბატონები აქვს, არ ვსვამ და ბარემ კვებასაც შევწყვეტ)... თუ სერგეენკოს კარი ავუჭედო და ამით მთელ მწეველ საქართველოს მაგალითი მივცე? ეგ რომ ვქნა, იტყვიან ენჯეოშნიკიაო და ასეთ შეურაცხყოფას ისევ მოწევისთვის თავის დანებება სჯობდეს. გამიჩინეს საფიქრალი. ენჯეოშნიკისა და უსაქმურის დაძახებას არავის ვაპატიებ და არც მოწევას შევეშვები. რაღაცას მოვიფიქრებ.
ისევ დავარტყი ღრმა ანუ გლუბოკი ნაფაზი - როგორც ჩვენში იტყვიან, და ისევ გამიჩნდა განცდა, რომ ამოვიოხრე. რა გინდა, ქნა? ვის უნდა ენდო - პოლიციელებსა თუ უფლებადამცველებს? მე პოლიციელებს არ ვენდობი, უფლებადამცველებს კი ვინ ენდობა, მე რომ ვენდო? მესამე გზაა, გავერიდო ყველაფერს და გავხდე განდეგილი ანუ თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ - მარგინალი. მოვშორდები ამა სოფლის ჭრელ ამაოებას ანუ ეკლექტურ რეალობას და ვიქნები ასე... არჩევანის ანუ დილემის წინაშე ვდგავარ.
"შსს აქცენტს აკეთებს მხოლოდ საია-ს მძღოლის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაზე და არაფერს ამბობს უწყების მაღალჩინოსნის ქმედებაზე. მე ვესაუბრე ჩვენი ორგანიზაციის მძღოლს და როგორც მან განაცხადა, გუშინ ნამდვილად დალია მშობლის დაბადების დღეზე, თუმცა აღნიშნა, რომ დღეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. სულ რომ ნასვამი ყოფილიყო, ერთია მის მიერ ჩადენილი ეს დანაშაული და მეორეა თელიას ქმედება. მათი საქციელი თანაზომადი ნამდვილად არაა, ამიტომაც მოვუწოდებთ შსს-ს, მისი სისტემის მაღალჩინოსნის ქმედებითაც დაინტერესდეს და გამოძიება ობიექტურად აწარმოოს", - აღნიშნა საია-ს ხელმძღვანელმა, კახა კოჟორიძემ" - ეს იყო ნაწყვეტი ერთ-ერთი, იმ მრავალრიცხოვანთაგანი ნიუსიდან, რომელიც ეხებოდა საია-ს გადამწყვეტ ბრძოლას სამართლიანობისთვის.
"ბოლოს ხელი მიჯიკა და რომ გაიარა ორი სამი ნაბიჯი, მობრუნდა და სიგარეტის ნამწვი მესროლა. შემდეგ პოლიცია მოვიდა. მე არ ვიცოდი, საერთოდ, ვინ იყო", - აღნიშნა როინ ფარტენაძემ. როგორც ფარტენაძე აცხადებს, ალკოჰოლი დღეს არ მიუღია და ექსპერტიზაზე შემოწმდება. "ნასვამი არ ვარ, ახლა მივდივარ ექსპერტიზაზე. გუშინ დავლიე, დაახლოებით 02:00 საათამდე ვსვამდი და ალბათ ამიტომ აჩვენა ალკოტესტმა", - აღნიშნა ფარტენაძემ" - ეს მეორე ნიუსიდან იყო.
მდააა... გასულ კვირაში, მობილურზე საუბრის გამო 10-ლარიანი ჯარიმა დამიწერეს. არადა, ნამდვილად არ ვსაუბრობდი. უბრალოდ, ტელეფონი ყურზე მქონდა მიდებული, მეორე ხელში სიგარეტი მეჭირა, გაწეული ლუკიდან ღრუბლებს ვათვალიერებდი, ერთი ფეხი გაზზე მედგა, მეორე ფეხი ტორპედოზე მქონდა შემოდებული. არ ვლაპარაკობდი, უბრალოდ - ვუსმენდი.
მაინც დამიწერეს ჯარიმა. უნდა მეჩხუბა, მერე - პოლიციელი ანთებულ სიგარეტს მესროდა, მე ვიქნებოდი მსხვერპლი, მაგრამ იმასაც იტყოდნენ, უსაქმური ენჯეოშნიკიაო. მერე, იქნებ პარლამენტშიც შემეღწია, მექნებოდა პრემია, ხელფასი, მანქანა, კაბინეტი, პაეზდკები...
და ჯიგრულად მოვწევდი სიგარეტს, ასე კი არა, გლუბოკი ნაპასს რომ დაარტყამ და რომ ხვდები, რომ მძიმედ, მძიმედ ამოიოხრე...
მაინც ასე მირჩევნია. წეღან ვიხუმრე. დღეს პირველი აპრილია.
დ.პ.ა. (დღეს პირველი აპრილია) 1992 წელს ამერიკის ეროვნულმა საჯარო რადიომ გადაცემაში "ხალხის საუბარი" გამოაცხადა, რომ რიჩარდ ნიქსონი კვლავ აპირებდა საპრეზიდენტო კანდიდატურად საკუთარი თავის წამოყენებას. მისი კამპანიის ახალი სლოგანი უნდა ყოფილიყო "მე არაფერი დამიშავებია და არც მომავალში დავაშავებ". ამ განცხადებას მოყვა აუდიოჩანაწერი, სადაც ნიქსონი საპრეზიდენტო სიტყვით გამოდიოდა. მსმენელებმა სხვადასხვაგვარად მიიღეს ეს სიახლე. მათი უმრავლესობა რადიოს პირდაპირ ეთერში აღშფოთებისა და შოკის გამოსახატად რეკავდა. წამყვანმა ჯონ ჰოკენბერიმ კი შოუს მხოლოდ მეორე ნაწილში აღიარა, რომ ყველაფერი ხუმრობა იყო. რიჩარდ ნიქსონის ხმის პაროდიას კი კომიკოსი რიჩ ლითლი აკეთებდა.
(კორესპონდენტის უბის წიგნაკიდან)