„ფანტომასი“ კახურად

„ფანტომასი“ კახურად

ხვალ პირველი აპრილია, ანუ დღე, როდესაც მთელი მსოფლიო ერთმანეთის „მოტყუებას“ ცდილობს. ამ თარიღისთვის მას-მედიის საშუალებები ყოველთვის განსაკუთრებით ემზადებიან. თითოეული გაზეთი, ტელევიზია, ვებ-გვერდი თუ რადიო ისეთ „ორიგინალურ“ ინფორმაციას ამზადებს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ამ „შეჯიბრში“ მას-მედიის ის წარმომადგენელი იმარჯვებს, რომელიც ხალხს უფრო დამაჯერებელ ტყუილს შესთავაზებს.

ქართველი ხელოვანები არაორდინალურ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილან. ეს სიტუაციები ხშირად ისეთი ორიგინალურია, რომ საპირველაპრილო „გათამაშებებს“ არ ჩამოუვარდებიან.

დღევანდელ წერილში ჩვენი მსახიობების თავს გადამხდარ რამდენიმე უცნაურ ისტორიას გაგაცნობთ.

წინა საუკუნის 70-იან წლებში ფრანგული სურათი „ფანტომასი“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენდა. ძველი თაობის წარმომადგენლები ალბათ ერთ საბჭოთა კომედიასაც -  „ანისკინი და ფანტომასი“ გაიხსენებენ.

ერთხელ თბილისის პანტომიმის თეატრის მსახიობებს კახეთში სახალისო ისტორია გადახდათ და იმ „ინციდენტის“ მთავარი დამნაშავე ფრანგი „სუპერმენი“ გახლდათ.

გოგი ოსეფაშვილი, პანტომიმის თატრის მსახიობი: „პანტომიმის თეატრი 1969 წლიდან არსებობს და მეც იმ დროიდან ვარ იქ. ხშირად გვიწევდა გასვლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. კომუნისტების დროს რაიკომის მდივნები ავრცელებდნენ ბილეთებს და დარბაზი ყოველთვის სავსე გვხვდებოდა.

ერთხელაც, კახეთის ერთ-ერთ რაიონში უნდა ჩავიდეთ. რაიკომის მდივანს დაუბარებია თანამშრომლები და საზეიმოდ უცხადებს:

- ჩვენთან ჩამოდის ფანტომასის თეატრი და ბილეთები უნდა გავავრცელოთ.

ფანტომასის თეატრიო და, იმისთანა ტაციაობა დაწყებულა ბილეთებზე, ერთმანეთს ხელიდან გლეჯდნენ. ჩავდივართ, დარბაზი ისეა გაძეძგილი, ნემსი არ ჩავარდება. სიხარულით მეცხრე ცაზე ვართ, ორჯერ მეტი ხალხი მოვიდა ჩვენს სანახავად, ვიდრე ბილეთები დავტოვეთ, თან ძალით მოყვანილებს არ ჰგვანან. ერთი სული აქვთ, წარმოდგენა როდის დაიწყება.

სხედან და უყურებენ სპექტაკლს, სადაც არავინ ხმას არ იღებს და მარტო მოძრაობებია მუსიკის თანხლებით. თვალი გავაპარე ლოჟისკენ, სადაც რაიკომის მდივანი იჯდა, მკვდრის ფერი ადევს!

დამთავრდა წარმოდგენა და ჩაფიქრებული გვიახლოვდება.

- ეს რა დღეში ჩამაგდეთ, ხალხს თვალებში როგორ შევხედო! ეს რა გამიკეთეთ, მთელი ორი საათი, მეც და დარბაზიც თავმოტვლეპილი კაცის გამოჩენას ვუცდიდით...“

ერთხელ საქართველოში ცნობილი რუსი მსახიობი და მომღერალი მიხეილ ბოიარსკი იმყოფებოდა. მას ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ მანქანიდან ტანსაცმელი მოპარეს, ტყავის ქურთუკი და სხვა ნივთები. ამ შემთხვევას ფეხბურთელი, მოგვიანებით კი თეატრალური მოღვაწე მიხეილ ჯოჯუა შემდეგნაირად იხსენებდა:

„მაშინ რუსთავში გაიმართა კონცერტი და ბოიარსკი გაქურდეს. შემდეგ მე ვუყიდე მას ახალი ტყავის ქურთუკი. რა ვქნათ, ხდება ხოლმე ასეთი ამბები. ბოიარსკის კი არა, ერთხელ სენაკის თეატრის კულისებში ვერიკო ანჯაფარიძეს საათი მოპარეს. მილიციის უფროსი და რაიკომის მდივანი ებრაელების სოფელში - კულაშში წავიდნენ, იქ მისცეს სწორედ ისეთი საათის შეკვეთა, იყიდეს. შემდეგ ის საათი ვერიკოს ფანჯრიდან შეუგდეს - ზაფხული იყო, ვერიკოს ეძინა, ფანჯარა ღია ჰქონდა. ნახა, გაოცდა - ზუსტად ისეთივე საათიაო, თქვა.“

ალბათ გახსოვთ საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი გახმაურებული კინოსურათი „კანონიერი ქურდები“. ამ ფილმში ქართველი მსახიობი გია ლეჟავა ქურდი რამზესის როლს ასრულებდა. ბევრმა არ იცის და ბატონ გიას თავდაპირველად თურმე სომეხი აშოტას როლი უნდა ეთამაშა. ალბათ უმჯობესი იქნება თუ ამ ისტორიას თავად გია ლეჟავა მოგვიყვება.

„რუსულ მხატვრულ სურათში „კანონიერი ქურდები“ გაფტთან მაქვს სცენები, რომელიც ბოლოს კლავს ჩემს გმირს. არსებობს ასეთი ქურდი - ლაკობა, რომლის პროტოტიპსაც გაფტი თამაშობდა. ნაწარმოების ავტორი აფხაზი მწერალი ფაზილ ისკანდერი იყო და სცენარში გამოყვანილი ჰყავდა ვინმე აშოტა - სომეხი, რომლის როლიც მე უნდა მეთამაშა.

მოდით, ეროვნებას ნუ დავაკონკრეტებთ-მეთქი, - ვუთხარი. სომხებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს და არ მინდა უარყოფითი სომხის როლი განვასახიერო-თქო. მაშინ ქართველი იყოსო. გავგიჟდი, სომხის როლის განსახიერება არ მინდა და ქართველს როგორ მთავაზობთ-მეთქი? მერე მე თვითონ მოვიგონე ეგვიპტელი ფარაონის სახელი - რამზესი... ქურდებს უყვართ „კლიჩკები“...“

ეს ისტორია კი ცნობილ ქართველ მსახიობ მამუკა კიკალეიშვილს უკავშირდება. მარჯანიშვილის თეატრი საგასტროლოდ კახეთში იმყოფებოდა. სიტყვას კვლავ ბატონ გოგი ოსეფაშვილს გადავცემ.

„მარჯანიშვილელებს ერთი კარგი მსახიობი ჰყავდათ, ვაჟა ფირცხალაიშვილი, რომელსაც ფოკუსები ჰქონდა პროგრამაში. ერთ-ერთი ფოკუსი იმაში მდგომარეობდა, რომ ბამბა უნდა ეჭამა და შემდეგ პირიდან ბოლი გამოეშვა და ცეცხლი ეფრქვია. მამუკა კიკალეიშვილს ბამბის ის ნაჭერი უნდა შეეტანა მისთვის სცენაზე, რომელშიც მუგუზალი იდო - სიგარეტის ანთებული თავი. ის ბამბაში ღვივდებოდა და მოდიოდა და მოდიოდა ბოლი.

კახეთში გვაქვს გამოსვლა. დაიწყო ფირცხალაიშვილმა ფოკუსი, უცებ მამუკა სიცილით მეუბნება:

- გოგი, ნახე ამას რა გავუკეთო.

კითხვაც ვეღარ მოვასწარი, რას აპირებდა. გავარდა სცენაზე და მარტო ბამბა არ მიაწოდა?! ამან არ იცის. ჩაიტენა ბამბა, ჰაერი ჩაისუნთქვა.

- ფუუ!

არაფერი ხდება! გადაირია კაცი, უფრო ღრმად ჩაისუნთქა.

- ფუუ!

არაფერი... კახელები გასუსულები მისჩერებიან. ფირცხალაიშვილმა იფიქრა, ეტყობა, მუგუზალი მიქრებაო და მიაყარა - ფუუ, ფუუ, ფუუ!

ერთმა კახელმა მის ტანჯვას ვეღარ გაუძლო და შესძახა:

- რას აკეთებ, ჯოუ, გასკდები.

მერე სხვა მაყურებელიც აჰყვა - ცოტა ნელა, რამე მარცხი არ მოგივიდეს!

მამუკა კიკალეიშვილი იცინის, ვეღარ ვაჩერებთ! სტვენით გამოაცილეს ვაჟა ფირცხალაიშვილი სცენიდან. ადამიანი ისეთ დღეშია, დანა პირს არ უხსნის.

- ეგ როგორ დაგემართა, კაცო, - პირველმა მამუკამ მიუსამძიმრა.

- ეტყობა, ნესტიანი ბამბა იყო, - ამოიოხრა.

- არადა, რამხელა მუგუზალი ჩავდე...

ფოკუსნიკი წამით ჩაფიქრდა და ბამბას ეცა შესამოწმებლად... მამუკამ, იმხელა წონის კაცმა, როგორ და სად მოახერხა ასე კარგად დამალვა, დღემდე არ ვიცი...“

დღევანდელი წერილის დასასრულს კი მართლაც რომ საპირველაპრილო „ისტორიას“ გაგაცნობთ. ეს ფაქტი თბილისის ფილარმონიაში ნამდვილად დაფიქსირდა და ჩემი მოგონილი არ გეგონოთ.

ბესო ბერულაშვილი, პაროდისტი: „ფილარმონიის დაცვის ბიჭებმა ვერ იცნეს და ამიტომ არ აუშვეს მაღლა საგანგებო საშვის გარეშე რამაზ ჩხიკვაძე და თემურ წიკლაური.

დავიწვი სირცხვილით, ხედავ, რა დრო დადგა-მეთქი? გავბრაზდი, რამაზ ჩხიკვაძეს ვერ სცნობენ და გეგეს და როსტიკას ავტოგრაფების ჩასაწერად დასდევენ...

ვთხოვე დაცვას - ჩემთან ეროსი მანჯგალაძე და სერგო ზაქარიაძე მოვლენ და დაუბრკოლებლად ამოუშვი-მეთქი. „არ არი ბაზარიო“, შემპირდნენ, დავიმახსოვრებთო, თქვეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც ჩაიწერეს გვარ-სახელები, რომ არ დავიწყებოდათ ან ვინმეში არ შეშლოდათ“.