„სამწუხაროდ, ამ ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლები სუს-ის მაღალჩინოსნებიდან იღებენ ინფორმაციას და ამას, შესაძლოა, გახარიას ჯგუფთანაც ჰქონდეს კავშირი“

„სამწუხაროდ, ამ ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლები სუს-ის მაღალჩინოსნებიდან იღებენ ინფორმაციას და ამას, შესაძლოა, გახარიას ჯგუფთანაც ჰქონდეს კავშირი“

უსაფრთხოების სამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსი აგენტები და დაქირავებული მებრძოლები საქართველოში შეცვლილი სახელებითა და გვარებით ცხოვრობენ. სუს სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ორგანიზაცია „ვაგნერის“ წევრი და გრუს ყოფილი ოფიცერი კირილ კრივკოვი საქართველოშია და შეცვლილი პასპორტით ბიზნეს საქმიანობას ეწევა. სუს ადასტურებს ინფორმაციას მხოლოდ იმაზე, რომ ეს პიროვნება სრულიად სხვა სახელით და გვარით 2019 წელს საქართველოში ტურისტად ცოლთან ერთად ნამდვილად იყო, თუმცა მას შედეგ ქვეყანაში აღარ შემოსულა, თუმცა რატომ არ მოხდა მისი დაკავება, ამაზე განმარტება არ გაკეთებულა. ამავე კონტექსტში გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს შესაძლო მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ასევე შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყვნენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ ან სხვა გასამხედროებულ დანაყოფებთან, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.

„ცალსახად ვაცხადებთ, რომ დასახელებული პირების აბსოლუტური უმრავლესობა დაკავშირებულია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან და ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებიან“,-აცხადებენ სუს-ში.

ქართულ მედიაში კი ამტკიცებენ, რომ „ვაგნერის“ წევრები და გრუს ყოფილი ოფიცერი საქართველოშია. შეცვლილი სახელითა და გვარით კირილ კრივკო საქართველოში ცხოვრობს და ბიზნესითაა დაკავებული. მანამდე ის დონბასსა და სირიაში კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცების სტატუსით იბრძოდა. მუშაობდა რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის. „ვაგნერი“ კრემლთან პირდაპირაა გადაჯაჭვული, მის დაიქრავებულ მებრძლებს პუტინის პირად არმიასაც უწოდებენ, რადგან ისინი იბრძვიან ყველაზე ბინძურ ომებში, და კლავენ იქ, სადაც კრემლი რუსული არმიის შეყვანას ვერ ახერხებს.

სოციალური ქსელებში აქტივობების მიხედვით, კრივკო საქართველოში 2019 წელს ცოლთან ერთად იმყოფებოდა. კომპანია „სამშენებლო სერვისი საქართველო“ მას თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე აქვს რეგისტრირებული.

„ვაგნერზე“ დასმული შეკითხვის პასუხად ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სირიაში მყოფი რუსეთის კერძო დაცვის კომპანიების თანამშრომლები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებენ, არამედ დაკავებული არიან „სახალხო-სამეურნეო საკითხებით“. 2021 წლის მარტში „ვაგნერს“ უჩივლეს სირიაში ჩადენილი წამებისა და მკვლელობებისთვის.

სუს-ის განმარტება

„საქართველოში არ იმყოფება კერძო სამხედრო კომპანიასთან დაკავშირებული რუსეთის მოქალაქე პირი და ბოლო წლების განმავლობაში მისი გადაადგილება საზღვარზე არ ფიქსირდება. ასევე, კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, ან ნებისმიერი სახით საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საქართველოში არ ფუნქციონირებს და მსგავსი საქმიანობა აყვანილია კონტროლზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ.

ამავე კონტექსტში გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს შესაძლო მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ასევე შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყვნენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ ან სხვა გასამხედროებულ დანაყოფებთან, ცალსახად ვაცხადებთ, რომ დასახელებული პირების აბსოლუტური უმრავლესობა დაკავშირებულია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან და ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებიან“, - ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი საბედაშვილი.

 ის ასევე აღნიშნავს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები არა მხოლოდ საქართველოში, ბევრ სხვა ქვეყანაშიც ახერხებენ შესვლას. საბედაშვილი ირწმუნება, რომ კრივკო, რომელიც ინდეტიფიცირებულია სუს-ის მიერ, საქართველოში შემოსვლას ვეღარ მოახერხებს.

„2019 წელს აღნიშნულ პირთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ინფორმაცია და აღნიშნულმა პირმა დატოვა ტერიტორია. ცალსახად ვაცხადებთ, რომ მის სახელთან დაკავშირებული კომპანია საქართველოში არ ფუნქციონირებს. მას არ აქვს საგადასახადო ანგარიშსწორება საქართველოს ბიუჯეტთან, არ აქვს ოფიციალური მისამართი, არ ჰყავს თანამშრომლები, შესაბამისად, ყველა ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. მსგავსი დეზინფორმაცია, სამწუხაროდ, მოსახლეობაში იწვევს დაუცველობის განცდას, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიოფო უსაფრთხოების სამსახური ვერ აიდენტიფიცირებს პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

რას აცხადებენ ანალიტიკოსები ორგანიზაცია „ვაგნერის“ შესახებ და რატომ არ დააკავა მისი წევრი სუს-მა?

ისმება კითხვა, რატომ არ მოხდა ორგანიზაცია „ვაგნერის“ დაჯგუფების წევრის კრილივ კრივკოვის დაკავება, თუ ის 2019 წელს საქართველოში რეალურად იმყოფებოდა და ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურს ინფორმცია ჰქონდა? უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ბესიკ ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ინფორმაციების მედიაში გაჟონვა კონკრეტული პირების ინტერესების შედეგად ხდება, რომელთა ინტერესებშიც არა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, არამედ პირადი პოლიტიკური ინტერესები დგას. ალადაშვილი ამბობს, რომ მედიაში ამ თემაზე ასე ზერელედ საუბარი ქვეყნისთვის ზიანის მომტანია, რადგან ანალიზის და ფაქტების წარმოდგენის გარეშე რთულია საუბარი ეს ადამიანი საქართველოში რელურად რატომ იმყოფებოდა და უსაფრთხოების სამსახური მასზე რა ინფორმაციას ფლობდა. თუ კი უკრაინული წყაროდან უწყებამ ინფორმაცია მიიღო, მაშინ გარკვეულ რეაგირებას მოახდენდა და ამის აფიშირებას საჯაროდ ვერ მოახდენს.

„დავსვათ კითხვა - ამ პიროვნების დაკავება, თუ ის 2019 წელს საქართველოში, როგორც რუსი ტურისტი ისე იმყოფებოდა, რის საფუძველზე უნდა მომხდარიყო? ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო ვართ და თუ კონკრეტულად საქათველოს სახელმწიფოს კანონის დარღვევა არ მოხდა და ამ პიროვნებას ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები არასდროს გადაულახავს, მაშინ სახელით და გვარით შეცვლილი ადამიანი, რომელიც არაფერს აშავებს, რატომ უნდა დააკავონ? არსებობს მეორე საკითხიც. კი ბატონო, ვიცით ორგანიზაცია „ვაგნერი“ რასაც წარმოადგენს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით ეს ორგანიზაცია არც აკრძალულია და არც მისი წევრობა საქართველოში არ იკრძალება. ასევე, თუ ეს პიროვნება არც ერთი ქვეყნის მიერ არ იძებნება, არ ხდება ინტერპოლით დევნა, მაშინ ადამიანს რაზე ვაკავებთ? ასევე როგორ უნდა მოვახდინოთ იდენტიფიცირება, რომ ის ამ ორგანიზაციის წევრია? ეს არის კარგად გასაიდუმლოებული დაჯგუფება, რომლის წევრებზეც ინფორმაცია რუსეთმა უნდა მოგვაწოდოს.

ჯაშუშობდა და სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა? კი ბატონო, მერე? - ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა რა ქნა და როგორ მოხდა ამ პირის გაუვნებელყოფა, ვიცით? - არ ვიცით, რადგან ეს არის სახელწმიფო საიდუმლოება და ამაზე თუ პრესაში და ტელევიზიაში ვილაპარაკეთ, რაღა უსაფრთხოების სამსახური გამოვა? გვახსოვს, ალბათ, სააკაშვილის დროს ე.წ. ჯაშუშების გამოვლენა, რომელიც მხოლოდ ფარსი და კარგად დადგმული სცენარი იყო. ამის უკან კი რეალური ჯაშუშების შენიღბვა, გადამალვა და მათი ოპერაციების შესრულება ხდებოდა. რომ გაიძახიან ერთი ჯაშუშის დაკავება არ მომხდარა, ჯერ ერთი, რა იციან და მეორეც, პრიორიტეტი მისი გამოვლენა და საქმიანობის დადგენაა. მედიით ფილმები კი არ უნდა იდგმებოდეს და სანახაობას ვქმნიდეთ“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.

რაც შეეხება იმ ფაქტს უკავშირდება თუ არა ეს წინასაარჩევნოდ ხელისუფლების და უსაფრთხოების სამსახურის გაშავების პიარკამპანიას, ალადაშვილი ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, მსგავსი ინფორმაცია ასე უცბად არ ჩნდება და მას ყოველთვის კონკრეტული მიზანი აქვს.

„სამწუხაროდ, ამ ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს სუს-ის მაღალჩინოსნებთან და გავლენიან ფიგურებთან კომუნიკაცია აქვთ. ფაქტია, რომ ისინი პერიოდულად მსგავსი სახის ინფორმაციას იღებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავად უსაფრთხოების სამსახურში გარკვეული დინებებია, საიდანაც ინფორმაცია პერიოდულად ჟონავს. ამას, ასევე, შესაძლოა, გიორგი გახარიას მომხრეების ჯგუფთანაც ჰქონდეს კავშირი. ვიცით, რომ ექსპრემიერს ძალოვან სტრუქტურებში საკმაოდ კარგი გავლენები აქვს. ამიტომ წინასაარჩევნოდ მსგავსი ინფორმაციის გამოტანა ოპოზიციისთვის ძალიანაც ხელსაყრელია. სამწუხარო ის არის, რომ ასეთ დროს ქვეყანა და სახელმწიფოს ინტერესები ზიანდება“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძეც ფიქრობს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლის საქართველოში ყოფნის თემა წინასაარჩევნოდ მედიაში კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის გავრცელებული. არეშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ეს არ არის მედიის მიერ გამოძიებული და მოპოვებული მასალა. ამ პიროვნების შესახებ შესაძლოა მათ ინფორმაცია მიიღეს თავად უსაფრთხოების სამსახურიდან, რაც ახალი ამბავი არ არის. ან კიდევ მიიღეს უკრაინული წყაროებიდან, რადგან ორგანიზაცია „ვაგნერში“ არა ერთი უკრაინის მოქალაქე ირიცხება. შესაძლოა, კირილ კრივკოვის იდენტიფიცირება მათ მოახერხეს. თუმცა ანალიტიკოსი სვამს კითხვას, რატომ უნდა დაეკავებინა საქართველოს სპეცსამსახურებს სრულიად სხვა სახელით და გვარით შემოსული ტურისტი, თუკი მასზე ძებნა არ იყო გამოცხადებული ან კიდევ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არაკანონიერ საქმიანობას არ ეწეოდა?

„რატომ ვსაუბრობთ მტკიცებულებით ფორმაში იმაზე, თითქოს ამ ადამიანის შესახებ უასფრთხოების სამსახურმა რამე იცოდა და არაფერი მოიმოქმედა? ან საიდან ვიცით, რომ არ მოიმოქმედა? ანუ ამაზე მედიით ღიად უნდა ისაუბრონ? ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის ანგაჟირებული და უპასუხისმგებლო ოპოზიცია საკუთარი ინტერესების გატარების მიზნით ყველაფერზე ილაპარაკებს? იქნებ ამ ადამიანზე ოპერატიული მუშაობა მიდიოდა და გარკვეული ინფორმაცია არსებობს. სუს-მა ამაზე ტელევიზორში უნდა ილაპარაკოს? მეორეც, ეს ორგანიზაცია ჩვენს ქვეყანაში აკრძალული არ არის და არც მისი წევრები არ იძებნებიან. მსგავსი ორგანიზაციები ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც არსებობს, ხოლო მათი წევრების ვინაობა გასაიდუმლოებულია.

როგორ უნდა მოხდეს იდენტიფიცირება, თუკი კონკრეტული დანაშაულებისთვის არ იძებნება? ამ ამბის ირგვლივ ბევრი კითხვები არსებობს, ამიტომ ასე ხელაღებით ამ საკითხზე საუბარი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. მე ვფიქრობ, მედიამ ეს ინფორმაცია შესაძლოა, რამდენიმე წყაროსგან მიიღო. პირველი რიგში, უკრაინულ წყაროს არ გამოვრიცხავ, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი „ვაგნერის“ რიგებში ირიცხებიან. ამიტომ იქიდან ვიღაცამ ამ ადამიანის იდენტიფიცირება მოახერხა. მეორე - თავად სუს-იდან ინფორმაციის გავრცელებას არ გამოვრიცხავ. ასევე დასავლურ წყაროებსაც შეეძლოთ ინფორმაცია მიეწოდებინათ. საქმე ისაა, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფების წვერების იდენტიფიცირება ამერიკის დაზვერვას უჭირს და ჩვენებს რომ გასჭირვებოდა, ეს გასაკვირია?“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

trampi ეგენი მიშას დროინდელი ხალხია
3 წლის უკან