საქართველოში „კოვიდ19“-ის გავრცელებიდან დღემდე, ყველაზე მეტი ინფიცირებულის და გარდაცვლილის ციფრი ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ფიქსირდება. კოვიდინიფიცირების რაოდენობამ ორსულებშიც იმატა. სამწუხაროდ, ამ „ბიოლოგიურმა ომმა“ 13 ორსული ქალბატონის სიცოცხლე შეიწირა.
როგორ მიმდინარეობს ორსულებში კოვიდინფიცირება, რა გართულებებს იწვევს აღნიშნული ვირუსი, როგორც დედაზე, ასევე ნაყოფზე, for.ge-ს ამ კითხვებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა პასუხობს.
ალექსანდრე გოგინავა: სტატისტიკური მონაცემებით, სამწუხაროდ, ორსულებში „დელტა“ შტამი მძიმედ მიმდინარეობს. კერძოდ, სიმძიმე მდგომარეობს სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაზიანებაში. მოგეხსენებათ, კორონავირუსის სამიზნე ძირითადად ფილტვები წარმოადგენს. ამიტომ, ორსულებში მძიმე მიმდინარეობის დროს აღინიშნება ფილტვების დაზიანება, რასაც შემდეგ ჟანგბადის დეფიციტამდე მივყავართ, რომელიც იზრდება ჰაერის უკმარისობაში. ამის შემდეგ ადამიანს ესაჭიროება უკვე სხვადასხვა ჩარევები. ასე რომ, ორსულებში კოვიდინფიცირება რთულად სამართავია, რადგან ისედაც ორსულობის დროს ყველა მედიკამენტის გამოყენება მიზანშეწონილი არაა და ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის პრევენცია მოხდეს. პრევენციის ყველაზე კარგი საშუალებას კი წარმოადგენს ვაქცინა, რომელიც ორსულებისთვის უსაფრთხოა. ამით დაიცავენ, როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობასაც.
ვიდრე ორსულების აცრაზე გკითხავთ, საინტერესოა ნაყოფზე რამდენად გადადის კოვიდინფიცირება და იმ შემთხვევაში, თუ მუცელში ნაყოფიც დაინფიცირდა, რა პრობლემებს იწვევს?
- ორსულობის პერიოდში კოვიდით ნაყოფის დაზიანების მაჩვენებელი მაღალი არ არის. თუმცა, იმ ორსულებში, ვისთანაც მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფიცირება, ვისაც ჟანგბადის უკმარისობა და პნევმონია აქვს, შესაძლოა, ნაყოფზე გავლენა მოახდინოს. ამით რისი თქმა მინდა - თავად ვირუსის ნაყოფზე გადადება მთავარი პრობლემა არ არის, მთავარი პრობლემაა, როდესაც დაავადება მძიმედ მიმდინარეობდა და ძირითადად ფილტვებია დაზიანეული, შესაბამისად ჟანგბადის მომარაგება კარგად არ ხდება. აქედან გამომდინარე, ნაყოფსაც ჟანგბადი კარგად არ მიეწოდება, რომელიც ნაყოფის განვითარებისთვის უმთავრესია. ამიტომ, ამან შეიძლება ძალიან ცუდი გავლენა მოახდინოს, როგორც ორსულზე, ასევე ნაყოფზეც.
კოვიდინფიცირებამ შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს?
- ზოგადად, როდესაც ორსულს კოვიდი აქვს, მთავარია რომელ ტრიმესტრში იმყოფება და თუ შესაძლებელია, ნაადრევი მშობიარობა უნდა მოხდეს. ეს წყდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე.
გვესაუბრეთ ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში რა გართულებები შეიძლება კოვიდმა გამოიწვიოს, დაბადების შემდეგ შეიძლება რაიმე გართულებებმა იჩინოს თავი?
- არის შემთხვევები, როდესაც ახალდაბადებულ ჩვილს კოვიდი აქვს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ინფიცირების მიმდინარეობა აგრესიული არ არის-ხოლმე. როდესაც კოვიდინფიცირებული ორსული აჩენს ბავშვს, ის ჩვილი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს. ახალდაბადებულ ჩვილებში „კოვიდ19“-ის მძიმედ მიმდინარეობა იშვიათად ფიქსირდება.
ორსულების აცრას რომ დავუბრუნდეთ, მხოლოდ „ფაიზერით“ არის შესაძლებელი და რა ეტაპზეა რეკომენდირებული ორსულის აცრა?
- აცრასთან დაკავშირებით ორსულების მომართვიანობა ნელ-ნელა იზრდება და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მოიმატებს. ორსულებისთვის „ფაიზერია“ უსაფრთხო. მეორე-მესამე ტრიმესტრიდან ვაქცინაცია შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ორსული აუცილებლად გინეკოლიგის მონიტორინგის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, ასევე, თუ საჭიროა, შესაბამისი კვლევებიც უნდა ჩაუტარდეს. ამის შემდეგ, თავისუფლად შეუძლიათ ვაქცინაციის ცენტრებს მიმართონ. ამ ეტაპზე ვაქცინაცია ერთადერთი დაცვის საშუალებაა.
კოვიდინფიცირებული ორსულების რაოდენობა დღეის მდგომარეობით დაახლოებით რამდენია?
- ზუსტ მონაცემებს ვერ გეტყვით, თუმცა ორსულებში კოვიდინფიცირების შემთხვევები საკმაოდ მომატებულია. შესაბამისად, კლინიკებში მიმართვიანობაც მაღალია.