კევინ სპეისი ამერიკული ფილმის გადაღებაზე გამოჩნდა, პირველად, მას შემდეგ რაც მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.
მსახიობი ჰოლივუდიდან ბრალდების გამო 2017 წელს გააძევეს. ახლა კი ის მუშაობს ახალ ფილმზე,სახელად Peter Five Eight. ფილმის გადაღებები კალიფორნიაში მიმდინარეობს. სპეისი პაპარაცებმა გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს.
სპეისიმ სკანდალის შემდგომ პირველი ფილმი სახელად L'uomo che disegno Dio მალევე დაგეგმა, თუმცა მის გადასაღებად მსახიობს იტალიაში წასვლა მოუხდა.
2019 წლის ივლისში მასაჩუსეტსტის შტატის პროკურატურამ მსახიობ კევინ სპეისის ბრალდება მოუხსნა - მას ტელეწამყვან ჰეზერ ანრუს 18 წლის შვილის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.
2017 წლის 30 ოქტომბერს, მსახიობმა ენტონი რაპმა სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სპეისიმ განაცხადა, რომ ფაქტი არ ახსოვს, მაგრამ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია.
ამ ამბიდან მალევე, კომპანია Netflix-მა სერიალ „ბანქოს სახლის“ ბოლო, მე-6 სეზონის გადაღება შეაჩერა. ამერიკულმა სატელევიზიო პრემია Emmy Award-მა კი გადაწყვიტა, რომ კევინ სპეისის, კინოინდუსტრიაში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის „2017 წლის საპატიო ემი“ აღარ გადაეცა. 2019 წლის ივლისში სპეისის სექსუალური შევიწროების ბრალდება მოუხსნეს.