დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებული კვლევის დეტალებს ასაჯაროებს, რომლის თანახმადაც ზუგდიდში, ოპოზიციის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ლიდერობს.
"მინდა წარმოგიდგინოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რასაც არ ვაპირებდით, მაგრამ უკვე იძულებული გაგვხადა ხელისუფლებამ, რადგან ის ატყუებს მოქალაქეებს მის მიერ გაკეთებული განცხადებებით. ბატონ ანზორ მელიას, ერთიანი ოპოზიციის კანდიდატს, აქვს ყველაზე დიდი მხარდაჭერა ზუგდიდში. სწორედ ამიტომ არიან დღეს შეშინებულები და გაბოროტებულები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები“, - განაცხადა კორძაიამ.
მისივე თქმით, ზუგდიდში ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის საერთო კანდიდატ ანზორ მელიას 39%-იანი მხარდაჭერა აქვს, „ოცნების" კანდიდატს მამუკა წოწერიას - 32%, პარტია „საქართველოსთვის" კანდიდატს კი მხარს გამოკითხულთა 21% უჭერს. სხვა კანდიდატები კი - 8%.
ამასთან, თამარ კორძაიამ „ქართული ოცნება“ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ხელისუფლება ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, ანზორ მელიას ერთგვარ „შავ პიარს“ ეწევა.
როგორც კორძაიამ აღნიშნა, ხელისუფლება ზუგდიდში, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს აგებს და მისივე შეფასებით, სწორედ ამით აიხსნება „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებიც.
„გვინდა გამოვეხმაუროთ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი გუნდის წევრების შეშინებულ განცხადებებს ზუგდიდში ოპოზიციის, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მიმართ. ისევე, როგორც „ქართული ოცნება,“ „ნაციონალური მოძრაობაც“ ატარებს შიდა პარტიულ კვლევებს და არ აპირებდა ის ამ შედეგების გამოქვეყნებსა და გავრცელებას, თუმცა, პასუხი უნდა გაეცეს აუცილებლად იმ აღვირახსნილ კამპანიას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწევა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ და განსაკუთრებით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ.
სიტყვები, რომლითაც ისინი აფასებენ ბატონი ანზორ მელიას პოლიტიკურ ბრძოლაში შემოსვლას, არის ნამდვილად უღირსი, იმიტომ რომ, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ პოლიტიკური, მორალური მხარდაჭერა შვილის და ამავე დროს ოპოზიციურად განწყობილი საქართველოს მოქალაქეების, ნეპოტისტურად დანიშნული ნათესავებისგან, ბიძაშვილებისგან, დებისგან, ძმებისგან, შვილებისგან და ა.შ. ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს ამ სხვაობას, ვინ ვის ეფარება ცხოვრებაში და ყველას მინდა შევახსენო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და არცერთი ოპოზიციური პარტია, არ ნიშნავს კომისიებში საკუთარ დებს, ძმებს, შვილებს და არ აპირებს და ვერც იზამს ამ პირობებში, როდესაც არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია“, - განაცხადა კორძაიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, კვლევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, გამოიკითხა 600 ადამიანი. საველე სამუშაოები 2021 წლის 15-22 აგვისტოს ჩატარდა. დასაშვები ცდომილება 3%-ის ფარგლებშია.