კანიე უესტი სახელს იცვლის

კანიე უესტი სახელს იცვლის

კანიე უესტს სურს, რომ იე ერქვას. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Reporter-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, უესტმა ლეგალურად სახელის შეცვლისთვის სასამართლოში დოკუმენტები სამშაბათს შეიტანა.

ლოს-ანჯელესის სასამართლოს ინფორმაციით, 44 წლის მომღერალს თავისი სახელის, კანიე ომარი უესტის მოშორება და გვარის გარეშე, შემოკლებული სახელის, იეს დარქმევა სურს.

სასამართლოში შეტანილი დოკუმენტები 11 აგვისტოთი თარიღდება, მაგრამ პირადი მიზეზების გამო დოკუმენტები სასამართლოში სამშაბათამდე არ გაგზავნილა.

სახელის ოფიციალურად შეცვლისთვის ლოს-ანჯელესში მოსამართლის თანხმობაა საჭირო.

უესტმა, რომელიც საკუთარ თავს სოციალურ ქსელებში იედ უკვე წლებია მოიხსენიებს, სახელის შეცვლის სურვილის შესახებ პირველად 2018 წელს დატვიტა: „ფორმალურად კანიე უესტად ვარ ცნობილი. მე იე ვარ“.

ამავე სახელწოდებით 2018 წელს მან მუსიკალური ალბომიც გამოუშვა. როგორც უესტმა ინტერვიუში აღნიშნა, მას მოსწონს თავისი სახელის შემოკლებული ვერსია, რადგან ის ბიბლიაშიც არის გამოყენებული.

უესტი ამჟამად კიმ კარდაშიანთან განქორწინების პროცესშია. მან ყოფილ მეუღლეს გვარის კარდაშიანზე დაბრუნება არ მოსთხოვა. მის გვარს წყვილის ოთხი შვილიც ატარებს.