აშშ-ის ყველაზე მაღალი მოქალაქე გარდაიცვალა

აშშ-ის ყველაზე მაღალი მოქალაქე გარდაიცვალა

იგორ ვოვკოვინსკი, რომელიც 2010 წელს გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც აშშ-ის ყველაზე მაღალი მოქალაქე, გარდაიცვალა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვოვკოვინსკი 38 წლის იყო, მისი გარდაცვალების მიზეზად კი გულის დაავადება სახელდება. კაცის სიმაღლე 235 სანტიმეტრი იყო.

ვოვკოვინსკების ოჯახი აშშ-ში უკრაინიდან 1989 წელს, იგორის სამკურნალოდ ჩავიდა - ბიჭს სიმსივნე ჰქონდა. ვოვკოვინსკი პოპულარული ამერიკის 43-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ერთ-ერთ გამოსვლაზე დასწრების შემდეგ გახდა. ღონისძიებაზე მას ეცვა მაისური წარწერით „ობამას ყველაზე დიდი მხარდამჭერი მსოფლიოში“.

ვოვკოვინსკი „ევროვიზიაშიც“ მონაწილეობდა. 2013 წელს მან სცენაზე უკრაინის წარმომადგენელი, ზლატა ოგნევიჩი ხელში აყვანილი გაიტანა.

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანი წოდება კი თურქ ფერმერს, სულთან ქოსენს ეკუთვნის, რომლის სიმაღლეც 251 სანტიმეტრია.