ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით სუს-მა პანკისის ხეობის ორ სოფელში - დუისში და ქორეთში 5 პირი დააკავა. დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდნენ და სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდნენ.
გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს 5-მა მოქალაქემ ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი ე.წ. ბაიათი და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას.
გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში დაკავებულები, რომლებიც გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. გამოძების ინფორმაციით, ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს.
გამოძიების დაწყებისთანავე კომპლექსურად გატარდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები. როგორც ირკვევა, ჯგუფის ხელმძღვანელი იყო უსუფ ცათიაშვილი, რომელიც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხდებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერთა ჯგუფის ლიდერია და საქართველოში „ისლამურ სახელმწიფოს“ წარმოადგენს.
დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მათთვის ბრალდების შინაარსი უცნობია. პანკისი ხეობაში კი ბრალდებებს უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ დაკავებულები თურქეთში თხილის საკრეფად იყვნენ წასული. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაკავებულები რელიგიურები არიან და შესაბამისად, მათ ტერორისტულ ორგანიზაციასთან შეხება არ ექნებოდათ.
დაკავებული ჰამზატ ბაღაკაშვილის დედა აცხადებს, რომ ერთი თვის წინ დაკავებულ სამ პირს შორის დაპირისპირება მოხდა და სწორედ ამას უკავშირებს მისი შვილის დაკავებას. მისივე თქმით, სუს-ის შვიდი მანქანა მათ სოფელში დილის 07:00 საათზე მივიდა, რის შემდეგაც სამივე პირი თბილისში წაიყვანეს.
„მიზეზი არ უთქვამთ, დილის 7 საათი იყო, შემოვიდნენ მძინარე ბავშვები წამოაყენეს და წაიყვანეს. ერთი თვის წინ ეს ბავშვები ერთმანეთს შეეკამათნენ, მას შემდეგ არაფერი არ მომხდარა, არც ჩხუბი და არაფერი. ახლა რატომ წაიყვანეს, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს... მეზობლის ბავშვებს შორის მოხდა კამათი. ჩვენ ამას ვუკავშირებთ ამ ყველაფერს, სხვა არაფერი ჩვენს ბავშვებს არ დაუშავებიათ. მხოლოდ ჩხუბი იყო, იარაღი არ ყოფილა გამოყენებული, ტერორისტი არც ერთი არ არის. ასჯერ ვკითხეთ და თითოეულთან მივედით რატომ დააკავეს, არც ერთს პასუხი არ გაუცია. შვიდი მანქანა იქნებოდა, სუს-ის ფორმა ეცვათ. გაუფრთხილებლად წაიყვანეს პირდაპირ თბილისში, არც ადვოკატი, არც გაფრთხილება და არაფერი. ამჟამად სხვა ვერსია არ მაქვს თუ რას დავაბრალო, მეჩეთში მიდიოდნენ ლოცულობდნენ და მოდიოდნენ, განა ეს მიზეზია? ჩემი შვილი ჰამზატ ბაღაკაშვილი 19 წლისაა, თუ რამე სამუშაო გამოჩნდა, დღიურად მუშაობს ხოლმე“, - აღნიშნა დაკავებულის დედამ ლია ციხესაშვილმა.
სოფელ დუისში დაკავებული უსუფ ცათიაშვილის მამის განცხადებით კი, სუს-ის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მის შვილს დაკითხვაზე წაიყვანდნენ, რის შემდეგაც გამოუშვებდნენ. მისივე ინფორმაციით, სახლის ჩხრეკისას დაკავებულის მობილური ტელეფონი და მისი შვილების კუთვნილი კომპიუტერები წაიღეს.
„შემოვიდნენ, გამთენიისას წაიყვანეს, ვითომ დავკითხავთო და გამოვუშვებთო. ბრალდება ცნობილი არ არის. სახლი გაჩხრიკეს, ბავშვების კომპიუტერები და უსუფის ტელეფონი წაიღეს, ჩემმა შვილმა კომპიუტერის არაფერი არ იცის. ჩემი შვილი მშენებლობაზე მუშაობს, არანაირი ტერორიზმის საფუძველი არ არის, რაც გაიზარდა მას შემდეგ იარაღი არ მინახავს, მსგავსი რამ არ ყოფილა ამ სახლში“, - აღნიშნა უსუფ ცათიაშვილის მამამ.
პანკისის ხეობაში ჩტარებულ სპეცოპერაციას თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის განცხადებით, ადგილობივები წინასაარჩევნოდ დააკავეს და მერე მშობლებისგან მათ გათავისუფლების სანაცვლოდ ხმებს მოითხოვენ. როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მსგავსი ტიპის დაკავებას ხეობაში ყოველთვის ახორციელებს.
„ხელისუფლება დაშინებით, დაკავებებით და მოსყიდვით ცდილობს არჩევნებში ხმების მოპოვებას. დაკავებულიდან ორი ჩემი გვარისაა. ეს ყველაფერი არჩევნებზე არის გათვლილი, როგორც ყოველთვის ხდება ხეობაში. წინასაარჩევნოდ აკავებენ და მერე მშობლებისგან თითოეულის გათავისუფლებას არჩევნებში ხმების სანაცვლოდ ითხოვენ. ხელისუფლებას აწყობს და იციან, რომ ეს მეთოდი უნდა გამოიყენონ. სხვა გზა მათ არ აქვთ, ან დაშინებით ან მოსყიდვით, ან ბავშვების დაჭერით უნდა მოაგროვონ ხმები“, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რეალური დამარცხების ფონზე, რა პერსპეტქივა შეიძლება ჰქონდეს ერთ-ერთი ყველაზე უძლიერეს ტერორისტულ ორგანიზაციას, როგორ შეიძლება შეიცვალოს მისი გეგმები, მოქმედებები და მეთოდები, ამას ახლა სუს-ი იკვლევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინფორმაცია მწირია, „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ თუნდაც თურქეთში გამგზავრების ფაქტი არის მნიშვნელოვანი დეტალი, რადგან თურქეთიდან მათ სირიაში გადასვლას ბუნებრივია, რომ პანკისიდან ვერ გააკონტროლებს რიგითი მოქალაქე. ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს სპეცოპერაცია თურქეთისა და საქართველოს სპეცსამსახურების კოორდინირებული მუშაობის შედეგია.
„თუ ისინი თურქეთიდან გადავიდნენ სირიაში, ეს დადგინდება გამოძიების პროცესში. მაგრამ პრობლემა ის 5, ან 10 კაცი არ არის. დავაკვირდეთ, პანკისის ხეობიდან ისინი წავიდნენ სამუშაოს საძებნად თურქეთში. ანუ, იქაურ ახალგაზრდებს არ აქვთ დასაქმების საშუალება. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მარტივია მათი ჩაბმა ტერორისტულ ორგანიზაციებში, იგივე ანაზღაურების კუთხით, როცა ადამიანს სამუშაო არ აქვს. შეიძლება რელიგური კუთხითაც იყოს. გამოძიებამ უნდა აჩვენოს - ისინი ჩვეულებრივი მორწმუნენი იყვნენ, თუ იყვნენ ვაჰაბიზმის და რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფის წევრები. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.
მისი თქმით, ახლა „ისლამური სახელწმიფო“ მიძინებულია, მაგრამ თალიბანის გამარჯვების ფონზე, ეს მიძინებაც მოჩვენებითი და დროებითი მოვლენაა. ალადაშვილის შეფასებით, თუ საერთაშორისო ტერორიზმა თავისი მოქმედების არეალი გაიყო, ასეთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ერთობლივად დაიწყონ ბრძოლა მათი მტრების წინააღმდეგ.
„ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსებით კუთხით მათი გავლენა შესაძლებელია საქართველოზეც გადმოვიდეს, რაც არასასურველი მოვლენა იქნება. თემა ურთულესია. იქ არის რუსეთის ფაქტორი. გარე ფაქტორი ძალიან ძლიერად მოქმედებს - განსაკუთრებით ჩეჩნეთის და კადიროვის ფაქტორი. ამავე დროს, პანკისის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან რთულია ოპერატიული მუშაობა. პანკისის რაიონი არის იმდენად სპეციფიური, რომ ოდნავი შეცდომა და შეიძლება აფეთქება მოხდეს. ათწლეულები გადის და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეიძლო, რომ პანკისში მყარი დასაყრდენი ჰქონდეს ქართულ სახელმწიფოებრიობას. ანუ, სულ არ ვიყოთ ასეთი აიწონა-დაიწონას პოზიციაზე. გვახსოვს 2 წლის წინ საკამოდ სერიოზული დაპირისპირება. ამაზე მოქმედებს ზუსტად ის გარეშე ძალა და, რა თქმა უნდა, აქტიურობენ რუსეთის სპეცსამსხურები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვლმა.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, დავით კუხალაშვილის განცხადებით, თუკი სადაზვერვო საქმიანობის კუთხით განვიხილავთ, ზოგდად, უნდა ვიცოდეთ, რომ რელიგიური და ეთნიკური ნიშნების თანხვედრა ძალიან დიდ როლს თამაშობს ტერორიზმის ინსპირირებაში, მის გავრცობაში, გადაბირების პროცესში, რისი გამორიცხვა ამ ეტაპზე არ შეიძლება.
„მაქვს იმის რწმენა, რომ არსებობს ნივთიერი მტკიცებულებები, დაველოდოთ გარკვეულ დროს, ალბათ, გამოქვეყნდება გარკვეული ნივთიერი მტკიცებულებები და ამ შემთხვევაში რწმენის ხარსხი უფრო მაღალი იქნება. გამოვრიცხავ, რომ კონკრეტული ნივთიერი მტიცებულების გარეშე ასეთი სპეცოპერაცია ჩატარებულიყო. ის, რომ თხილის საკრეფად წავიდნენ, ეს არასოდეს არ გამორიცხავს იმას, რომ თხილის მოკრეფვამდე, ან თხილის მოკრეფის შემდეგ, ან საერთოდ მანამდე, სანამ საქართველოდან გავიდოდნენ, გარკვეული კავშირები ფიქსირდებოდა ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
ეს კავშირები შეიძლება იყო გარკვეული ინფორმაციული შეტყობინებები, ან გარკვეული შუამავლური მოღვაწეობა იარაღის რეალიზაციის, საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისათვის გადაბირების ორგანიზების კუთხით. შესაძლებელია, გარკვეული ხელშეწყობა იყო ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებულ გადაბირების პროცესზე, რომელიც საკამოდ ფართო მასშტაბით არის მსოფლიოში განვითარებული და რომელიც ემსახურება ე.წ. პატრიოტი მებრძოლების შეკრებას კონკრეტული რელიგიური ნიშნით და ძალიან ბევრ რაღაცაზე შეიძლება ვისაუბროთ“, - ამბობს დავით კუხალაშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, არ იცის რას გულისხმობდა მაჩალიკაშვილი, მაგრამ შესაძლებელია, ეს ე.წ. ტერორისტული კავშირები და ურთიერთობები გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებსაც კი ემსახურებოდა. ამ ჭრილში თუ შევხედავთ, მისი თქმით, შესაძლებელია, მაჩალიკაშვილი მართალი იყოს.
„არ ვფიქრობ, რომ ეს იყო ხელისუფლებიდან მართული ჯგუფი. ამ მიმართულებით თუ შევხედავთ, შეიძლება ეს ჯგუფი გარკვეული პოლიტიკური მიზნისთვისაც იყო მიმართული, ან შეიძლება მოემართათ მერე. ან ტერორისტულ ორგანიზაციებს, ან კონკრეტულ ორგანიზაციებს და კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს. არაფერს არ გამოვრიცხავ იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად, ძალიან ბევრი არის ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში პირები, პირთა ჯგუფები, პოლიტიკური და სხვადასხვა ა-ო, ასევე მასმედიის საშუალებები, რომელებიც ყოველდღიურად რეკლამირებას უწევენ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივ დამხობას.
ასე რომ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. შეიძლება თავიანთი მიზნის მისაღწევად გამოიყენონ ტერორისტული ორგანიზაცია. ზოგადად, სამხედრო გადატრიალების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, მასში აქტიურად მონაწილეობენ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე კონკრეტული მიმართულება ამ კუთხითაც გაღვივებას დაექვემდებაროს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.