მიჩიგანის შტატის მკვიდრმა, კრისტინ დიუვალმა ვაქცინირებულთათვის გამართულ ლატარიაში 2 მილიონი დოლარი მოიგო. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
კრისტინ დიუვალის განცხადებით, ჯეკპოტის თანხით ის „ოცნებების ასრულებას გეგმავს“ - თანხის ერთი ნაწილით შვილების სწავლის საფასურს გადაიხდის და სახლის რემონტს დაასრულებს, დანარჩენს კი ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურებს გადაურიცხავს.
მიჩიგანში ვაქცინირებულთა შორის ლატარია ივლისში წამოიწყეს, რათა ვაქცინაციაში მეტი ადამიანი ჩართულიყო. ყოველდღიურად ვაქცინირებულებს შორის 50 ათასი დოლარი თამაშდებოდა. გარდა ამისა, 12-17 წლის ასაკის 9 მოსწავლემ, რომლებმაც აცრა გაიკეთეს, 4-წლიანი სასწავლო სტიპენდიები მიიღო.
შტატის ხელისუფლების მონაცემებით, ლატარიაში 2,4 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, სტიპენდიების მოსაგებად კი 106 ათასი სკოლის მოსწავლე იბრძოდა.