კეი-პოპ მუსიკალური ჯგუფი BTS-ი მსოფლიოში კოვიდ 19-ის პანდემიის მიმდინარეობის გამო, მუსიკალურ ტურნეს სახელწოდებით Map of the soul აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Reporter-ი ავრცელებს.
„ჩვენმა კომპანიამ ბევრი იმუშავა, რომ BTS-ის ტურნესთვის მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელებულიყო, რადგან ვიცოდით, გულშემატკივრები რამდენად სულმოუთქმელად და დიდხანს ელოდებოდნენ მას. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კონცერტების დაგეგმილ ვადებში ჩატარება გართულდა. სწორედ ამიტომ იძულებულები ვართ გამოვაცხადოთ, რომ BTS-ის ტურნეს ვაუქმებთ“, - აცხადებენ ბენდის კონტრაქტორ კომპანია Big Hits Music-ში.
BTS-ი მეოთხე ალბომისთვის მიძღვნილი ტურნეს გამართვას 2020 წლის გაზაფხულიდან ცდილობს, თუმცა პანდემიის გამო ტურნეს თარიღები განუსაზღვრელი დროით გადაიდო. საწყის ეტაპზე ბენდი ტურნეს ჩატარებას 2020 წლის აპრილიდან გეგმავდა. ტურნეს ფარგლებში ჯგუფს ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის 18 ქვეყანაში 39 შოუ უნდა გაემართა.