ქაბულში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. თალიბანის რაზმის წევრები უკვე ქაბულის აეროპორტს მიუახლოვდნენ და ავღანეთის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა მიმართულებით რეისები აკრძალეს. თალიბებს არ სურთ, ავღანეთში გაზრდილმა ახალგაზრდობამ ქვეყანა დატოვოს. ისინი კვლავაც ირწმუნებიან, რომ შურისძიება არ იქნება. მათთვის მთავარია, რომ 20-წლიანი ომის შემდეგ გაათავისუფლეს ქვეყანა და გააძევეს უცხოელები.
ავღანეთში განვითარებული მოვლენების შესახებ for.ge-ს აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძე ესაუბრა.
ქართველების გამოყვანა ქაბულიდან ვერ ხერხდება - ჯერ დიპლომატიური მისიის ევაკუირება მოხდება, შემდეგ ამერიკელებისთვის მომუშავე ადგილობრივი მოსახლეობის რიგი მოვა და ამის შემდეგ, ალბათ, ქართველებისთვის მოიცლიან. ყოველ შემთხვევაში, ქართველების უსაფრთხოდ გამოყვანის პირობას თურქები იძლევიან. რატომ გართულდა ქართველების გამოყვანა?
- ეს ტექნიკური საკითხია, ისიც გაირკვევა, თურქების დაპირება თვითონ აეროპორტში რამდენად გაამართლებს. ისეთი რამ ხდება აეროპორტში, რასაც მე ვუყურებ, რომ რთულია ამის სიტყვებით გადმოცემა.
გულისხმობთ იმას, თვითმფრინავს ფრთას როგორ ებღაუჭებიან ადამიანები და ვარდებიან?
- ეს რამდენად რეალური კადრებია, მართალი გითხრათ, არ ვიცი. მოგვიანებით დაიწერა, რომ რომელიღაც ფილმიდან არის ეს კადრები. ერთადერთი, რაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, აეროპორტში უზარმაზარი რიგები და საშინელი სიტუაციაა. დამამშვიდებელი განცხადების მიუხედავად, ხვალ როგორ მოიქცევიან თალიბები და რას ეტყვის ვინმე მათ, ამასაც წინასწარ ვერავინ განჭვრეტს მსოფლიოში. თალიბები არაპროგნოზირებადი ხალხია. რაც ნამდვილად ვიცით და რაც დღევანდელ თალიბებს განასხვავებს წინამორბედებისგან, ისაა, რომ როგორც თალიბები ლაპარაკობდნენ და იქცეოდნენ 2003 წლამდე, ასე აღარ ლაპარაკობენ, ბევრად უფრო შემრიგებლური ტონი აქვთ. აღარ იქცევიან მკაცრად გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკელების მიერ გამოზრდილმა და შეიარაღებულმა ჯარმა პირდაპირ გადაულოცა იარაღი და ერთი გასროლაც არ ყოფილა ქაბულში. ეს არ ნიშნავს, რომ ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება, თუ რევოლუცია, ჯერ ამას სახელს ვერ ვარქმევთ, ჯერჯერობით არ ვიცით, რა მოხდა. რაც ნამდვილად მოხდება ავღანეთში ისაა, რომ თავად თალიბების მოძრაობის პრინციპებიდან გამომდინარე, არქაული საზოგადოებრივი წესრიგის სერიოზული აღდგენა დაიწყება, მათ შორის, ქალების შეზღუდვის, ბევრი რამის შეზღუდვის ხარჯზე. ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ამ სახელმწიფოს, თუკი სახელმწიფო შეიძლება მას ვუწოდოთ, საკმაო იზოლაციას.
თალიბებს რამდენად გამოუვათ სახელმწიფოს ჩამოყალიბება? არის ასეთი მოსაზრება, რომ ისინი თვინიერად სწორედ იმიტომ იქცევიან, რომ საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვება სურთ.
- რა თქმა უნდა, ლეგიტიმაციის მოპოვება სურთ. მე ამას დავარქვი მოსალოდნელი მოულოდნელობა, ან მოულოდნელი მოსალოდნელობა. თალიბების ბრძოლა და საერთაშორისო აღიარებისკენ ლტოლვა დღეს არ დაწყებულა. თალიბებს წარმომადგენლები ჰქონდათ რამდენიმე არაბულ ქვეყანაში, მუსლიმანურ ქვეყნებში, დავარქვათ ამას დიპლომატიური წარმომადგენლობები, მართავდნენ შეხვედრებს დასავლეთის წარმომადგენლებთანაც, ნეიტრალურ მხარეებთანაც, ეს დაფარული აღარაა. ძირითადად შეერთებული შტატების საერთაშორისო სამხედრო ძალების გაყვანა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გადაწყდა, უბრალოდ, მიზეზთა გამო ტრამპი ვერ გამოიყვანდა ჯარებს და ეს ბაიდენის პერიოდში განხორციელდა. პროგნოზი იყო ასეთი, რომ თალიბები ადრე თუ გვიან, აიღებდნენ ძალაუფლებას ხელში, ამ პროგნოზს დასავლეთშიც გამოთქვამდნენ და ყველა შერიგებული იყო ამას. უბრალოდ, მოულოდნელი იყო ის, რომ ეს მოხდა არა ერთ თვეში, არამედ ასე უცებ.
ავღანეთში არაერთი მისიის შესვლა, თუნდაც ბრიტანეთის, შემდეგ რუსეთის და ბოლოს ამერიკული მისიის 20-წლიანი ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა. რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ უნდა დავანებოთ თავი ავღანელებს, ისინი საკუთარ თავს თვითონვე მიხედავენ?
- როგორც ჩანს, ამ აზრისკენ გადაიხარნენ, საბოლოო ჯამში, დავანებოთ თავი ავღანელებსო. ავღანეთში მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ხდებოდა ინტერვენციები, არც ერთი არ დამთავრებულა წარმატებით. თავისი არსით ეს ხელოვნურად შეკოწიწებული, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ქვეყანაა, რომელთა გამაერთიანებელიცაა ისლამი, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ერთნაირი ისლამი მათ არ აქვთ. თალიბები ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი მუსლიმანები არიან, დანარჩენი ჯგუფებისთვის, როგორებიცაა ტაჯიკები, უზბეკები, შიიტები და სხვები, არც ისე მისაღებია თალიბთა გაბატონება. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ შიდა სიტუაციას დააწყნარებენ თალიბები და შეკრული და შემდგარი სახელმწიფო გახდება ავღანეთი. სამწუხაროდ, ავღანეთი არის და კიდევ დიდხანს იქნება არშემდგარი სახელმწიფო, გინდა თალიბები იყვნენ ხელისუფლების სათავეში, გინდა მარიონეტები, რომელთაც დასვამს და თითქოს რაიმეს ასწავლის დასავლეთი.
უკვე კეთდება პროგნოზი, რომ ყველაზე დიდი საფრთხე შეიძლება დაემუქროს ჩინეთს, რუსეთს, კავკასიის მიმართ თალიბების ინტერესზეცაა საუბარი.
- ასეთ საფრთხეზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩვენი ყველაზე დიდი „ექსპერტები“, რომლებიც ჭკუას ასწავლიან ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც, იმასაც იძახდნენ, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები შემოვარდებიან საქართველოში და დაიწყება ტერაქტებიო. ცხადია, იმის საფრთხე არსებობს, რომ თალიბთა იდეოლოგია მეტ-ნაკლებად გავრცელდეს, მაგრამ ძალიან მცირე ნიადაგია ამისთვის ცენტრალური აზიის ქვეყნებში. იქ ისეთი ავტორიტარული რეჟიმებია და, პრინციპში, შემდგარი სახელმწიფოებია, თუ არ ჩავთვლით ტაჯიკეთს, სადაც სხვანაირი სიტუაციაა, რომ თალიბების გეგმის განხორციელება ძალიან გაჭირდება. ჩინეთს როგორ შეიძლება თალიბები დაემუქრონ, ესეც საეჭვოა, ან იმავე რუსეთს. თუ ტერორიზმზე ვსაუბრობთ, ამის განჭვრეტა წინასწარ შეუძლებელია, რადგან ტერორიზმის არსი ის არის, რომ მოულოდნელობაზეა დამყარებული. ეს უნდა იყოს სპეციალური სამსახურების და სპეციალური ანალიტიკური ცენტრების გათვლის შედეგი, მაგრამ ვერავინ ვერაფერი გათვალა ამდენ ხანს.
ავღანეთთან მიმართებით ჩნდება ეჭვი, დიდი ჩანაფიქრის მომსწრენი ხომ არ ვართ? ეს ნიშნავს, რომ კულუარული გარიგება შედგა თალიბებსა და ამერიკელებს შორის?
- ვერ გეტყვით, მაგრამ გარკვეული შეხვედრები რომ ხდებოდა, ესეც ფაქტია. რამდენიმე წლის წინ იყო ამაზე საუბარი, ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ ადრე თუ გვიან ამერიკას მოუწევდა ავღანეთიდან გამოსვლა და, რადგან თალიბები მძლავრნი იყვნენ, მათი დამარცხება ვერ მოხერხდა, ისინი აიღებდნენ ძალაუფლებას ხელში.