დეკანოზი ალექსანდრე გალდავა მოსახლეობას საღად აზროვნებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადამიანმა პასუხისმგებლობა მოძღვარს, დედას ან მამას კი არ უნდა გადააბაროს, არამედ თვითონ აიღოს საკუთარ თავზე.
„ჩვენ პირდაპირ აცრისკენ არ მოვუწოდებთ, რადგან ეს ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული, მაგრამ მე ყოველთვის მივუთითებ საღი აზრისკენ, იმისკენ, რომ ქრისტიანობა სიფხიზლე და განსჯის უნარია. მთელი მსოფლიოს სამედიცინო სფერო თანხმდება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ მოძღვარმა ხალხს უნდა მოუხსნას ფსევდორელიგიური თუ ფსევდომედიცინური ილუზიები. ნდობა მორწმუნის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. მაცხოვარი თავისი დაბადებით ადამიანებს ენდო. ის სრულიად მოწყვლადი ჩვილი იყო და ადამიანებს მისცა საშუალება, აღეზარდათ. ღმერთი ადამიანს ენდობა და ჩვენც უნდა ვენდოთ ერთმანეთს. მით უმეტეს უნდა ვენდოთ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეში კომპეტენტურები არიან. ეს წამალი შეიძლება იდეალური არ არის, მაგრამ დღეს საუკეთესო ვარიანტია, ამას ციფრები, სტატისტიკა ადასტურებს. ზღაპრებს, ბოდვებს, ფანტაზიებს უნდა მოვეშვათ და რეალურ საფრთხეს ჩავხედოთ თვალებში. ეს არის საზოგადოების უმწიფრობა, გადაწყვეტილების მიღების შიში. მაცხოვარი გვასწავლის, რომ შენ უნდა გადაწყვიტო, შენ უნდა გადადგა ნაბიჯი და ასეთ დროს შეცდომებიც დასაშვებია. მაცხოვარი გაუწყრა იმ ადამიანს, რომელსაც შეცდომის შეეშინდა და გამრავლების ნაცვლად ტალანტი უბრალოდ შეინახა. ზრდასრული ადამიანი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს ნიშნავს. ის ამ პასუხისმგებლობას მოძღვარს, დედას ან მამას კი არ გადააბარებს, არამედ თვითონ აიღებს საკუთარ თავზე", - ამბობს დეკანოზი ალექსანდრე გალდავა.