არშავინი კარიერას „ხაზარში“ გააგრძელებს

არშავინი კარიერას „ხაზარში“ გააგრძელებს

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანულ ფეხბურთში დიდი თანხები ჩაიდო. საქართველოსგან განსხვავებით მოფულიანებული აზერული გუნდები უცხოელ მოთამაშეებსა და მწვრთნელებს მაღალ ხელფასებს სთავაზობენ. ადგილობრივ პირველობაზე იშვიათია გუნდი, რომლის რიგებშიც რამდენიმე ლეგიონერი არ ირიცხება.

სიმართლე ითქვას და მათი ეროვნული ნაკრები კვლავ მაჩანჩალათა რიგებში რჩება, განსხვავებით კლუბებისგან, რომლებიც ევროთასებზე ნელ-ნელა მაღლა მიიწევენ და იგივე ბაქოს „ნეფთჩიმ“, ევროპის ლიგის თასის ჯგუფურ სტადიაზე უკვე იასპარეზა.

ცოტა ხნის წინ ლენქორანის „ხაზარის“ თავკაცად ცნობილი ბრიტანელი ფეხბურთის სპეციალისტი ჯონ ტოშაკი დაინიშნა. უელსელმა მწვრთნელმა „ხაზარის“ ხელმძღვანელობას შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა.

დღეს დილით გამოცემამ „azerisport.com” სენსაციური ცნობა გაავრცელა.

ცნობილი გახდა, რომ ლენქორანის გუნდის ხელმძღვანელობა ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელ ანდრეი არშავინს დაუკავშირდა და აზერბაიჯანში თამაში შესთავაზა.

„ხაზარი“ არშავინს ორწლიან ხელშეკრულებასა და ანაზღაურების სახით კვირაში 100 000 გირვანქა სტერლინგს დაპირდა. აზერბაიჯანული მას-მედიის მტკიცებით, 31 წლის რუსმა ფეხბურთელმა წინასწარი თანხმობა უკვე განაცხადა და პრემიერლიგის პირველობის დასრულების შემდეგ კონტრაქტის გასაფორმებლად ლენქორანს ეწვევა.

აზერბაიჯანული გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, „ხაზარს“ არშავინის გარდა  კიდევ რამდენიმე ცნობილი მოთამაშის შეძენა აქვს გადაწყვეტილი. მომავალ წელს კლუბი დაარსებიდან ათი წლის იუბილეს აღნიშნავს და ევროპულ სარბიელზე წარმატების მიღწევა სურს.