ქართულმა კლუბმა, რომელსაც მტკიცედ წამს, რომ საქართველო ოდითგანვე ქრისტიანული, დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილია, შეშფოთებითა და მწუხარებით აღიქვა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ დრამატულად მძიმე დასასრული. ავღანეთში ჩვენი ქვეყანაც, როგორც ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის უმსხვილესი კონტრიბუტორი, აქტიურად მონაწილეობდა და აუნაზღაურებელი ფასიც - 32 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე მსხევრპლადაც გაიღო.
საუბედუროდ, დასავლური ცივილიზაციის ეს მსოფლიო მისია - ავღანეთში სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისა და გაძლიერების მტკიცე მხარდაჭერით, წინ აღდგომოდა ექსტრემისტული, აგრესიული ისლამისგან მომდინარე გლობალური ტერორიზმის ბოროტებას, ფუჭი და ამაო აღმოჩნდა. დასავლური ცივილიზაციის მეთაურებობით კეთილი ნების მსოფლიოს (ISAF -ის ავღანურ მისიაში თავიდან მსოფლიოს 51 სახელმწიფო, ხოლო „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ კი 42 სახელმწიფო მონაწილეობდა) 20-წლიანმა ძალისხმევამ, უზარმაზარი რესურსის ხარჯვამ და თვით შეწირული ჯარისკაცების თავდადებამაც კი, საუბედუროდ, საბოლოო ჯამში, არავითარი შედეგი არ მოიტანა. როგორც კი აშშ-სა და ნატოს, მათი მოკავშირეების შეირაღებულმა ძალებმა დატოვეს ავღანეთის ტერიტორია, ეს ქვეყანა ფაქტობრივად, უბრძოლველად, ყოველგვარი არსებითი წინააღმდეგობის გარეშე, კვლავაც „თალიბანის“ ხელში გადავიდა, რითაც სრულად აღდგა მისიის დაწყებამდე არსებული უაღრესად არასახარბიელო, უარესიც - საშიში „სტატუს-ქვო“. მსოფლიოს კვლავაც ემუქრება თალიბანის რეჟიმისგან მომდინარე საფრთხე. ეს რეჟიმი წარმოადგენდა და მომავალშიც უდიდესი ალბათობით იქნება ექსტრემისტული, აგრესიული ისლამის, რამაც 11 სექტემბრის საშინელი ტერაქტი ჩაიდინა, ერთ-ერთ მთავარი მკვებავი წყარო და საიმედო თავშესაფარი. არანაკლებ სავალალოა ისიც, რომ თალიბანის ნახევრად ველური, ბარბაროსული რეჟიმის დასავლური ალტერნატივა - ცივილიზებული, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, მიუხედავად „მტკიცე მხარდაჭერის“, ხოლო მანამდე ISAF-ის მისიებისა, ავღანეთში ვერ შედგა, რადგან მისი ხელისუფლება გამაოგნებლად უსუსური აღმოჩნდა, უბრძოლველად დანებდა, რამდენიმე დღეში მთლიანად და სამარცხვინოდ ჩამოიშალა, ხოლო ამით, მთელს მსოფლიოში დასავლური ცივილიზაციის დისკრედიტაცია მოახდინა, რადგან გააჩინა რადიკალურ, ექსტრემისტულ ისლამთან დასავლური ცივილიზაციის თუ მძიმე მარცხისა არა, უდავოდ - სერიოზული უკანდახევის საფუძვლიანი განცდა.
რასაკვირველია, ყველა ანტი-დასავლური ძალა ამ მდგომარეობის გამოყენებას „კონკურენტული უპირატესობების“ მისაღებად შეეცდება, ეს კი ჩვენი, შეზღუდული შესაძლებლობების ქვეყნისთვის, ისევე, როგორც ჩვენი მეგობარი უკრაინისთვისაც, საგარეო საფრთხეებს კიდევ მეტად გაზრდის, ვინაიდან ჩართულნი ვართ რევანშისტულ და აგრესიულ რუსულ იმპერიალიზმთან უთანასწორო ჰიბრიდულ ომში.
ავღანეთში მომხდარისგან სწორი დასკვნების გამოსატანად აუცილებელია თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ვაღიაროთ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ უდავო მარცხი. ამ მარცხის განმაპირობებელ მიზეზთაგან კი უწინარესად უნდა გამოვყოთ დასავლეთისგან მხარდაჭერილი ადგილობრივი ფსევდო-დასავლური, იმიტაციურად დემოკრატიული, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ უსაფრთხოების სტრუქტურების სრული კრახი. ეს კრახი, რასაც დღეს უკვე „ავღანური სინდრომი“ შეიძლება ვუწოდოთ, მკაფიოდ მიანიშნებს: ასეთ ფსევდო-დასავლურ, იმიტაციურ სტრუქტურებს არ გააჩნდათ და ვერც „მტკიცე მხარდაჭერის მისიით“ ვერ შეიქმნა არსებობის რაიმე შიდა რესურსი. ისინი სრულად, თავიდან ბოლომდე, დასავლეთის მატერიალურ, საგარეო-პოლიტიკურ თუ სამხედრო მხარდაჭერაზე იყვნენ დამოკიდებულნი, მხოლოდ მოჩვენებითად, თვალის ასახვევად იზიარებდნენ ცივილიზებული სახელმწიფოს ღირებულებებს, მათ შორის - სამართლის უზენაესობას, სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების ფიზიკურად თუ ადამიანის უფლებების დაცვის უპირობო ვალდებულებებს; ისინი არსებითად - საგარეო დახმარებით მოსულდგმულე კლიენტელას წარმოადგენდნენ, რომლის მიზანიცა და ინტერესიც ამ დახმარების, რაც ჯამში კოლოსალურ რესურსს - ტრილონ დოლარზე მეტს შადგენდა, საკუთარი და არა ავღანელი ხალხის კეთილდღეობისთვის „ათვისებაში“ მდგომარეობდა, ხოლო როგორც კი დადგა საკუთარ თავზე დაყრდნობის, საკუთარ ფეხებზე დგომის აუცილებლობა, წამსვე ჩამოიშალნენ. ბუნებრივია, მტკიცე მხარდაჭერის, მანამდე კი, ISAF-ის მისია, ამ ფსევდო-სტრუქტურების, სინამდვილეში - ფსევდო-დასავლური კლიენტელის, თავკერძა ინტერესებს შეეწირა, რადგან მათ იმედად მისიის მიზნების (ტერორიზმის საფრთხის უვნებელყოფა ცივილიზებული სახელმწიფოს, როგორც ბარბაროსობის ეფექტური და ეფექტიანი ალტერნატივის, შექმნით) მინდობა გარდაუვალი მარცხის უმთავრესი წინაპირობა აღმოჩნდა. რეალურად, შეიქმნა არა ავღანური სახელმწიფო, რომელიც საკუთარ თავს ბარბაროსთგან თავადვე დაიცავდა, არამედ ოდენ ფსევდო-დასავლური კლიენტელა, როგორც დასავლურ მხარდაჭერაზე მოპარაზიტე რეჟიმი. ამან სავალალო შედეგი - გლობალური მასშტაბით დასავლური ცივილიზაციის უკანდახევა განაპირობა.
დღეს არ არსებობს ცალსახა პასუხი, რადგან სერიოზული ანალიზისა და კვლევის საგანია - საერთოდ შესრულებადი იყო თუ არა ეს მისია, ანუ დასავლური მხარდაჭერით ავღანეთში ცივილიზებული სახელმწიფოს დაფუძნება-გაძლიერება? იქნებ „ავღანური სინდრომის“ თავიდან აცილება იმთავითვე შეუძლებელი იყო, მასასადამე - ეს მისია დაწყებისთანავე - პრინციპულად შეუსრულებადი და მარცხისთვის განწირული?
ნებისმიერ შემთხვევაში, სრული ძალაუფლების თალიბების ხელში გადასვლა, უდავოდ წარმოადგენს მთელი კაცობრიობისთვის უმძიმეს დრამატულ შედეგს, რისი დაშვებაც არაფრით შეიძლებოდა. ამდენად - ავღანეთის დატოვება დასავლეთისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ძალების მიერ უნდა განხორციელებულიყო წინმსწრები პოლიტიკური უზრუნველყოფით, როცა დასავლეთის მონაწილეობით წარმართული მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესით შეიქმნებოდა ავღანეთში სხავადასხვა პოლიტიკურ ძალთა შორის ძალაუფლების გადანაწილების გარკვეული შიდა პირობები და თუნდაც ელემენტარული, მინიმალური საერთაშორისო გარანტიები. ეს არ ან ვერ მოხდა, დრამატული შედეგი დადგა და ჩვენ ვიმედოვნებთ, ამისთვის პასუხისმგებელი პირები საკადრისს მიიღებენ.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ: „ავღანური სინდრომის“ საფრთხე - ე.ი. პარტნიორი ქვეყნების ნაცვლად ამ ქვეყნებში ფსევდო-დასავლური კლიენტელების კონტრ-პროდუქტიული მხარდაჭერა, დასაველთის დისკრედიტაციასა და მის უკან დახევას, რაც საერთო მარცხია, განაპირობებს. „ავღანური სინდრომი“ შეიძლება აღმოჩნდეს ის საშიში ტენდენცია, რაც არა მხოლოდ ავღანეთში გათამაშებული დრამით დასრულდება, არამედ უარყოფითად იმოქმედებს დასავლური მხარდაჭერისა და დახმარების სხვა ბენეფიციარი ქვეყნების, მათ შორის - განსაკუთრებით განვითარებადი დემოკრატიების, რომელთა შორისაცაა საქართველოც, ბედზეც.
საერთო წარმატებისთვის და არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად უაღრესად მნიშვნელოვანია დასავლური მხარდაჭერისთვის გამოყოფილი რესურსების ბენეფიციარ პარტნიორ ქვეყნებს შორის სამართლიანი და იმავდროულად, ეფექტიანიც, განაწილება. ამ თვალსაზრისით საუკეთესო პრიციპია - „მეტი მეტისთვის“, ე.ი. მეტი რესურსი და ძალისხმევა იმ მოკავშირეების შემომტკიცებისთვის, სადაც უფრო მეტი შინაგანი რესურსი და შესაძლებლობებია, სადაც უკვე შემდგარია წარმატებული პარტნიორობა, რის კიდევ უფრო გასაძლიერებლად უფრო მეტი რესურსი უნდა გამოყოს. ამ სამართლიანი და ეფექტიანი პრინციპის თანმიმდევრული დაცვა უდავოდ ამცირებს „ავღანური სინდრომის“ რისკს. ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა მომავალში არ განმეორდეს უზარმაზარი რესურსის, რაც პარტნიორი ქვეყნების გაძლიერებისთვის შეიძლებოდა საერთო წარმატების მოსაპოვებლად უფრო ეფექტიანად დახარჯულიყო, ისე ფუჭად დახარჯვა, როგორც ეს ავღანეთში მოხდა. სამომავლოდ დაუშვებელია, რომ პრინციპი „მეტი-მეტისთვის“ ჩაანაცვლოს „ყველაზე მეტი - ყველაზე ცოტასათვის“ (როგორც ეს ავღანეთში მოხდა) კონტრ-პროდუქტიულმა პრინციპმა.
კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ამ მხარდამჭერი რესურსების სამრთლიანი და ეფექტიანი გადანაწილებაა თავად ბენეფიციარი პარტნიორი ქვეყნის შიგნით. სამწუხაროდ, როცა ეს დახმარება ცალმხრივად თითქოსდა მონოპოლიზებულია, ხელმისაწვდომია ოდენ - „რჩეულთათვის“, ყალიბდება თვისებრივად იგივე ანუ ავღანურის მსგავსი, თავკერძა და კორუფციული ფსევდო-დასავლური კლიენტელა. ამით „ავღანური სინდრომი“ ავისმომასწავებელ რეალურ კონტურებს იძენს. ასეთი ნეგატიური მაგალითები, სამწუხაროდ, საქართველოშიც არსებობს: თავის დროზე, „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, „პრო-დასავლურობის“ იმიჯის „მონოპოლიზება“ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული იმიტაციური სამოქალაქო სექტორის მიერ, მათი ფსევდო-დასავლურ კლიენტელად ჩამოყალიბების წინაპირობად იქცა, რამაც უამრავ უბედურებასთან ერთად საქართველოს ყველაზე მძიმე მარცხი - აგვისტოს ომის სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფა განაპირობა. ეს სწორედ „ავღანური სინდრომის“ ქართულ გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები (ისევე, როგორც დღეს ავღანური მისიის მარცხი) სწორედაც დასავლეთის სტრატეგიულ უკანდახევას წარმოადგენდა არანაკლებ ვერაგი მტრის - რუსული რევანშისტული იმპერიალიზმის წინაშე.
სამწუხაროდ, „ავღანური სინდრომის“ უკვე დღევანდელი, სულ ახალი გამოხატულებაა ისეთი ფსევდო-სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერა, როგორიცაა მაგ. „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც საქართველოში ჩატარებული ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განსაკუთრებულად სამარცხვინო სკანდალში გაეხვა. ორგანიზაცია არავითარ შინაგან რესურსს არ ეყრდნობა და ასევე ტიპიურ, დეგრადირებულ კლიენტელას წარმოადგენს, რაც დასავლური დახმარების ხარჯზე პარაზიტირებს. ამ ფსევდო-დასავლურმა კლიენტელურმა ორგანიზაციამ არა თუ ფუჭად დახარჯა, არამედ უარესი - ბოროტად გამოიყენა საკმაოდ სოლიდური დასავლური დაფინანსება და იმის მაგივრად, ყოფილიყო არჩევნების ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებელ-შემფასებელი, გამოიჩინა სრული უპასუხისმგებლობა, ვერ შეძლო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლით სწორად შეჯამება და ესეც არ იკმარა: მიუხედავად აშკარად ელემენტარული, არითმეტიკული შეცდომისა, თითქმის ორი თვის მანძილზე ჯიუტად იცავდა თავის მავნე, არჩევნებისადმი ნდობის დამანგრეველ პოზიციას, რითიც შეგნებულად შეუწყო ხელი არჩევნების ლეგიტიმურობის ხელოვნურად ეჭვქვეშ დაყენებას, შესაბამისად - მძაფრი პოლიტიკური კრიზისის გაღვივებასა და ესკალაციას. მისი მიზანი იოლად ასახსნელია - სწორედ ასეთი კრიზისის დროს ისევ „დემოკრატიის მხარდაჭერის“ ცრუ მოტივით იგი გამოიყენებს „მონოპოლიურ მდგომარეობას“ და ისევ შეეცდება უფრო მეტი დაფინანსების მოპოვებას. ცხადია, აქაც, „ავღანური სინდრომის“ ტიპიურ კორუფციულ სქემასთან გვაქვს საქმე, როცა იქმნება მანკიერი წრე - დაფინასება კრიზისისთვის, რათა კრიზისის გამო უფრო მეტი დაფინანსება გამოიყოს. ამით, საბოლოოდ, დასავლეთის რეპუტაცია ილახება, მისი დისკრედიტაცია ხდება, რაც ჩვენს საერთო უკანდახევას განაპირობებს. მსგავსი უმძიმესი რეპუტაციული კატასტროფა, რაც „სამართლიანი არჩევნების“ ამ სამარცხვინო სკანდალმა გამოიწვია, სრულიად საკმარისი უნდა იყოს, რათა ასეთ ორგანიზაციას დასავლური დაფინასება საერთოდაც შეუწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში - „ავღანური სინდრომის“ რეციდივებს საქართველოში ვერც სამომავლოდ ვერ ავიცილებთ თავიდან და უარესიც - მსგავს ფსედო-დასავლურ კლიენტელებს, როგორც დასავლეთის, ასევე საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უფრო წავახალისებთ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართული კლუბი:
გამოხატავს გულისტკივილსა და შეშფოთებას ავღანეთში დატრიალებული დრამატული მოვლენების გამო და მოუწოდებს ყველა პარტნიორი ქვეყნის ერებსა და მთავრობებს, უფრო მტკიცე სოლიდარობით ვუპასუხოთ დასავლური, ქრისტიანული ცივილიზაციის ამ საერთო მარცხს. თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და სამომავლოდ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს დაშვებული საბედისწერო შეცდომები. განსაკუთრებით ვიზრუნოთ, რათა თავიდან ავიცილოთ „ავღანური სინდრომის“ საფრთხე - საერთო გამარჯვებისა და წარმატებისთვის, თანამედროვე მძიმე გამოწვევებთან, მათ შორის -ექსტრემისტული ისლამისგან მომდინარე გლობალური ტერორიზმისა თუ რევანშისტული რუსული იმპერიალიზმის შესაკავებლად, ჩვენი ცივილიზაციის ბედი ხელში აღარ ჩავუგდოთ ფსევდო-დასავლურ კლიენტელებს და მხარი დავუჭიროთ არა მათ, არამედ ჩვენი ცივილიზაციის საერთო ღირებულებების - სამართლისა და სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და თანასწორობის, ურყევად ერთგულ საერთო სიკეთისათვის - მშვიდობისა და კეთლდღეობისათვის ერთად ზრუნვის, ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მზად მყოფ ერებსა და სახელმწიფოებს!
ჩემი ქართულის მასწავლებელი რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი იყო ....
იმან იცოდა ხოლმე..
რომელიმე შინაარსის წერის დროს, ზოგიერთი მოსწავლე ,,ნამეტანი გულმოდგინებისა და ნამეტანი ცოდნის,, გამო შინააარსებს წერდნენ ლამის
ვეფხისტყაოსნის მოცულობის ხელას . .......მასწავლებელი დახედავდა თუ არა ამდენ ნაწერ ფურცლებს, ეგრევე მოსწავლესთან შეტევაზე გადადიოდა ხოლმე.......
ქალო.....(გოგოებზე ეგრე იცოდა მიმართვა) .....მაგ შენი ტვინის პატრონმა, რო დაწერე ამდენი, მაშ არ იციი, რომ რაც ბევრს დაწერ, უფრო მეტი შეცდომები გექნებაააო? რომელი ილია ან აკაკი შენა მყევხარ, რომ უშეცდომოდ წერო, თანაც ამდენიო ...... დაწერე ცოტა და ძირითადიო.......ამასობაში წერასაც ისწავლი და ამდენი შეცდომებიც აღარ გექნებაო....
მერე ნაწერს რომ გაასწორებდა ხოლმე, იმ ეგრეთ წოდებულ ,,გონების ნაჟურს,, დასტურად ყველას თვალწინ გაშიფრავდა და გვიხსნიდა სად, რა შეცდომა იყო ხოლმე
პირადად მე ვხიტრობდი----- ძაან ცოტას ვწერდი ხოლმე........ სამაგიეროდ ..მე კიდევ სუ იმას მეჩხუბებოდა ცოტა მეტი დაწერეო.....
მოკლედ ასე იყო თუ ისე იმ პედაგოგს გადავურჩი
ჰოოოდა აი ამ ჟურნალისტებს ისეთი პედაგოგები სჭირდებათ, რომ გაიგონ ბევრის წერა ყოველთვის არაა საჭირო და ბევრის წერა არც ნამეტან განათლებულობას რო არ ნიშნავს....
გახსოოვს გიორგი მჭედლიშვილის სტატიები?
ან ვასო კუკუნასვილისა?? რამხელა სტატიები იყო ხოლმე ხომ გახსოვს ?
მაშინ სტატიის სიდიდეზე პრეტენზია არავის არ გვქონდა ხოლმე....იყო ერთი გამიშვი გამატარე და სჯა --ბაასი ხოლმე, ხომ გახსოვს?/
უბრალოდ ......მეტი არაფერი