ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია ძალიან მძიმე ვითარებაშია - პოლიტიკური ინიციატივა დაკარგული აქვს, არ გააჩნიათ კონკრეტული ხედვა-შეთავაზება და არც საკადრო რესურსი

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია ძალიან მძიმე ვითარებაშია - პოლიტიკური ინიციატივა დაკარგული აქვს, არ გააჩნიათ კონკრეტული ხედვა-შეთავაზება და არც საკადრო რესურსი

ოპოზიცია ძალიან მძიმე ვითარებაშია - პოლიტიკური ინიციატივა დაკარგული აქვს, არ გააჩნიათ კონკრეტული ხედვა-შეთავაზება და არც საკადრო რესურსი, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ ოპოზიცია იძულებულია ადგილობრივ არჩევნებში პარლამენტის წევრები და ცნობადი სახეები წარადგინოს და ამ გზით ხმების რაღაც რაოდენობა მაინც აიღოს.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის მიზანი ადგილობრივ არჩევნებში არა ხმების მოპოვება, არამედ „ქართული ოცნების" დაზიანებაა, რაც წარუმატებლობით დასრულდება.

ქადაგიშვილმა ფოთში მერის პოსტზე გიგი უგულავას შანსებიც შეაფასა და როგორც აღნიშნა, უგულავას არჩევის შანსი მიზერული და მინიმალურია.

„რაც არ უნდა იყვიროს, ერთი რამ ფაქტად რჩება - ის მხილებული და გასამართლებული იყო კორუფციაში და ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დადგენილი. კორუფცია დაკავშირებული იყო არა მხოლოდ პირად ანგარებასთან, არამედ ქალაქის ბიუჯეტიდან მისი პარტიის დაფინანსებასთან. ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მისი შანსები ძალიან დაბალ დონეზე შეფასდეს", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.