“ასაკის მატებასთან ერთად სურვილი მიჩნდება დავანახო ახლაგაზრდებს, რომ მათი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია” – ბელა ჰადიდი

“ასაკის მატებასთან ერთად სურვილი მიჩნდება დავანახო ახლაგაზრდებს, რომ მათი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია” – ბელა ჰადიდი

ბელა ჰადიდი პალესტინური წარმოშობის, ამერიკელი მულტიმილიონერის მუჰამედ ჰადიდისა და ჰოლანდიელი მოდელის იოლანდა ფოსტერის ქალიშვილია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი, რომელიც პლანეტის ულამაზეს ქალად არაერთხელ აღიარეს, ბავშვობაში არა მაღალი მოდის ბრენდებთან და დიზაინერებთან თანამშრომლონაზე, არამედ ცხენოსნობაზე ოცნებობდა. დაბალი თვითშესაფების მქონე ბელას, საკუთარი დის, ჯიჯის წარმატებული კარიერული საქმიანობა კიდე უფრო მეტად არწმუნებდა იმაში, რომ მოდელობა მისი საქმე არ იყო, სანამ ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში Desigual-ის 2015 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე მისი სადებიუტო გამოსვლა არ შედგა.

2016 წელს ბელა Dior-ის ამბასადორი გახდა, რის შემდეგაც ბრენდის არაერთ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ამერიკელმა მოდელმა მალევე გააგრძელა თანამშრომლობა ისეთ ძვირადღირებულ ბრენდებთან და დიზაინერებთან, როგორებიც ტომი ჰილფიგერი, ჯერემი სკოტი და მარკ ჯეიკობსი არიან. 2017 წელს ბელა ჰადიდმა Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის მეცხრე ადგილი დაიკავა, 2019 წელს კი კლასიკური ბერძნული გამოთვლებისა და “ოქროს კვეთის“ ფორმულის მიხედვით პლანეტის ულამაზეს ქალად დასახელდა.

ბელა ჰადიდს საზოგადოება არამხოლოდ კარიერული მიღწევებით, არამედ სოციალური აქტივობებითაც იცნობს.

24 წლის ამერიკელი ვარსკვლავი ფიქრობს, რომ სოციალური ქსელის დანიშნულება არამხოლოდ საკუთარი საქმიანობისა და ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. მოდელი ხშირად ეხმაურება მსოფლიოში განვითარებულ მწვავე მოვლენებს და საკუთარ აზრს ყოველთვის საჯაროდ გამოხატავს.

“გამაჩნია პასუხისმგებლობა საკუთარი პლატფორმა კეთილი საქმეებისთვის გამოვიყენო. ასაკის მატებასთან ერთად, მით უფრო დიდი სურვილი მიჩნდება დავანახო ახლაგაზრდებს, რომ მათი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია. ადამიანებმა საკუთარი ხმა ყოველთვის უნდა გამოიყენონ და თუ საჭირო გახდება სამართლიანობისთვის უნდა იბრძოლონ. მინდა ყველამ იცოდეს, განსაკუთრებით კი თინეიჯერმა გოგონებმა, რომ შეიძლება იყვნენ ემპათიურები და მგრძნობიარენი, თუმცა საკუთარი სიმართლის დაცვა ყოველთვის უნდა შეძლონ.”

“სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ პოსტსაც კი უამრავი ადამიანის შემეცნება შეუძლია. მინდა ვისაუბრო იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც სხვები არ უსმენენ ან უბრალოდ არ აქვთ პლატფორმა საკუთარი აზრის გამოსახატად. განვლილი წლების განმავლობაში ერთ რამეს მივხვდი – საქმე იმაში კი არ არის, თუ რას ამბობ, არამედ როგორ ამბობ, ამიტომ როდესაც რაღაცის მწამს, არასდროს ვნერვიულობ. არ მინდა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ჩემი პოსტების გამო თავი გაუცხოვებულად იგრძნონ, თუმცა არსებობს თემები, რაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ.”

ბელას აზრით, მოდის სამყაროში ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების თვალსაზრისით რადიკალური ცვლილებებია საჭირო, რადგან თანამედროვე ინდუსტრია, ექსპრესიას, ადამიანების ინდივიდუალურობისა და მრავალფეროვნების წარმოჩენას უნდა ემსახურებოდეს, მაშინ როდესაც სხვადასხვა რასისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანები დღემდე დისკრიმინაციის ქვეშ იმყოფებიან.

“ვშიშობ, რომ მომდევნო სეზონებზე კვლავ მომიწევს ჩემი ფერადკანიანი მეგობრების დანახვა, რომელთაც სხვადასხვა სტანდარტებისა და მოთხოვნილებების გამო მოსთხოვენ ხვეულის თმის დასწორებას… უსამართლობაა ასევე ის, რომ გოგონებს მაკიაჟის გაკეთება ხშირად თავად უწევთ, რადგან ვიზაჟისტებს სხვადასხვა კანის ტიპის მქონე მოდელებთან მუშაობის შესაბამისი გამოცდილება არ აქვთ. მოდის ინდუსტრია ადამიანებს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას უნდა აძლევდეს. მაშინაც კი, როდესაც ფერადკანიან ადამიანებს პრივილეგია აქვთ და წინა რიგებში სხედან, შესაძლოა საზოგადოების მიმღებლობას მაინც ვერ გრძნობდნენ.”

ბელა აღნიშნავს, რომ სამოდელო ბიზნესში მუშაობა არცთუ ისე ბრწყინვალე და გლამურულია, როგორიც გარედან ჩანს.

“სამსახურის გამო ხშირად მიწევს მოგზაურობა, რაც ძალიან დამღლელია, ყოფილა მომენტები, როდესაც უცხო ქვეყანაში ჩასვლისთანავე დამიწყია მუშაობა. რთულია, თვითმფრინავიდან პირდაპირ წვეულებაზე წასვლა და თავის ისე დაჭერა თითქოს ძალიან ენერგიულად ხარ.”

“დედაჩემის რჩევებს ხშირად ვიყენებ. თვითმფრინავში ასვლისთავანე ვიბან სახეს, ვისვამ სხვადასხვა შრატებსა და ღამის კრემებს, გაღვიძებისთანავე კი დილის შესაბამის რუტინას ვიტარებ. ამრიგად, როდესაც თვითმფრინავიდან ჩამოვდივარ, სახის კანი უკვე დასვენებული და დატენიანებულია.”

ამერიკელი მოდელი მიიჩნევს, რომ გლობალური პანდემიის ფონზე მსოფლიოში არსებული ურთულესი ვითარება მოდის ინდუსტრიაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერები, ფოტოგრაფები, მოდელები და სხვა მრავალი პროფესიის წარმომადგენლები რეგულაციების დაცვით მუშაობენ, სიფრთხილე მაინც აუცილებელია.

“კარანტინის პერიოდში დროს პენსილვანიაში, ოჯახურ ფერმაში ვატარებდი. ძალიან მენატრებოდა ჩვეული რიტმი და ძველებური ცხოვრების სტილი, განსაკუთრებით კი ადამიანების ღიმილიანი სახეები. პანდემიის დაწყებამდე იყო პერიოდი, როდესაც გადატვირთული გრაფიკის გამო სახლში ყოფნა და დასვენება მენატრებოდა, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა.“

“საჭიროა ახალი გზების დანერგვა და ჯანმრთელობის სხვადასხვა რეგულაციების იმპლემენტაცია, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამე გვაქვს შესასწავლი, თუმცა შესაბამისი ადამიანების დახმარებით დავრწმუნდებით, რომ მოდის ინდუსტრიას ყველაფრის შეცვლა შეუძლია.”