ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად რჩება, მაგრამ იმ ხალხს, ვინც თავის დროზე ამ იდეას დასცინოდა, რეფერენდუმზე საუბარი ნაკლებად დაეჯერება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკურ ჯგუფ "გირჩის" წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
იაგო ხვიჩია იმასაც ამბობს, რომ ამ რეფედენდუმს ოპოზიცია სათანადოდ ვერ იყენებს, არ მოქმედებს სერიოზულად და არ იქცევა ისე, რაც არჩევნების მოგებას სჭირდება. სწორედ ამ კონტექსტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიციური გაერთიანების მიერ არჩეული ტაქტიკა ხელისუფლებას იმდენად აწყობს, რომ ისინი შეკრულიც კი ჰგონია.
მისივე თქმით, ადგილობრივი არჩევნები რომ რეფერენდუმია იმითაც იგრძობა, რომ ამას "ქართული ოცნება" დაჟინებით უარყოფს.
"მე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმად იანვრიდან განვიხილავდი. მისული ვარ სათითაოდ ჩემს ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან და თუ ძველ განცხადებებს გაიხსენებთ, ნახავთ, როგორ არასერიოზულად მიიჩნევდნენ, როცა ვამბობდი, რომ ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმი უნდა ყოფილიყო. ეს ასზე მეტჯერ მითქვამს. იმათაც ასჯერ მეტჯერ უარყოფითი პასუხი გაუციათ - რა სისულელეს ლაპარაკობო! დღეს ერთად არიან დალაგებული და ამბობენ, რომ ეს არჩევნები არის რეფერენდუმი და არავის ბოდიში იმაზე არ მოუხდია, როცა ამბობდნენ: რა რეფერენდუმი, საიდან მოიტანა ეს "გირჩმაო", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.