ამ ეტაპზე კიდევ დამატებითი შეზღუდვების თემაზე საუბარი არ არის. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ციფრები დღეს შედარებით, ოდნავ ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„კარგია ის, რომ ჩვენ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. ჯერ, რა თქმა უნდა, ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მცირედი სტაბილიზაციის სურათი გარკვეულწილად, ამ ციფრების საფუძველზე იკვეთება. ამდენად, ჩვენ მთავარია ის რეკომენდაციები და რეგულაციები აღვასრულოთ, რომელიც უკვე დაწესებულია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 506 040 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 440 370, გარდაიცვალა 6 649 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.