„ნაციონალური მოძრაობისთვის“ თვითმმართველობის არჩევნები და თვითმმართველობა არ არსებობს. ეს არის კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა ამომრჩევლის, ინსტიტუციის. თვითმმართველობის ინსტიტუციის, რომელიც დღეს განვითარების გზაზე დგას და იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციამ ამ განვითარებაზე იზრუნოს, ისინი უგულებელყოფენ ამას, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ფოთის მერობის კანდიდატად თინა ბოკუჩავას გიგი უგულავათი ჩანაცვლებას.
„გიგი უგულავა ცნობადი და სკანდალური სახეა. მან თბილისის მერობის დროს ქალაქს ბევრი უარყოფითი შესძინა. კონკრეტულად ქაოტური განვითარება, კორუფციული სქემები, და საკუთარი მომხრეების დასაქმება ქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე. ამ ხელწერით გამოირჩეოდა გიგი უგულავა. მას ახლაც იგივე ამოცანა აქვს დაკისრებული ფოთთან მიმართებაში. მას და მის პარტიას ძალიან მიზერული მხარდაჭერა ჰქონდათ ყველა არჩევნებზე. თუ გადავხედავთ ოპოზიციის წარმოდგენილ საკადრო რესურსს, ჰყავთ ცნობადი სახეები, პარლამენტარები, რომელთაც თვითმმართველობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მათი მზიანი თვითმმართველობაში მუშაობა არ არის, მათი მიზანია „ქართული ოცნების“ პოზიტიური საარჩევნო კამპანიის დაზიანება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ფოთის მერობაზე გიგი უგულავას კანდიდატურა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეარჩია და ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერენ თუ არა მის კანდიდატურას მხარს სხვა ოპოზიციური პარტიები.