ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს სკოლის დირექტორებისა და პედაგოგებისგან არჩევნებში "ქართული ოცნებისთვის" ხმის მიცემას ითხოვენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
ქადაგიშვილი ამასთან დაკავშირებით "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კვლევას უნდობლობას უცხადებს და განმარტავს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის კვლევები ხშირ შემთხვევაში უკიდურესად პოლიტიზირებული და მიკერძოებულია.
„ამ ორგანიზაციამ ცუდი როლი შეასრულა ქვეყანაში კრიზისის გაღვივების დროს, როცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩევნების შედეგების გაყალბების მიზანმიმართული პროპაგანდა ხდებოდა. მინდა ორი-სამი დირქტორის სახელი მაინც მითხრათ, ვინც ასეთ რამეს აცხადებს. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილია და რეალობასთან კავშირი არა აქვს. შეიძლება იყოს ერთი ვინმე პოლიტიკურად ანგაჟირებული დირექტორი, რომელიც ასეთ განცხადებას ასობით დირექტორის სახელით აკეთებს. როდესაც ასეულობით დირექტორზე ლაპარაკობთ, ორი კონკრეტული ფაქტი მაინც უნდა გვქონდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ქადაგიშვილმა.