4 ფიცრის გამო მოკლული ზვიად ზვიადაური და დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონი

4 ფიცრის გამო მოკლული ზვიად ზვიადაური და დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონი

რა გახდა მიზეზი იმ მკვლელობის, რომელიც წინანდალში მოხდა და რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა? - For.ge-სთვის დეტალური ინფორმაცია გახდა ცნობილი.

როგორც ზურაბ ზვიადაურის მეგობარმა, ძიუდოისტმა ავთო ჭრიკიშვილმა გვითხრა, ურთიერთშელაპარაკება წინანდალში ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის მომიჯნავედ, ობიექტის მესაკუთრესა და ზვიად ზვიადაურის მუშებს შორის დაიწყო. როგორც გაირკვა, მუშებმა სამშენებლო ობიექტიდან სამშენებლო მასალები მოიპარეს, რასაც მოგვიანებით შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დამქირავებელი ზვიად ზვიადაურს დაუკავშირდა და ობიექტიდან მუშების გაყვანა მოსთხოვა. ზვიად ზვიადაური მეგობართან ერთად მივიდა ობიექტზე. მათ მალევე უკან გაჰყვა ძმაც - ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური. უბედურება სწორედ ზურაბ ზვიადაურის მისვლისთანავე მოხდა - ერთ-ერთმა მუშამ, ნ.კ.-მ ზვიად ზვიადაურსა და მის მეგობარს ესროლა. სროლის შედეგად ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი დაიჭრნენ, რასაც შემდეგ მოჰყვა ზურა ზვიადაურის მხრიდან საპასუხო გასროლა ნ.კ-ს მიმართულებით. ამის შემდეგ, ზურა ზვიადაურმა ძმა და მისი მეგობარი საავადმყოფოში წაიყვანა, ხოლო თავად პოლიციას ჩაბარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ზურაბ ზვიადაურმა საპასუხო სროლა განახორციელა. „ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც. 1976 წელს დაბადებული ზ.ზ. 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ.“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ეტაპზე ზურა ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ოლიმპიური ჩემპიონის ადვოკატმა, მაგდა კოტრიკაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ხვალ წაუყენებენ.

„ამ ეტაპზე ორივე დაკავებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დაცვის სტრატეგიიდან გამოდინარე, მაშინ, როდესაც სრულად არ არიან გამოკითხული მოწმეები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, არ ვთვლი და არ მიმაჩნია სწორ პოზიციად საქმის დეტალებზე საჯარო სივრცეში საუბარი“, - განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.

For.ge მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ზურაბ ზვიადაურის მეგობრებს დაუკავშირდა. ჩვენ მათგან შეევეცადეთ დეტალური ინფორმაციის მოპოვება.

ძიუდოისტი ავთო ჭრიკიშვილი, როგორც გრდაცვლილ ზვიად ზვიადაურს, ასევე ოლიმპიურ ჩემპიონს დადებით პიროვნებად ახასიათებს. მისთვის წარმოუდგენელია, რომ პირველს ზურას ესროლა.

„გაოგნებული ვარ, რაც მოხდა. ზურაზე შემიძლია გითხრათ, რომ არის ერთგული პიროვნება, რომელიც ყოველთვის გვერდში გვედგა მეც და ვარლამ ლიპარტელიანსაც. თუ რამეში დახმარება გვჭირდებოდა, ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა. ჩვენ კი არადა 15-16 წლის ბავშვებს გზაზე აყენებდა. წლებია ზურას ვიცნობ და ჭიანჭველასაც კი ფეხს არ დაადგამს ისეთია. რაც მოხდა, შოკში ვარ.

რაც შეეხება ზურას გარდაცვლილ ძმას, მასაც ვიცნობდი და ისიც ძალიან კარგი ადამიანი იყო. მიჭირს ზვიადიზე წარსულში ლაპარაკი. ზურაზე დიდი იყო და სულ ყურადღებას აქცევდა. თუკი ზურა სადმე სუფრაზე იყო და სვამდა, ზვიადი არ დალევდა და საჭესთან ის დაჯდებოდა. წესიერი და მშრომელი ბიჭი იყო. რაც შეეხება მომხდარს, როგორც ინფორმაცია მაქვს, მუშებმა სამშენებლო ობიექტიდან ფიცრები მოიპარეს. ზვიადიც იქ მუშაობდა და მისი მიყვანილი მუშები იყვნენ. ზურას დიდი მანქანები ჰყავს, ზვიადი მშენებლობაზე მის მანქანებს ამუშავებდა და თან თავიანთი მუშები ჰყავდა. მშენებლობის უფროსმა ამათ დაურეკა, რომ რაღაც მოიპარეს და ამოდითო. შემდეგ, კი ის საშინელი ამბავი მოხდა, რაც მოხდა. სულ არაფრის გამო, 4 ფიცრის მოპარვის გამო მოხდა ეს ტრაგედია“, - გვითხრა ავთო ჭრიკიშვილმა.

For.ge ასევე ზვიადაურების ოჯახის ახლობელს, დავით ავალიშვილს დაუკავშირდა. ავალიშვილისთვის უცნობია, წინანდალში რა მოხდა, რადგან საქართველოში არ იმყოფება, თუმცა, ზვიადაურებს ის ასე ახასიათებს: „მე მხოლოდ დადებითი მხარეები ვიცი როგორც ზურაზე, ასევე მის ულამაზეს ოჯახზე და ოჯახის წევრებზე. არც მოგონება და არც ფანტაზიორობა მინდა, რადგან ზურა არის ნამდვილი ადამიანი, გულიანი, ჯიგრიანი, ყველასთან ტკბილად მოსაუბრე, სიყვარულით სავსე, რომელიც არ გააფუჭა არც პოლიტიკამ და არც ოლიმპიურმა ჩემპიონობამ. იყო ვაჟკაცი, არის და ყოველთვის ვაჟკაცად დარჩება. არც იდეოლოგიას და არც მეგობრებს, არასოდეს გაცვლის ფულში, ან თანამდეგობისთვის. კაცური კაცი, ძალიან მხიარული და ხუმრობის მოყვარულია, რაიმე კონფლიქტის ინიციატორი ეგ არასოდეს ყოფილა და თუ რაიმეს წერენ, ეს მისი მტრები არიან, რომლებიც ხარობენ ტრაგედიაზე.

ორივე ძმები საუკეთესო ვაჟკაცი ბიჭები იყვნენ. ზვიადი ცხონებული, უსაყვარლესი და ძალიან თბილი ახალგაზრდა კაცი, სტუმართმოყვარე და გაჭირვებულის დამხმარე იყო. ზურას მეუღლე - ქალობის, პატიოსნების და მეუღლეობის ეტალონია. მშობლები - სასწაული თბილი ხალხი და რაც მთავარია, სულ უბრალოები, რაც ჩვენ ყველას გვაკლია, სამწუხაროდ. უმაღლეს ოჯახში, უდიდესი ტდრაგედია მოხდა და უფალმა გააძლიეროს ყველა“, - გვითხრა ზვიადაურის ოჯახის ახლობელმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გელა სამხარაული ყოფილ თანაგუნდელსა და ოლიმპიურ ჩემპიონს ასე ახასიათებს: „უპირველეს ყოვლისა მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. რაც შეეხება ზურას, ყველა ქართველისთვის საამაყო სპორტსმენია. დამოუკიდებელ საქართველოში ის პირველი ოლიმპიური ჩემპიონია, შესაბამისად, მის მიმართ პატივისცემა ყველას აქვს. ზურას მებრძოლი ხასიათი ჰქონდა და ყოველთვის ორიენტირებული იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩართულიყო ჯანსაღი ცხოვრების წესში, სპორტში. სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია რა მოხდა წინანდალში. მეც ის ვიცი, რაც მედია საშუალებებით ვრცელდება“, - გვითხრა გელა სამხარაულმა.