ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობა აღინიშნა იმით, რომ მან წინამორბედი პრემიერის მიერ ხანგრძლივად შენარჩუნებული „ლოკდაუნი“ გააუქმა და მთელი რიგი შეზღუდვები ელვის უსწრაფესად მოხსნა. თუმცა დღეს, როდესაც კორონავირუსის მაღალი დადებითობის მაჩვენებელია და ისევ ტრანსპორტის შეჩერება დადგა დღის წესრიგში, კითხვა ჩნდება, ვინ უკეთ უმკლავდებოდა კოვიდს-გახარია, თუ ღარიბაშვილი? როდესაც კრიზისმენეჯერის თვისებებზეა საუბარი, რა უფრო გონივრული იყო, გახარიას პრემიერობისას ხანგრძლივვადიანი „ლოკდაუნი“, თუ ახლანდელი სამკვირიანი შეზღუდვები?
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პანდემიას პოლიტიკურ მომენტთან ვერ დააკავშირებს, რადგან მაშინ სხვა სიტუაცია იყო, ახლა სხვა სიტუაციაა. იმ დროს მხოლოდ ბრიტანული შტამი არსებობდა, ამჯერად უკვე შტამების რაოდენობა 4-5 და მეტიცაა.
„ბევრად ადვილია თავიდან „ლოკდაუნის“ გამოცხადება, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რა რთული მდგომარეობაც გამოიწვია ეკონომიკური თვალსაზრისით „ლოკდაუნებმა“. ბევრი ადამიანი მშიერ-მწყურვალი დარჩა, სამსახური დაკარგეს. ეკონომიკურად ისედაც დაზარალებული ქვეყნისთვის თავიდან „ლოკდაუნის“ გამოცხადება პრობლემური აღმოჩნდება. ვფიქრობ, სწორად აღიქვამს ახლანდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას და არ გამოაცხადებს ისეთ მკაცრ „ლოკდაუნს“, როგორც თავიდან იყო. იმ პერიოდში „ლოკდაუნი“ საჭირო გახლდათ, რადგან ვირუსი ახალი შემოსული იყო და სწორედ „ლოკდაუნმა“ გააჩერა მაშინდელი შტამი. თანაც, ნუ გვავიწყდება, რომ იმ შტამს ბევრად ნაკლები გადამცემლობის უნარი ჰქონდა. ინდური შტამი კი ბევრად უფრო აქტიურია და 70%-ით მეტი გადამდებლობის უნარი აქვს, შესაბამისად, მეტი ადამიანი სნეულდება“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.
მისივე თქმით, შევეჩვიეთ, რომ ყველანი ვაბრალებთ ვიღაცას რაღაცას. ამ დროს მთავარია, როგორ მიმდინარეობს აცრები. ახლა დაიწყეს აცრა შიშის ფონზე, მართლაც შეეშინდა მოსახლეობას და საკმაოდ გაზრდილია ვაქცინაციის აქტიობა. თუმცა მაინც არ არის საკმარისი. აქამდე ბევრი ქვეყანა მთლიანად აიცრა, ჩვენი პატარა ქვეყანა ჯერჯერობით ვერ აღწევს 70-80%-საც კი. ამიტომ ნუ გვიკვირს ასეთი მდგომარეობა.
„ზოგიერთი ფიქრობს, ხელისუფლება ელოდება, როდის დაიკლებს პიკი. მე არ ვარ ხელისუფლების წევრი და მათ გუნდში შემავალი პიროვნება, უბრალოდ, ექსპერტი ვარ და დაახლოებითი პროგნოზის გაკეთება შემიძლია. ვფიქრობ, თუ ადამიანები დაიცავენ თავს, სტატისტიკურად მცირე მატება იქნება. თუ ეს არ მოხდება, მაშინ შეიძლება კიდევ ერთი ტალღა მივიღოთ და სწორედ ამ ტალღების ფონზე ხდება ახალი ვირუსული შტამის ჩამოყალიბება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
გახარიას და ღარიბაშვილის პერიოდების შეფასებისას ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული აცხადებს, რომ ერთი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ჩაკეტილი იყო ყველაფერი და შეუძლებელია ასე გაგრძელება. ყველა ქვეყანამ, როგორც კი გამოსწორდა სიტუაცია, გახსნა საზღვრები. ისრაელში მასობრივად აიცრნენ და გახსნეს ყველაფერი, ახლა ისევ შემოიღეს შეზღუდვები. ჩვენს სინამდვილეში დიდი გაჭირვებაა, ჩვენს რეგიონებში ხალხი ტიროდა იმის გამო, რომ ზაფხულის სეზონზე ტურისტი ვერ იშოვეს და შიმშილით მოკვდებოდნენ, თუ ვირუსით, მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.
„ახლა ქალაქიდან ვიყავი გასული, ხალხი მუშაობს რეგიონებში. სახელმწიფოს რომ შეეძლოს, ჩაკეტოს ყველაფერი, და ადამიანები უზრუნველყოს სარჩო-საბადებლით, იდეალური შემთხვევა იქნებოდა, მაგრამ ამას მდიდარი ქვეყნებიც ვერც აკეთებენ. საფრანგეთსა და გერმანიაშიც კი, რომელიც საოცრად მოწესრიგებულია, იმხელა გამოსვლები იყო, კიდევ ჩაკეტვა რომ დააპირეს, მაშინვე მიტინგები გაიმართა. ხალხის განწყობას ანგარიშის გაწევა უნდა. ის პერიოდი გავიდა, როდესაც 900 დაინფიცირებული ცხადდებოდა, ყველანი შიშით ვუყურებდით ერთმანეთს და სახლში ვიყავით გამოკეტილები, შეეგუა ხალხი ამ საფრთხეს და, რომც ჩაკეტონ ყველაფერი, არ მუშაობს უკვე ჩაკეტვები. ცხადია, ეს შეგნებას უკავშირდება, მაგრამ სხვა ფაქტორებიც ერთვება ამაში. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხომ ვიცით, რომ პირბადე უნდა გვქონდეს გაკეთებული, მესამედი მაინც არ იცავს ამ წესს, ან ფორმალურად უკეთია პირბადე“, - აცხადებს ავთანდილ არაბული ჩვენთან საუბრისას.
მისივე მოსაზრებით, ახალი შტამის გავრცელება ტურისტებსაც შეიძლება დავუკავშიროთ, მაგრამ მაინც უფრო მეტად გვესაჭიროება, ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება. აქ საზოგადოების პასუხისმგებლობა უფრო მეტია. არ უნდა მივუტანოთ ვირუსი შვილებს და შვილიშვილებს, პირბადე ამ საქმეში ნამდვილად შველის.
ავთანდილ არაბულის თქმით, პირადად იგი ისეთი რეჟიმის ადამიანია, არასდროს ჩაკეტილა, მუდამ მოძრაობდა, გასვენებებშიც ყოფილა, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც რეგულარულად უსარგებლია, იმ გარემოცვაშიც ყოფილა, სადაც მერე აღმოჩნდა, რომ კორონა დადასტურდა, მაგრამ პირბადემ ყველა სიტუაციაში დაიცვა.
„პირბადის ტარების წესს ნამდვილად ვიცავ. ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია, გავუმკლავდეთ ვირუსებს. ვირუსების შემოტევა კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან ეკოლოგია დარღვეულია და ადამიანის იმუნიტეტი დაქვეითებულია. მე მგონი, მიაღწევს კაცობრიობა, ისეთი ვაქცინა გამოიგონოს, რომელიც უფრო ეფექტური იქნება“.