ამერიკელმა მსახიობმა, ჯონი დეპმა, The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლივუდი მას ბოიკოტს უცხადებს. დეპის თქმით, მისი ამ დროისათვის ბოლო ფილმი, მინამატა, აშშ-ში ჯერ კიდევ არ გამოსულა, ამისი მიზეზი კი მისი რეპუტაციის ცვლილებაა.
ფილმი, რომელშიც დეპი მთავარ როლს ასრულებს, ფოტოჟურნალისტ ვ. იუჯინ სმითის შესახებაა. სმითი გასული საუკუნის 70-იან წლებში იაპონიაში, მინამატას რეგიონში ჩავიდა, სადაც მერკურით დაბინძურების შედეგად ადგილობრივები დაავადდნენ.
"ზოგიერთი ფილმი ადამიანების გულთან ძალიან ახლოს მიდის", — აღნიშნა დეპმა გამოცემასთან საუბარში, — "ეს კი მინამატაში მცხოვრებ ხალხს და მათაც ეხება, ვინც, მსგავსი რამ გამოსცადა. და, რაც უნდა იყოს... თუნდაც ჰოლივუდის ბოიკოტი... ჩემდამი? ერთი კაცი, ერთი მსახიობი უსიამოვნო და გაურკვეველ სიტუაციაში, მთელი ამდენი წლის განმავლობაში?"
The Times-ის ცნობით, ეს დეპის პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც მან გამოცემა The Sun-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო და წააგო. მსახიობმა მთავარ რედაქტორს, დენ ვუტონს, მას შემდეგ უჩივლა , რაც 2018 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოცემამ იგი "ცოლზე მოძალადედ" მოიხსენია. საქმე ყოფილ ცოლთან, ამბერ ჰერდთან, ურთიერთობას უკავშირდებოდა, რომლის ბრალდებებს დეპი კატეგორიულად უარყოფს.
The Times ასევე ესაუბრა მინამატას რეჟისორს, ენდრიუ ლევიტასს. წინა თვეში ლევიტასმა კინოკომპანია Metro-Goldwyn-Mayer დეპის გარშემო შექმნილი ხმაურის გამო აშშ-ში ფილმის არგამოშვებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფილმი მაყურებელმა ნახოს და მას მხარი დაუჭიროს.
ივლისის ბოლოს, კინოკომპანიამ განაცხადა, რომ მინამატას გამოშვება სამომავლო გეგმებში რჩება, თუმცა, პრემიერის ზუსტი თარიღი უცნობია.
ცოტა ხნის წინ კი, სან-სებასტიანის კინოფესტივალმა ჯონი დეპს საპატიო ჯილდო გადასცა, რასაც კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. კინოფესტივალს მოგვიანებით საკუთარი გადაწყვეტილების დაცვა მოუწია.
"ახლანდელ დროში, როცა სოციალურ ქსელებში ადამიანების ლინჩის წესით გასამართლება გავრცელებული ფენომენია, ყოველთვის დავიცავთ ორ უმთავრეს პრინციპს, რომელიც ჩვენი კულტურიდან და სამართლიდან წარმოდგება: უდანაშაულობის პრეზუმფციას და რეინტეგრაციის უფლებას", — განაცხადა ფესტივალის დირექტორმა, ხოსე ლუის რებორდინოსმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, წაგებული სასამართლო დავის შემდეგ, Warner Bros.-მა ჯონი დეპს ჯადოსნური არსებების ფილმების სერიაში გრინდელვალდის როლის დატოვება მოსთხოვა. სერიის მესამე ნაწილში დეპს მადს მიკელსენი შეცვლის.