ვან პერსი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაასრულებს

ვან პერსი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაასრულებს

გასული წლის ზაფხულში ჰოლანდიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ ლონდონი დატოვა და სერ ალექს ფერგიუსონის კლუბს შეუერთდა. „არსენალის“ ფრანგ თავკაც არსენ ვენგერს 29 წლის შემტევთან გამოთხოვება არ სურდა, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა თავად მოთამაშემ მოისურვა.

იმ პერიოდში ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ფერგიუსონმა ვენგერს პირადად დაურეკა და ხანმოკლე საუბრის შემდეგ ვან პერსის გაშვებაზე დაითანხმა.

ჰოლანდიელმა ახალ გუნდში გამოსვლა შთამბეჭდავად დაიწყო. ინგლისის პრემიერლიგის პირველობაზე „იუნაიტედის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.

დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” ვან პერსისთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ფეხბურთელის განცხადებით, ახალ გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს და კარიერის მანჩესტერში დასრულებაზე ოცნებობს.

„ლონდონიდან წამოსვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. შესანიშნავ გუნდში მოვხვდი, სერ ალექსთან მუშაობა კი დიდი სიამოვნებაა. 29 წლის გახლავართ და კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ.

უახლოეს რამდენიმე წელს ამჟამინდელ კლუბში გავატარებ. მსურს რომ ფეხბურთს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოვეთხოვო. დღევანდელი გადასახედიდან სხვა ევროპულ გუნდში გადასვლას კატეგორიულად არ ვაპირებ. იმედი მაქვს, რომ მანჩესტერში დამაფასებენ და კარიერის „ოლდ ტრაფორდზე“ დასრულების შესაძლებლობას მომცემენ.“ - განაცხადა რობინ ვან პერსიმ.