8 უცნობი ფაქტი ცნობილი მწერლების შესახებ

8 უცნობი ფაქტი ცნობილი მწერლების შესახებ

ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, მწერლები უცნაური ხალხიაო. გასაკვირი არცაა — როცა ნახევარზე მეტ ცხოვრებას გამოგონილ სამყაროებში ატარებ, თითქოს, რეალობის სტუმარი ხარ. ამიტომ, ავტორების ცხოვრებაში, რომელიც ბევრს ძალიან მოსაწყენი ეჩვენება — მთელი დღე კლავიატურის წინ ჯდომა და წერა — არცთუ იშვიათად ხდება საინტერესო ამბები. რადგან მწერლები პოპვარსკვლავებივით და "ინფლუენსერებივით" ცნობილები არ არიან, საზოგადოებაში ეს ამბები ხშირად გაუხმაურებელი რჩება, თუმცა, ერთგულ მკითხველებს არც საყვარელი ავტორების ბიოგრაფიების კირკიტი ეზარებათ და ცდილობენ, მათი აღმოჩენები სხვებსაც გაუზიარონ.

აგათა კრისტიმ წიგნის მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში ეკრანიზაციას წუნი მაინც გამოუნახა

კრისტის ცნობილი დეტექტიური რომანი ფილმად პირველად 1974 წელს გადაიღეს სიდნი ლუმეტის რეჟისურით და ალბერტ ფინით დეტექტივ ერკიულ პუაროს როლში. ეკრანიზაციას დიდი წარმატება ხვდა წილად — ფინი პუაროს განსახიერებისათვის ოსკარის ნომინანტი გახდა, ინგრიდ ბერგმანმა კი კინოაკადემიის ჯილდოს მოპოვება მოახერხა. ამის მიუხედავად კრისტიმ ფილმს წუნი მაინც გამოუნახა.

"ყველაფერი კარგად იყო გაკეთებული, ერთ შეცდომას თუ არ ჩავთვლით", — განაცხადა მაშინ დეტექტივების დედოფალმა, — "ჩემი დეტექტივი ერკიულ პუარო ალბერტ ფინიმ განასახიერა. მე კი მიწერია, რომ მას ინგლისში ყველაზე საუცხოო ულვაში ჰქონდა, რაც ფილმში ასე ნამდვილად არ იყო. ვფიქრობ, ეს სამწუხაროა — რატომ არ უნდა ჰქონოდა მას საუკეთესო ულვაში?".

ბავშვობაში კაზუო იშიგურო შერლოკ ჰოლმსით იყო გატაცებული

ნობელიანტმა მწერალმა The New York Times-თან ინტერვიუში გაიხსენა, რომ სკოლაში ყოფნისას გამუდმებით იყენებდა ლეგენდარული დეტექტივის ფრაზებს.

"ხალხი მაშინ ამას ჩემს იაპონელობას მიაწერდა", — აღნიშნა იშიგურომ.

მწერლის თქმით, ბასკერვილების ძაღლი კვლავ მის საყვარელ მოთხრობად რჩება.

"იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ ღამეები არ მეძინა. თუმცა, მგონია, რომ კონან დოილის სამყაროთი სრულიად შეპყრობილი ვიყავი, რადგან, პარადოქსია, თუმცა, ამ დროს ძალიან კომფორტულადაც ვგრძნობდი თავს".

პაულო კოელიო მშობლებმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სამჯერ დატოვეს, რათა იგი მწერალი არ გამხდარიყო

კოელიო მორწმუნე კათოლიკეების ოჯახში გაიზარდა და იეზუიტების სკოლაში დადიოდა. ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მწერლობა უნდოდა, თუმცა, მისი მშობლები ამ განზრახვით დიდად აღფრთოვანებულები არ ჩანდნენ. ბრაზილიელი ავტორის მშობლებს სურდათ, მათი შვილი ინჟინერი გამოსულიყო.

"ჩემმა მშობლებმა ყველაფერი სცადეს, რათა გადავერწმუნებინე", — განაცხადა ალქიმიკოსის ავტორმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუში, — "მოსყიდვაც კი სცადეს. მერე მსუბუქი სასმელების საყიდლად მოცემული ფულიც წამართვეს. ამის შემდეგ ფსიქიატრთან მიმიყვანეს, ბოლოს კი იმედი დაკარგეს და თქვეს, 'ეს ბიჭი შეშლილია. გვიყვარს, თუმცა, შეშლილიაო'".

17 წლის ასაკის შემდეგ, კოელიო მშობლებმა სამჯერ დატოვეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა, იგი სამჯერვე გაიქცა და ოცნება მაინც აისრულა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია, რომლის წიგნები 350 მილიონ ეგზემპლარადაა მსოფლიოში გაყიდული.

ფიოდორ დოსტოევსკის ეპილეფსია ჰქონდა

სტუდენტობისას დოსტოევსკის რამდენჯერმე დაემართა შეტევა, მათ შორის, ყველაზე სერიოზული 1844 წელს. მოგვიანებით, თავის დღიურში შეტევები ნაკლებად აღწერა, თუმცა, მწერლის თქმით, მას ძირითადად ბევრი მუშაობა ან ძილის ნაკლებობა იწვევდა.

ლეგენდარულ ავტორს ეპილეფსიის დიაგნოზი 1849 წელს დაუსვეს — დაახლოებით, იმ პერიოდში, როცა ციხეში მოხვდა.

1928 წელს, დოსტოევსკის გარდაცვალებიდან 47 წლის შემდეგ, ზიგმუნდ ფროიდმა ივარაუდა, რომ მწერლის შეტევები ნევროზით იყო გამოწვეული და ისტეროეპილეფსიად, მწვავე ისტერიად კვალიფიცირდებოდა. თუმცა, თანამედროვე ნეიროლოგებს მიაჩნიათ, რომ დოსტოევსკის ნამდვილად ეპილეფსია ჰქონდა.

წვრილმანების ღმერთში "უხამსობის" აღწერისათვის არუნდატი როის სასამართლოში უჩივლეს

1997 წელს გამოცემულ სადებიუტო რომანს, რომელმაც იმავე წელს ბუკერის პრემია აიღო, ცნობილი ავტორი ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წერდა. წიგნში, რომლისთვისაც როიმ გამოცემამდე მიიღო 500 ათასი ფუნტ სტერლინგი, იგი აღწერს ინდოეთის სოციოპოლიტიკურ რეალობას და კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს ყველაფერს, კასტური სისტემით და ინდოელების ბრიტანელებისადმი დამოკიდებულით დაწყებული ქალებისადმი მოპყრობით დამთავრებული.

კრიტიკოსებისა და მკითხველების გულის მოგების მიუხედავად, როის წიგნს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა თავის სამშობლოში. მწვავე განხილვაში ჩაებნენ მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკოსებიც კი. ერთი იურისტისთვის წიგნის დასასრულს სირიელ ქრისტიანსა და მასზე დაბალი კლასის წარმომადგენელს შორის სექსი იმდენად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა, რომ მან სასამართლოში როის წინააღმდეგ "უხამსობის" აღწერის ბრალდებით შეიტანა საჩივარი.

იურისტმა საბუ თომასმა როის კერალას რეგიონში უჩივლა — სადაც მწერალი გაიზარდა და ასევე სადაც წიგნში ხდება მოქმედება. დავა თითქმის ათი წელი გაგრძელდა, როი კი სასამართლო პროცესზე ბევრჯერ დაიბარეს. ერთხელ გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც კი, ის შეიძლება დაეკავებინათ. ბოლოს, როცა საქმე ახალმა მოსამართლემ გადაიბარა, მწერალს ყველა ბრალდება მოეხსნა.

სალმან რუშდის შუაღამის შვილებს გამოცემა "არ ეწერა"

კიდევ ერთი ინდოელი ავტორი, რომლის შემოქმედებით ცხოვრებასაც საზოგადოების ხმაური არ დაჰკლებია, სალმან რუშდია. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი, შუაღამის შვილები, ბუკერის პრემიის სამგზის მფლობელი გახდა. თუმცა, მწერლის თქმით, ამ წიგნის გამოცემას პირი არ უჩანდა, რადგან გამოსვლის თარიღმა რამდენიმეჯერ გადაიწია.

თავდაპირველად, მიზეზი აშშ-ში სტამბის თანამშრომელების გაფიცვა იყო. ამას მოჰყვა იმ სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების გაფიცვა, რომელთაც წიგნის დაბეჭდილი ეგზემპლარები ინგლისში უნდა ჩაეტანათ. თითქოს ეს არ კმაროდა, ტრანსპორტირებული წიგნების დასაწყობებაზე პასუხისმგებელი პირებიც გაიფიცნენ.

თუმცა, ლოდინი აშკარად ღირდა, რადგან როცა წიგნმა, როგორც იქნა, მკითხველამდე მიაღწია, მას აღფრთოვანებით შეხვდნენ.

კორმაკ მაკართის თქმით, წარმოდგენა არ აქვს, თავის წიგნში აპოკალიფსი როგორ მოხდა

ცნობილი ამერიკელი მწერლის პოსტაპოკალიფსური ჟანრის რომანი, გზა, რომელიც 2006 წელს გამოიცა, პულიცერის პრემიის მფლობელი გახდა. მასში თხრობა ყოველგვარი შესავლის გარეშე იწყება, ისე, რომ მკითხველი ვერც კი იგებს, რა იქცა ასეთი უბედურებების დასაწყისად.

და მაინც — რა იყო ეს? ბუნებრივი კატასტროფა, რომელმაც კაცობრიობა თითქმის მთლიანად გაანადგურა? თუ ყველაფერი კვლავაც ადამიანმა ჩაიდინა?

The Wall Street Journal-თან ინტერვიუში მაკართიმ განაცხადა, რომ თავადაც არ აქვს წარმოდგენა, რა მოხდა გზაში აღწერილ მოვლენებამდე. თუმცა, გაამხილა, რომ სხვა ადამიანების მოსაზრებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით მოსწონს. მაგალითად, თავისმა რამდენიმე მეგობარმა სამეცნიერო წრეებიდან, კერძოდ გეოლოგებმა, დაასკვნეს, რომ ყველაფერი მეტეორის ბრალი იყო.

ლევ ტოლსტოის ომი და მშვიდობის დასაწყისის წერა გაუჭირდა

ცნობილ რუს მწერალს თითქმის მთელი წელი დასჭირდა, რათა წიგნისთვის ომი და მშვიდობა შესავალი დაეწერა. უფრო სწორად, ბევრჯერ დაწერა, თუმცა, არცერთი არ მოსწონდა. ამ დროის განმავლობაში მან დასაწყისის 15 სხვადასხვა ვერსია, ოთხი შესავალი და წინასიტყვაობა შექმნა.