„კოვიდპანდემიის პერიოდში ქვემო ქართლში რეგულაციებს არღვევდნენ, რადგან იქაურებს არ ესმოდათ, რას ეუბნებოდნენ, ქართული არ იცოდნენ“

„კოვიდპანდემიის პერიოდში ქვემო ქართლში რეგულაციებს არღვევდნენ, რადგან იქაურებს არ ესმოდათ, რას ეუბნებოდნენ, ქართული არ იცოდნენ“

„2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე გამართულად ისაუბრებს ქართულ ენაზე“, - ასეთია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კონკრეტული ამოცანა. პრემიერის განცხადებით, მისთვის ძალზე მტკივნეულია ის ფაქტი, რომ დღეს ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ საუბრობს და ვერ წერს ქართულ ენაზე. ამიტომ 2030 წელი გარდამტეხი უნდა გახდეს ამ თვალსაზრისით.

პრემიერის თქმით, ჩვენი პარლამენტის წევრები, ეთნიკურად აზერბაიჯანელები, გამართულად საუბრობენ ქართულ ენაზე, არიან წარმატებული ახალგაზრდები და მათ თავიანთი შრომით, განათლებით, ცოდნით მიაღწიეს ამ შედეგს, რომ გახდნენ პარლამენტის წევრები. თუმცა მანამდეც შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდათ. პრემიერის სურვილია, ბევრი ასეთი ახალგაზრდა იხილოს პარლამენტში, სამინისტროებში, მინისტრებად, მინისტრების მოადგილეებად. ამისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა, ქართული ენა შევასწავლოთ ყველა ჩვენს მოქალაქეს.

როდის გაჩნდა ენობრივი ბარიერი პრობლემა ჩვენს არაქართულენოვან მოსახლეობასთან? ამის შესახებ for.ge-ს ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული ესაუბრა.

პრემიერის ინიციატივით, 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე გამართულად ისაუბრებს ქართულად. უკვე წლებია, ყველა ხელისუფლების პირობებში არაქართულენოვანი მოსახლეობა ქართული ენის შესწავლას არ მიიჩნევს პრიორიტეტად. განსაკუთრებით, რომელი რეგიონისთვის რჩება ეს სერიოზულ გამოწვევად?

- ეს სერიოზული პრობლემაა. ამიტომაც მიაქცია პრემიერმა ყურადღება. აუცილებელია არაქართულენოვანი მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაცია, გაუცხოების დაძლევა, რადგან ეს რეგიონები განსაკუთრებით, 90-იანი წლების შემდეგ იზოლაციაში მოექცა. ნაწილობრივ, ეს რეგიონული განვითარების საკითხსაც უკავშირდება, ასევე, უკავშირდება განათლებას, ეკონომიკას. ამან გამოიწვია, რომ, ადრინდელისგან განსხვავებით, თაობები გაიზარდა, რომელთაც ქართული საერთოდ არ იციან, ანუ სახელმწიფო ენა არ იციან. ეს საკითხი აისახა კიდეც სახელმწიფო ენის კანონში, რომელიც პარლამენტმა 2015 წელს მიიღო და 2016 წლის თებერვლიდან ამოქმედდა. მოგვიანებით დაარსდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, როგორც ჩანს, ეს დეპარტამენტი კვირიკაშვილმა მიზანშეწონილად არ ჩათვალა, ორი წელი აჯანჯლებდა ამ საქმეს და 2018 წლიდან იძულებული გახდა, შეექმნა ეს დეპარტამენტი, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. არადა, ამაზე იყო ძირითადი იმედი დაფუძნებული, რომ სახელმწიფო უწყებას მიეხედა ამ პრობლემისთვის. ცხადია, საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა. უფრო მეტიც, საჯარო მოხელე ვალდებულია იცოდეს სახელმწიფო ენა. თუმცა არაქართულენოვან რეგიონში საჯარო მოხელეების უმეტესობა არ ფლობს სახელმწიფო ენას. უპირველეს ყოვლისა, ეს მოთხოვნა უნდა განხორციელდეს.

აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან კომპაქტურად მცხოვრებ მოსახლეობას გარე კომუნიკაცია უჭირს და ენობრივი ბარიერი ექმნება, მაგრამ რამდენად სურთ თავად, შეისწავლონ ის ენა, სადაც ცხოვრობენ?

- სხვათა შორის, ამ რეგიონების მოსახლეობას საკმაო მოტივაცია აქვს ქართული ენის სასწავლებლად. არ უგულებელყოფენ ამას, ყველა ცდილობს, თავის შვილს ასწავლოს ქართული. საინტერესოა, რომ კანონპროექტის განხილვის დროს ახალქალაქიდან ჩამოსული სომეხი კაცი თავიდან აგრესიულად იყო განწყობილი, მაგრამ შემდეგ, როცა მიხვდა, რაზე იყო საუბარი, აღიარა, მე რაც სირთულეც მინახავს ქართული ენის არცოდნის გამო, ამას ჩემს შვილს რატომ ვუსურვებ, მასწავლეთ და თანახმა ვარო. მოწადინება რომ დიდია, ეს გამოჩნდა იქიდანაც, რომ ლევან ღვინჯილიას ხელმძღვანელობით ენის სახელმწიფო პალატამ ბევრი რამ გააკეთა ამ თვალსაზრისით. განსაკუთრებით, ქვემო ქართლში კონკურენცია იყო ქართულ სკოლებში ბავშვების შეყვანაზე. ვერ აუდიოდნენ, იმდენი განცხადება იყო ქართულ სკოლებში ბავშვების შესაყვანად. ასე გაიზარდნენ ბავშვები, რომლებიც შესანიშნავად ფლობენ ქართულს.

მარნეულში ერთ-ერთ ღონისძიებას დავესწარი, სადაც აღმოჩნდა, რომ იქაური სკოლის ბავშვები ქართულადაც წერდნენ ლექსებს. მოტივაცია არსებობს, ამიტომ სახელმწიფო მოვალეა, უზრუნველყოს ამ კონტინგენტის არა მხოლოდ სასკოლო, არამედ საჯარო მოხელეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება. ადგილზე უნდა იყოს ასეთი ცენტრები გახსნილი.

წლების წინ არაქართულენოვან რეგიონებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებზე მოთხოვნა არსებობდა, პედაგოგი, რომელიც ამ რეგიონებში წასვლას გადაწყვეტდა, მაღალი ანაზღაურებით იყო უზრუნველყოფილი. ამ პროექტმა გაამართლა?

- განსაკუთრებით, 90-იან წლებში მოხდა კავშირ-ურთიერთობების გაწყვეტა, ახლაც არაქართულენოვან მოსახლეობაში შვილების თაობა კი სწავლობს ქართულს, მაგრამ ეს ერთეულებია, რადგან, მოგეხსენებათ, ამ რეგიონებში დიდი კონტინგენტი ცხოვრობს. უმეტესობა ენის გარეშე რჩება. ვერც სკოლები უზრუნველყოფენ ამას, რადგან სწორედ კადრები არ ჰყავთ. ის კადრი, რომელიც გაიგზავნა, დღესაც არის ბევრგან დარჩენილი, არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებენ ისინი. ამას წინათ ერთი სვანი ქალბატონი აჩვენეს, რომელიც წარმატებით მუშაობს არაქართულენოვან მოსახლეობასთან დმანისში, შესანიშნავი შედეგი აქვს, ასეთი ენთუზიასტები არიან, მაგრამ აუცილებელია, ეს სახელმწიფოებრივად ორგანიზებული იყოს, სათანადო რესურსებით, სახელმძღვანელოებით, ანუ მასობრივად უნდა მოხდეს ენის დაუფლება. არ უნდა იყოს დისკრიმინაციის საგანი, რომ ვიღაცამ მოახერხა სწავლება, ვიღაცამ არა. სახელმწიფო ენის კანონის თანახმად, ენის ფლობის დოკუმენტი სკოლის დამთავრების დიპლომია. მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლის დამთავრების დიპლომია იმის დოკუმენტი, რომ მოსწავლე ფლობს სახელმწიფო ენას. პროგრამულად, არაქართულენოვან სკოლებშიც გათვალისწინებულია, რომ საკმარისად იყოს შესწავლილი სახელმწიფო ენა. თუმცა რამდენად ისწავლება რეალურად, ეს სხვა საკითხია. თუ არ ისწავლება, ე.ი. ეს მიუხედავი საქმეა, თორემ, სინამდვილეში, ქართული ენის სწავლების საფუძველი მომზადებულია.

ნაწილობრივ, ქართული სახელმწიფოც ხომ არაა დამნაშავე, რომ, როცა თანამდებობებზე ნიშნავს არაქართულენოვან მოხელეებს, ხომ უნდა იცოდეს, იცის თუ არა ამ ადამიანმა ქართული, პატივს სცემს თუ არა სახელმწიფო ენას?

- კანონი ამას მოითხოვს კიდეც, რომ საჯარო მოხელემ იცოდეს ქართული ენა. ზაურ დარგალი რომ არის, აზერბაიჯანელების წარმომადგენელი პარლამენტში, იმის მაგალითია, როგორ მშვენივრად მეტყველებს, ურთიერთობა არ უჭირს, გონებაგახსნილი ადამიანია. ასეთი ახალგაზრდები უნდა შეირჩნენ საჯარო მოხელეებად, ასეთი წარმატებული ადამიანი დანარჩენებისთვისაც ორიენტირია, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა ნიშნავს, ადამიანს გზა ხსნილი ექნება მაღალ თანამდებობებზე.

ფსიქოლოგიურადაც არ დაშორდებიან ქართულენოვან მოსახლეობას.

- ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მტკივნეული პრობლემა აქვს ურთიერთგაუცხოება. თბილისში არ გვესმის ერთმანეთის და ვჭამთ ერთმანეთს, რეგიონები კი საერთოდ გაუცხოვდა. რეგიონალური მართვის პრობლემები არსებობს, მნიშვნელოვანი იქნებოდა ეკონომიკური კავშირების აღდგენაც, ბაზარი აერთიანებდა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს. ადრე თბილისის საკოლმეურნეო ბაზრები სავსე იყო რეგიონებიდან ჩამოსული მოვაჭრეებით, ყველამ იცოდა საკომუნიკაციო ქართული. ენას სწავლობს ადამიანი იმდენად, რამდენადაც ეს მისთვის აუცილებელია. გადამყიდველები, ახლა დისტრიბუტორებს რომ ეძახიან, მაინც შუალედური რგოლია და გლეხობა ვეღარ შედის ბაზარში, ურთიერთობა შემცირდა. შარშან კოვიდპანდემია რომ დაიწყო, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კარგა ხანს ჩაკეტეს ქვემო ქართლი, იქაურები რეგულაციებს არღვევდნენ, გამუდმებით ჩხუბი იყო დაჯარიმების გამო, მაშინდელ სიტუაციაში მთავარი პრობლემა გამოჩნდა, რომ იქაურებს არ ესმოდათ, რას ეუბნებოდნენ, რადგან ქართული არ იცოდნენ. ქართულ სატელევიზიო არხებს არ და ვერ უყურებდნენ, სხვა არხები ჰქონდათ ჩართული.

ოკუპანტი ქვეყნის ენაზე-რუსულად უფრო კარგად მეტყველებენ ეს ადამიანები, ვიდრე ქართულად.

- რუსული მათ იმთავითვე იცოდნენ, რადგან ეს სჭირდებოდა ყველა რესპუბლიკის მოსახლეობას. ახალმა თაობამ, 30 წლის და უფრო ნაკლები ვინცაა, არც რუსული იცის, არც ქართული. კომუნიკაცია როგორ დავამყაროთ, აზერბაიჯანული ჩვენ არ ვიცით, ამიტომ სრული ვაკუუმია.

უცხოეთში პრინციპულად უდგებიან სახელმწიფო ენის ცოდნას და, თუ ენა და კონკრეტული ქვეყნის ისტორია არ იცი, მოქალაქეობასაც ვერ მიიღებ. ჩვენც უფრო პრინციპულები ხომ არ უნდა ვიყოთ?

- დამოუკიდებლობის პერიოდის დასაწყისიდანვე, როდესაც ეროვნული ხელისუფლება მოვიდა, ჩვენს მოქალაქეებს და მათ შთამომავლებს მოქალაქეობა მიენიჭათ საცხოვრებელი ცენზის მიხედვით, ანუ, სადაც ცხოვრობდნენ, იმის მიხედვით, მოქალაქეები გახდნენ. თუმცა არსებობს მოქალაქეობის მიღების ე.წ. ნატურალიზაციის წესი, რომლის დროსაც, კანონის მიხედვით, განმცხადებელი ვალდებულია, ჩააბაროს ქართული ენა, აიღოს ენის ფლობის სერტიფიკატი და მხოლოდ ამის შემდეგ მიენიჭება მოქალაქეობა.

 

Katana ბ-ნ ამირანს ეხსომება პავლე გილაშვილი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე იყო შევარდნაძის დროს... მარნეულში გამოვიდა ერთხელ სიტყვით და ასეთი სიბრძნე დააფრქვია: - ესენი თუ არ სწავლობენ ქართულს, ჩვენ ვისწავლოთ აზერბაიჯანული და მათ ენაზე ველაპარაკოთო!

აი, ასეთი მიდგომა ჰქონდა ქართულ მთავრობას ეროვნულ საკითხში ყოველთვის და იმიტომაც არ სწვლობდნენ სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებული ჩვენი რეგიონები ქართულს: არ სჭირდებოდათ!
3 წლის უკან
Katana ბოდიშს ვიხდი მექანიკური შეცდომისათვის! - ამირანი მიწერია ავთანდილის მაგივრად :((
3 წლის უკან