"პოლიციის ჰიმნის დაწერას, მირჩევნია, პოლიციაში ვმუშაობდე!.."

ცხრა თვეა, რაც მუსიკოსი რობი კუხიანიძე ბაბუა გახდა. პატარა ალექსანდრე მისი პირველი შვილიშვილია. ამბობს, რომ ჯერ ბაბუობა ბოლომდე არ აქვს აღქმული, მაგრამ თავისი ინტერპრეტაციით იავნანას მაინც უმღერის. თხუთმეტი წელია, რაც "აუტსაიდერის" სოლისტი თბილისში ქირით ცხოვრობს. ახლა ერთოთახიან "ხრუშჩოვკაშია", მაგრამ მაინც კარგად გრძნობს თავს, რომ არავის დაკვეთას არ ასრულებს და უბრალოდ, რობერტიაა კუხიანიძე - ასე გაეცნო ჩვენს ფოტოკორესპონდენტს, სანამ ინტერვიუს დავიწყებდით.

- როგორ ხართ, რობი, რა ხდება ახალი და საინტერესო თქვენს ცხოვრებაში?
- ცხრა თვეა, ბაბუა გავხდი. ეს რაღაც ახალი ეტაპის დასაწყისია. ჯერ კიდევ არ მაქვს აღქმული ის სინამდვილე, რასაც ბაბუობა ჰქვია. ჩემი გოგონა 19 წლის იყო, როცა გათხოვდა, ადრეა? რა ვიცი, მე ვფიქრობდი, ხომ არ დააგვიანა-მეთქი (იღიმება). ალექსანდრე სხვანაირ გარემოში იზრდება, რადგან ჩვენთან სულ ხმაურია. ცხოვრობს, როგორც ჩამოყალიბებული პიროვნება. ერთოთახიან "ხრუშჩოვკაში" რომ ცხოვრობ, იქ სიმშვიდეს როგორ შეინარჩუნებ.

- უმღერით ხოლმე?
- ჩვენთან სულ სიმღერაა. მე ჩემებურად, საკუთარი ინტერპრეტაციით ხანდახან იავნანას ვუმღერი. უცებ იძინებს, ეტყობა, არ უნდა ბევრის მოსმენა. ნათლული მყავს, ორი წლის, და როდესაც ცუღლუტობს, ვეკითხები, გინდა, ახლა იავნანა გიმღერო-მეთქი და არაო, იყვირებს, თავად ცდილობს დაძინებას (იღიმება).

- ისევ ქირით ცხოვრობთ?
- კი, ამ ბინაში ვარ ხუთი-ექვსი წელია. საერთოდ, თხუთმეტი წელია, ქირით ვცხოვრობ. პირველ კლასში იყო ჩემი ბიჭი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ქუთაისიდან დედაქალაქში რომ გადმოვედით. ბინის ყიდვის მცდელობა არც მქონია, მაგას ფინანსები სჭირდება და თან სხვანაირი ადამიანი უნდა იყო, რომ მეორედ სადმე დამკვიდრდე. ჩემი ცხოვრება არ მიშვებდა იქამდე, რომ მაგხელაზე ჩავრთულიყავი თუნდაც მუსიკაში.

- მუსიკით რომ ფული გეშოვათ?
- მაგის მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, რადგან ამ დროს სხვაზე დამოკიდებული ხდები. მაშინ ისეთი მუსიკა უნდა აკეთო, რომ სახელმწიფომ ფული გადაგიხადოს. ამაზე უარი არ მითქვამს, უბრალოდ, არ ვიცი, როგორ უნდა დავწერო, მაშინ უნდა მოვიტყუო.

- ხშირად მოგვისმენია სხვადასხვა პარტიის, სახელმწიფო სტრუქტურების ჰიმნები, ამასაც ხომ მუსიკოსები წერენ.
- ადრე "აუტსაიდერმაც" დავწერეთ ჰიმნი, რომელიც ტუჩის გარმონზე სრულდებოდა და "ლუდის ჰიმნი" ერქვა. კონცერტებს ამით ვიწყებდით. ტექსტიც არ ჰქონდა, უბრალოდ ლა ლა ლა-ს ვამბობდით და ისე, რომ ლუდის დალევა მოგინდებოდა. სახელწიფო ჰიმნის დაწერა? არ ვიცი, როგორი უნდა იყოს. პოლიციასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ პოლიციის ჰიმნის დაწერას, მირჩევნია, პოლიციაში ვმუშაობდე და იმ ჰიმნს ვასრულებდე, რომელსაც დამიწერენ.

- პოლიციელი რობი კუხიანიძე, წარმოგიდგენიათ ასეთი რამ ცხოვრებაში?
- პოლიციაში არასოდეს მიმუშავია, მაგრამ 90-იან წლებში პირველი ქართული გვარდიის ოფიცერი ვიყავი. ერთი წელი ვიმუშავე, მერე რაღაც პრეტენზიები გამიჩნდა და არ მოვეწონე უფროსობას. მაშინ ქალაქელები ჯარში არავის მიჰყავდა. ღრმა სოფლებიდან ჩამოჰყავდათ უპატრონო ბიჭები, ზოგს ბრტყელტერფიანობა სჭირდა, მაგრამ პატრონი არ ჰყავდათ და ვერ შველოდნენ. გვარდიაში აპარატურა მივიტანე, პატარა კლუბი გავაკეთე, პარალელურად საქალაქო ღონისძიებების ჩატარება მიწევდა. პროფესიით მასობრივ ღონისძიებათა რეჟისორი ვარ.

- საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას როგორ ჩაატარებდით?
- დღეს საქართველოს ევროპეიზაციაზე აქვს პრეტენზია, მაგრამ საქართველო, ჩემი აზრით, ევროპისთვის მზად არ არის, ამიტომ რაღაც ძალიან მაგარს და მუსიკალურს გავაკეთებდი.

- სადაც შეიძლება, პირველ პირსაც ემღერა?
- საქართველოში არ მინახავს პირველი პირი, რომელსაც მიახლოებითი დასავლური ან შემოქმედებითი გემოვნება ჰქონდეს. შევარდნაძის პერიოდში და ცოტა მერე, პირველი პირებიდან ხელოვნებაში ზურაბ ჟვანია ერკვეოდა. მას ხელოვნების ნებისმიერი ფორმის აღქმა შეეძლო. ახლა რომ ამბობენ, წურწუმია "პაპსავიკია", რობერტია პანკიო. ყველას თავისი მიმართულება ჰქონდა და მე დღესაც არავინ მაწუხებს. ზურაბ ჟვანიას პირადად ვიცნობდი. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მის სიცოცხლეში ფესტივალი და კონცერტები ტარდებოდა "მზიურში". საქართველოს მისი მსგავსი კულტურის მინისტრი რომ ჰყოლოდა, ხელოვნების მხრივ ძალიან კარგად ვიქნებოდით.

- თქვენი ბოლო სიმღერა "სიყვარული ძნელია", სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ერთ-ერთმა გმირმა შეასრულა და მაყურებლის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.
- ეგ არ არის ჩემი სიმღერა. ვეძებე და არავინ იცოდა, ვინ დაწერა. ერთხელ ზამთარში ბუხართან ვისხედით მეგობრებთან ერთად და ერთ-ერთის მეუღლემ გაგვახსენა, ეს სიმღერა გახსოვთო? და მაშინ შევასრულეთ პირველად. "აუტსაიდერის" სიმღერებით ვაწუხებთ ადამიანს, რაღაცას ვახსენებთ, იმ წუთას მისთვის სარკე ვხდებით, რაც ხანდახან ძალიან არ უყვართ. ჯგუფს სჭირდება, რომ რამდენიმე სიმღერით მაინც სიახლოვე გვქონდეს მასებთან, თორემ ეს კომპოზიცია "ორერას" შესრულებით უფრო მიყვარს.

- თქვენი სიმღერებიდან რომელი გიყვართ?
- მე შემიძლია გითხრათ, რომელი იყო პოპულარული, მაგრამ ტექსტებს რომ გადავხედო, თითქმის ყველაფერი ამიხდა ცხოვრებაში და იქ კარგი არაფერი წერია. ეტყობა, რაღაც არ მომწონდა, ვთქვი, მაგრამ ცხოვრება მაინც ისე გავაგრძელე. მაგალითად, ვიმღერე, "მე აღარ მაქვს კბილები", რა წინასწარმეტყველება მაგას უნდოდა, აღარ მაქვს (იღიმება). ბევრი დავლიე და ასეთი გავხდი, რაც სიმღერებში ვთქვი, იმ გზას მივყვები.

- ბევრი სიმღერა გაქვთ, მათ შორის ისეთი, რომელიც მასებთან მივიდა, მაგრამ კონცერტებს მხოლოდ პატარა კლუბებში მართავთ. ბევრი ისეთი ჯგუფი და მომღერალია, რომელიც ძველმა მთავრობამ კარგად გააპიარა.
- ალბათ გახსოვთ სიმღერა "დიმპიტაური". ეს სიმღერა სტუდიაში ვიღიღინე და შემდეგ ბიჭებმა მითხრეს, დაჯექი, ტექსტი დაწერე, ვიცით, პოპულარული გახდებაო. შემდეგ ნუცა კუხიანიძესთან მივიტანე "სანგუკოში". დიდი ხანი მინდოდა ნუციკოს კლიპში გადაღება. პატარა ფული შევაგროვეთ, ძონძების მაღაზიაში წითელი "საროჩკა" შევიძინეთ, ტყავის ქურთუკი, ჰალსტუხი და განვაცხადეთ, რომ "სანგუკოში" კლიპს ვიღებდით. ტელევიზიები გადამეკიდნენ, რობი, რობი, ექსკლუზივი ჩვენთან მოიტანეო. ჯიპიდან გადმოვდიოდი, ფხიზელი, ხელში ბორჯომის ბოთლი მეკავა. ადრე მხვდებოდნენ და ამბობდნენ, "რობი არის ლოთი, ჯიბეში აქვს ბოთლი" და უცებ სხვანაირი რომ დამინახეს, ბატონო რობის მეძახდნენ. ამან დამაინტერესა, მაგრამ თან გამიჭირდა, მეუხერხულა. შემდეგ კეთილი კლიპი გადავიღეთ, ლამაზი ფერებით. პატარა ბავშვებმა აიტაცეს, კარგი ბიძია გავხდი. პოპულარობამდე მივიდა სიტუაცია, მაგრამ ეს ოთხთვიანი გართობა იყო და აღარ მომინდა იქაური ბატონობა. ისევ ჯინსი მინდოდა მცმოდა და მაშინ მივხვდი, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იმიჯი ყოფილა. პირველად ყველაფერი იმიჯით იწყება და ყველაზე მთავარი ავიწყდებათ, ამ იმიჯს მაყურებელი უნდა ჰყავდეს, რომელიც ამას შექმნის. თქვენ რომელი ქართველი გინახავთ, რომელიც თავის იმიჯში ფულს იხდის. ყველაფერს გადაიხდის, ღირსებას, ქალიშვილობას, კაციშვილობას, მაგრამ ფულს არა... იმიტომ ამბობენ, მოდით, გავუფრთხილდეთ სექსუალურ უმცირესობასო. იმდენი იძახეს, მე აღმოვჩნდი სექსუალურ უმცირესობაში. ის სექსუალური უმცირესობა უმრავლესობაშია მოსული. შეიძლება, მუშაობა მაგით დაიწყო. მე არ მაინტერესებს სამსახური, მაგრამ...

- ჰომოფობიაში დაგდებენ ბრალს...
- რატომ? ჩემს ღირსებაზე ვსაუბრობ. მე პატივს ვცემ ყველას თავის ადგილზე, მაგრამ არ უნდა მაწუხებდეს, ჩემი ღირსება არ უნდა შელახოს.

- თუ მათ მართლაც ჩაგრავენ?
- ვის არ ჩაგრავენ დღევანდელ სახელმწიფოში. გენდერული უფლებები, ქალთა, კაცთა, კარგით რა...

- საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა.
- არა, არაფერი შეცვლილა. სამ თვეში? არაფერი არ იცვლება. ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის გარჩევა მიდის. ახლა ამბობენ, კოაბიტაციაო თუ რაღაც. თანაცხოვრება - დაუკვირდით ამ სიტყვას, ვისთან თანაცხოვრებაზეა ლაპარაკი, ორ მამაკაცს შორის, ორ პარტიას შორის თუ დაპირისპირებულ მხარეებს შორის? ჰომოფობიური ვთქვი რამე? გულწრფელად არ მესმის, რატომ უნდა ვერეოდე ორი მამაკაცის ურთიერთობაში.

- თუმცა ბევრი რამ, რაშიც წინა ხელისუფლებას სდებდნენ ბრალს, აღარ ხდება, თუნდაც წამება ციხეებში.
- მაშინ, უბრალოდ, ის გახმაურდა, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, თუმცა ცოცხი და ასეთი დეტალები არ ვიცოდი. როცა ვნახე, ძალიან "გამიტყდა", შემრცხვა, შეურაცხყოფილი დავრჩი, რომ ამერიკელების მერე ციხეშიც ყველაზე მოუწესრიგებელი ხალხი ვყოფილვართ. ინტერნეტში წამიკითხავს გუანტანამოსა და აბუ გრეიბის ციხეებზე და ამერიკელებს ჩვენ გავასწარით. აი, ეს არის მიმბაძველობა. იმ რეფორმების მისაღწევად ბევრი რამ გადაიტანა ამერიკამ და აუცილებელი არ იყო, საქართველოს იქაური ყველაფერი განეცადა.

- ქუთაისიდან ხართ, თქვენი ქალაქი საპარლამენტო გახდა, მაგრამ ისევ თბილისში უნდათ გადმოტანა. ამაზე რა აზრის ხართ?
- გინდ ქუთაისში იყოს და გინდ - არა, ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არც ქვეყნისთვის.

- ამბობენ, პარლამენტარებისთვის და სახელმწიფოსთვის ზედმეტი ხარჯიაო.
- სამაგიეროდ, რამხელა პრემიები აქვთ. შვიდი ათასი ლარი რომ მქონდეს ხელფასი, რა მნიშვნელობა აქვს, სად მექნებოდა ოფისი. აეროპორტში მივიდოდი და ვიტყოდი, დავაი, ძმებო, დღეს თვითმფრინავით მივფრინავ ქუთაისში, ხან მანქანით წავიდოდი, ხან მოტოციკლეტით, გზაში ხომ ვიქნებოდი და იმ გზაში ხომ უფრო კარგად დავინახავდი პრობლემებს. საერთოდ, ყველგან პარლამენტი უნდა იყოს, პატარ-პატარა ფილიალები. რეალურად რომ შეხედო, თბილისელი იქ ძალიან ცოტა ზის. ბუსუსებიან პრეზერვატივებზე, დეკრიმინალიზაციაზე, მარიხუანის ლეგალიზაციაზე რომ დაიწყებენ ლაპარაკს, ნორმალურია?

- შესაძლოა, პარლამენტში ეროვნული სამოსით სიარულიც დაუშვან.
- მართლა ჩოხით უნდა იარონ, ოღონდ სავალდებულო უნდა იყოს. თავისი ცხენებითა და ფაეტონებით. ყოფილი მოცეკვავე ვარ და ადრე თუ მოცეკვავეს პატარა ღიპი გაუჩნდებოდა, სცენიდან მიდიოდა. ახლა კი ან ღიპი დაწიონ, ან ნუ ითხოვენ მაგდაგვარ რაღაცას. ღიპიანი და ჩოხიანი არის ერის სირცხვილი. კარგით რა, მეტი პრობლემა არ აქვთ, რომ ამხელა სესიებზე მაგის გარდა არაფერზე ილაპარაკონ?!..