39 წლის ამერიკელი მომღერლის, ბრიტნი სპირსის მამას, ჯეიმი სპირსს სასამართლომ ქალიშვილზე მეურვის სტატუსი მოუხსნა, - ამის შესახებ BBC წერს.
„ეს არის ბრიტნი სპირსის მთავარი გამარჯვება და კიდევ ერთი ნაბიჯი სამართლიანობისკენ“, - ამბობს მომღერლის ახალი ადვოკატი მეთიუ როზენგარტი.
სპირსზე მეურვეობა ორ ნაწილად იყოფოდა; მის ქონებასა და მის პიროვნებაზე მეურვეობად. ქალიშვილზე, როგორც პიროვნებაზე მეურვეობაზე უარი მამამისმა 2019 წელს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო თქვა, თუმცა მის ქონებას ამ დრომდე განაგებდა.
სპირსი ამ უფლების მინიჭებას ჯეისონ რუბინისთვის ითხოვდა, რომელიც Certified Strategies-ის სერთიფიცირებული ბუღალტერია.
სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული იყო, რომ მომღერლის ფულადი ქონება $2.7 მილიონს აჭარბებს, უნაღდო აქტივების ღირებულება კი, $56 მილიონამდეა.
23 ივნისს ბრიტნი სპირსმა 2 წლის განმავლობაში პირველად მისცა ჩვენება სასამართლოს და მამის მეურვეობისგან გათავისუფლება მოითხოვა. მან განაცხადა, რომ მას მუშაობას აიძულებენ და დაორსულების ნებართვას არ აძლევენ.
ბრიტნი სპირსი თავისი მამის მეურვეობის ქვეშ 2008 წლიდანაა, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან პრობლემების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. სასამართლოში მან აღნიშნა, რომ კლინიკაში თავისი სურვილის წინააღმდეგ მოათავსეს. მეურვეებს სრული კონტროლი აქვთ მომღერლის ცხოვრებასა და ფინანსებზე.