Amazon-ი, „ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით, სერიალს ბრიტანეთში გადაიღებს

Amazon-ი, „ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით, სერიალს ბრიტანეთში გადაიღებს

ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon Studios-მა გადაწყვიტა, „ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით, სერიალის გადასაღები მოედანი ახალი ზელანდიიდან დიდ ბრიტანეთში გადაიტანოს, - ამის შესახებ BBC წერს.

ნამუშევრის დასახელება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია ის, რომ მოქმედება „ჰობიტსა“ და „ბეჭდების მბრძანებელში“ განვითარებულ მოვლენებამდე ათასობით წლით ადრე ვითარდება.

Amazon-მა პირველ სეზონზე $465 მილიონი დახარჯა და კიდევ ოთხი სეზონის გადაღებაა დაგეგმილი. პროექტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია სატელევიზიო ისტორიაში.

კომპანია განმარტავს, რომ პირველ სეზონზე მუშაობა ახალ ზელანდიაში დასრულდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიცვლიან ქვეყანას.

ახალი ზელანდიის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ამ გადაწყვეტილებით, ბრიტანეთში კი ამბობენ, რომ ეს დიდი სტიმული იქნება ადგილობრივი კინოსა და სატელევიზიო წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად.