ამერიკელმა პატრიკ უიდდენმა TikTok-ზე რეპერ კანიე უესტის მისამართით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებს, რომ რეპერის ახალი ალბომის - Donda-ს გამოსვლამდე იშიმშილებს.
„ლოდინით დავიღალე. ამ მომენტიდან პირში საჭმლის ერთ ნაჭერსაც აღარ ჩავიდებ. შეიძლება ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის მხოლოდ ერთი კვირა დამრჩა. კანიე, ახლავე გამოუშვი Donda, გთხოვ“, - განაცხადა უიდდენმა.
რამდენიმე საათში მან მორიგი ვიდეო გამოუშვა, რომელშიც კვლავ მოითხოვა ალბომის გამოშვება და აღნიშნა, რომ ვახშამი და საუზმე გამოტოვა და თავი სტკივა.
მეორე დღეს კი უიდენმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მის ნაცვლად კადრში გამხდარი კაცი დგას. მან თავი პატრიკად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ რამდენიმე კილოგრამი დაიკლო, მაგრამ შიმშილობას განაგრძობს და უესტის ახალ ალბომს კვლავ ელოდება.
უესტის მეათე ალბომი 23 ივლისს უნდა გამოსულიყო, მაგრამ რელიზი რამდენჯერმე გადაიდო. Apple Music-ზე მითითებულია, რომ Donda 13 აგვისტოს გამოვა.