გუშინ გამოქვეყნდა კვლევები, რომლითაც კახა კალაძეს აქვს 61%-ზე მეტი და ასევე მის განვლილ 4 წლიან ნამოღვაწარს გამოკითხულთა 67 %-ი აფასებს დადებითად. არაერთხელ გვქონდა გაცხადებული და ამ ობიექტური კვლევითაც დადასტურდა, რომ კახა კალაძეს მხარს უჭერს თბილისელი ამომრჩევლების უმრავლესობა, - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, 2 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“, ისევე როგორც კახა კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს.
„ამ კვლევებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახა კალაძე არის უალტერნატივო და უკონკურენტო კანდიდატი მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებში. მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, რომ ეს ყველაფერი საარჩევნო კამპანიის დასაწყისშია. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა თემატური პრეზენტაცია და წარდგენა ჩვენი ძალიან ამბიციური, მაგრამ რეალისტური პროგრამის და ცხადია, როდესაც თბილისელი ამომრჩევლები იხილავენ, რა დაპირებებს გასცემს კახა კალაძე და როგორ ფიქრობს, ის, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში თბილისი განვითარდეს, ცხადია, ეს რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, მინდა შევეხო პარტიულ რეიტინგს, რომელიც ასევე საკმაოდ მაღალია და თითქმის, იმეორებს საპარლამენტო არჩევნების შედეგს. საარჩევნო კამპანია სულ ახლახან დაიწყო, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მიმდინარეობს მერობის კანდიდატების წარდგენა, პროგრამების გაცნობა და ცხადია, ამ კუთხითაც ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პარტიული რეიტინგიც გაიზრდება და 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“, ისევე როგორც კახა კალაძე, პირველივე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პარტიებს შორის „ქართული ოცნება“, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კი კახა კალაძე ლიდერობს.