ამ თხუთმეტიოდე წლის წინ რომელიღაც გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამართულ ღონისძიებაზე მოვხვდი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პარკში ტარდებოდა. საკმაოდ პომპეზური ღონისძიება გახლდათ: მაღალი სტუმრებით, არცთუ დაბალი მასპინძლებით და შესაბამისი ანტურაჟით - განათება, გადაღება, სცენა... სპეციალური სამკერდე ნიშნებიც კი დაემზადებინათ, შესაბამისი წარწერით - - „გადავარჩინოთ (პარკის სახელწოდება) პარკი“.
როგორც ხვდებით, ღონისძიება პარკის გადარჩენას ეძღვნებოდა. უფრო სწორად, პარკი უკვე გადარჩენილი იყო, რადგან მასპინძელი ორგანიზაციის განცხადებით, განხორციელდა ყველაფერი, რაც პროექტით იყო გათვალისწინებული: ჩატარდა კვლევა, ჩატარდა გამოკითხვა, პარკში შეწყდა ჭრა, დაირგო ახალი ხეები, ბუჩქები და ყვავილები, მოეწყო სარწყავი სისტემა...
ერთი სიტყვით, ყველა ზოგადსაკაცობრიო პრობლემა მოაგვარეს, მხოლოდ ოზონის ფენაში გაჩენილ ხვრელს ვერ მოუხერხეს ვერაფერი, თუმცა ეგ ხვრელი ხან იზრდება და ხან პატარავდება, ამიტომ „ეგ - არაფერი, ეგ - არაფერი“.
მასპინძელი ორგანიზაციის ხელმძღვანელის შემდეგ სიტყვა წარმოთქვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა მსოფლიოში არსებული ეკოლგიური ვითარება, რომელსაც უწოდა მთლიანობაში „შემაშფოთებელი“, შიგადაშიგ კი - „აღმაშფოთებელი“. შემდეგ, წარმატებით განხორციელებული პროექტისთვის მადლობა გადაუხადა მასპინძელ ენჯეოს და თქვა, რომ კვლავაც გააგრძელებენ ანალოგიური პროექტების დაფინანსებას.
შემდეგ იყო სუფრა, რომელიც დარჩა მხიარული და სულ ბოლოს იყო პარკი, რომელშიც, პროექტის ფარგლებში არც ხე-მცენარეები დაურგავთ, არც ჭრა შემწყდარა და არც სარწყავი სისტემა გაუკეთებია ვინმეს.
აი ამ, სულ ბოლოს დარჩენილ პარკში, მაწანწალა ძაღლები დილამდე მიირთმევდნენ გარემოსდამცველი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული „ივენთის“ დამაგვირგვინებელი საზეიმო „ფურშეტის“ ნასუფრალ ნარჩენებს, იქვე დატოვებულ ერთჯერად ჭიქებს და თეფშებს კი ქარი ატრიალებდა.
ასე გადაარჩინეს პარკი.
პარკის გადასარჩენად დაიხარჯა რამდენიმე ათეული ათასი დოლარი, საიდანაც დიდი ნაწილი, ალბათ, დაახლოებით 80-85 პროცენტი, მოხმარდა საოფისე, კომუნალურ და სატრანსპორტო ხარჯებს, საკანცელარიო ნივთებს, კომუნიკაციებს, ოფისის ქირას, ხელფასებს და ა.შ. დანარჩენი კი დაიხარჯა ორენოვან სამკერდე ნიშნებზე (რომელიც შენახული მაქვს) და პურ-მარილზე, რომლის ნარჩნებსაც დილამდე მიირთმევდნენ ქალაქელი ცუგები, მურები, ყურშები და ჯულბარსები.
ვინ იცის, რამდენი ასეთი პარკი „გადაარჩინეს“ გარემოსდამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა...
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია მრავალთაგან და ე.წ, „მესამე სექტორის“ მიერ ათვისებული ერთი სეგმენტიდან - ეკოლოგიიდან, ათვისებული სეგმენტები კი, ბევრია: გარემოს დაცვა, სამოქალაქო განათლება, ადამიანის უფლებები, მედია და სიტყვის თავისუფლება, ევროინტეგრაცია, არაჩევნები და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები - საზოგადოებრივი აზრის კვლევა, წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგი, დამკვირვებლები, ეგზიტოლი...
იცით, როგორ იწერება პროექტი გრანტის მოსაპოვებლად? აი, ასე: 1. პრობლემის აღწერა; 2. ბიუჯეტი; 3. სამუშაოს განხორციელება; 4. მოსალოდნელი შედეგები.
შესაძლოა, რამე გამომრჩა, მაგრამ ეს არის ის სამი ვეშაპი, რომელზეც დგას ფინანსური და მატერიალური კეთილდღობა ჯგუფისა, რომელიც საკუთარ თავს „სამოქალაქო საზოგადოებას“ უწოდებს.
ვინმემ რომ დათვალოს, აღმოჩნდება, რომ დონორთა მიერ, ამ 25 წელიწადში დახარჯულია ასეულობით მილიონი, შედეგი კი... თუმცა, რა შედეგს უნდა მოელოდე იმ ეკოლოგისგან, რომელსაც ცხოვრებაში ერთი ხეც არ დაურგავს და არც დარგავს; იმ უფლებადამცველისგან, ვინც თავად არღვევს ადამიანის უფლებებს; იმ დამკვირვებლისგან, რომელიც მხოლოდ ორმაგ სტანდარტს აღიარებს; იმ მედია-ადვოკატისგან, რომელსაც გაზეთი არ გადაუშლია, ინტერნეტში კი მხოლოდ პორნოსაიტებს ათვალიერებს; იმ სამოქალაქო განმანათლებლისგან, რომელსაც არც ცოდნის და არც განათლების სცხია რამე...
ყველაზე ნათელი (თან - ბნელი) მაგალითი კი არის „თავისუფლების ინსტიტუტი“, რომლის წევრებმაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უდანაშაულო ხალხით აავსეს ციხეები, გააყალბეს არჩევნები, მტერს ჩააბარეს ტერიტორიები, ტრიბუნალს გადასცეს გმირები და დააჯილდოვეს დეზერტირები.
ერთ-ერთი ბოლო მაგალითია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, რომლის მიერ ჩატარებული „კვლევა“ შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული საბოტაჟი/დივერსია.
რამდენიმე დღის წინ თავხედური განცხადება გააკეთეს. როგორც ჩანს, მორიგ დივერსიას ამზადებენ.
რამდენიმე დღეში მათ შესახებაც მოგახსენებთ ორიოდე სიტყვას.
ამ რამდენიმე დღეში, დარწმუნებული ვარ კიდევ იკადრებენ უკადრებელს.
რადგან „იმას“ ჭამენ და სხვაგვარად არ ძალუძთ.
P.S. და ის თუ იცით, როგორ იქმნებოდა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“?