ამერიკელმა ვირჯინია ჯუფრემ მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელშიც დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვაჟს, პრინც ენდრიუს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯუფრე ამტკიცებს, რომ ის ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის მსხვერპლია, რომელმაც 2019 თავი მოიკლა. ქალის თქმით, 2001-2002 წლებში ეპშტეინმა და მისმა თანაშემწემ გილეინ მაქსველმა აიძულეს სექსუალური კავშირი დაემყარებინა პრინცთან. მაშინ ჯუფრე 17 წლის იყო.
2019 წელს ჯუფრემ პირველად დაადანაშაულა საჯაროდ პრინცი ენდრიუ სექსუალურ ძალადობაში. პრინცის წარმომადგენლებმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
66 წლის ჯეფრი ეპშტეინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა დანაშაული 2002 და 2005 წლებში ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ჩაიდინა. 10 აგვისტოს მილიარდერმა საკანში თავი მოიკლა. ეპშტეინის სიკვდილმა შეთქმულების თეორიები გააჩინა.