მსოფლიო ვარსკვლავები ხშირად ახერხებენ ჩვენს გაოცებას: ხანდახან თავიანთი ნიჭით, ზოგჯერ ღვთაებრივი მომხიბვლელობით და ხანაც — უცნაური გადაწყვეტილებებით.
იფიქრებდით ოდესმე, რომ საყოველთაოდ ცნობილი სახეები შეიძლება ბანაობას ეჭვის თვალით უყურებდნენ?
თუ არა, მაშინ მოემზადეთ, ჰოლივუდი ისევ შეძლებს თქვენს გაკვირვებას!
ვარსკვლავური წყვილი — ეშტონ კაჩერი და მილა კუნისი — ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას ჰიგიენის ისეთ ჩვევებს შეეხო, როგორიც ბანაობაა. მილა კუნისმა თქვა: "ისე გავიზარდე, ბავშვობაში ცხელი წყალი არ მქონია და ამიტომ ხშირად ვერ ვბანაობდი".
შემდეგ მან შვილებთან დაკავშირებული გამოცდილებაც გაგვიზიარა:
"როცა ბავშვები მეყოლა, არც მათ ვბანდი ყოველდღე. მე არასდროს ვყოფილვარ ის მშობელი, რომელიც ახალშობილს ყოველდღე აბანავებს".
ეს დამოკიდებულება გაიზიარა მისმა ქმარმაც, ეშტონ კაჩერმა:
"როცა დაინახავ, რომ გაჭუჭყიანდნენ [ბავშვები], მაშინ აბანავე. ისე რა მნიშვნელობა აქვს".
მოგვიანებით ანალოგიურ გამოცდილება გაგვიზიარა კიდევ ერთმა ცნობილმა წყვილმა, კრისტენ ბელმა და დექს შეპარდმა.
"მე ყოველთვის უსიამოვნო სუნს ველოდები ხოლმე. როგორც კი რამე არასასიამოვნოს იყნოსავ, ორგანიზმი განიშნებს, რომ გასუფთავება გჭირდება. ესაა გაფრთხილება. ასე რომ, ვიზიარებ იმას, რასაც (კუნისი და კაჩერი) აკეთებენ. დასაბანად სუნს ველოდები ხოლმე", — განაცხადა კრისტენ ბელმა.
ამ ერთგვარ წამოწყებაში ჩაერთო ბევრისთვის საყვარელი მსახიობი ჯეიკ ჯილენჰოლიც და ბანაობასთან დაკავშირებული თავისი რუტინის შესახებ ილაპარაკა:
"სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ ბანაობა ხანდახან არც ისეთი აუცილებელია. მე მჯერა ელვის კოსტელოს სიტყვების, რომ კარგი ქცევები და პირში ცუდი სუნი კარგს არაფერს მოგიტანს. ამიტომ, კბილებს ვიხეხავ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ბანაობის გარეშე ჩვენს კანს უფრო გავუფრთხილდებით და ასევე, ჩვენ ბუნებრივად ვისუფთავებთ ჩვენივე თავებს.
თუმცა რომ არ იფიქროთ, ჰოლივუდში ყველა ვარსკვლავს ხელი აუღია ტანის დაბანაზეაო, რამდენიმე "განსხვავებული პოზიციაც" გავრცელდა.
მაგალითად, ჯეისონ მომოამ განაცხადა:
"დამერწმუნეთ, მე ნამდვილად ვბანაობ. მე ხომ აქვამენი ვარ, სულ წყალში ვარ, არ იდარდოთ ამაზე".
ბანაობასთან დაკავშირებულ განხილვებს შეუერთდა დუეინ ჯონსონიც და ფანის კითხვას, ისიც ერთ-ერთი "სუნიანი" ვარსკვლავი ხომ არ იყო, შემდეგნაირად უპასუხა:
"არა, მე ძალიან განვსხვავდები იმ ვარსკვლავებისგან, რომლებსაც ბანაობა არ უყვართ.
(ცივ) შხაპს ვიღებ გაღვიძების შემდეგ დღის დასაწყებად.
(თბილ) შხაპს ვიღებ ვარჯიშის შემდეგ, სანამ მუშაობას შევუდგები.
(ცხელ) შხაპს ვიღებ სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას.
სახეს, ტანს ვისუფთავებ და თან (არასწორად) ვმღერი ბანაობისას".
ასეთი ვარსკვლავურად მრავალფეროვანი სუფთა და ჭუჭყიანი ისტორიების შემდეგ თავად უნდა გადაწყვიტოთ, ზემოთ ჩამოთვლილი გამოცდილებებიდან რომელს გაიზიარებთ უფრო მეტად.
მაგრამ, ალბათ, თუ ბანაობა ერთხელ მაინც დაგეზარებათ, შეგიძლიათ თავი იმით დაიმშვიდოთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი ამბობენ უარს ამაზე.