ტოკიოს ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა, ისევე როგორც საქართველოს სპორტული დელეგაციის ასპარეზობა და მიღწეული შედეგი. „ამომავალი მზის“ ქვეყანაში მოპოვებული რვა მედალი დამოუკიდებელი გუნდით ოლიმპიადებში მონაწილეობის განმავლობაში დაფიქსირებული საუკეთესო ნიშნულია. მაგრამ მედალს მეორე მხარეც გააჩნია.
მიმაჩნია, რომ იაპონიაში უკეთ გამოსვლაც შეიძლებოდა და ამას სხვადასხვა ფაქტორებმა შეუშალა ხელი: არაობიექტური მსაჯობა, მოულოდნელი ტრავმები და რაც მთავარია, უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხი.
ოლიმპიური თამაშების პირველივე დღეს მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მიკერძოებული მსაჯობის მსხვერპლი შეიქმნა. რომ არა ეს ფაქტორი, მას მინიმუმ ვერცხლის ჯილდო უნდა მოეპოვებინა.
ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ფინალურ ორთაბრძოლაში მარცხი მხოლოდ საკუთარ შეცდომებს უნდა დააბრალოს.
ასევე ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი წარმატების უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო და საერთოდ უმედლოდ დარჩა. ალბათ, უფრო მეტის მიღწევა შეეძლო ტატო გრიგალაშვილსაც.
რომ არა დასანანი ფეხის ტრავმა, ძალოსანი ანტონ პლესნოი ბრინჯაოს ნაცვლად ვერცხლის მედალს მოიპოვებდა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს საერთოდ ენით გამოუთქმელი „ამბავი“ შეემთხვა. ამერიკელ მეტოქესთან მოგებული ბრძოლა უკანასკნელ წამს წააგო.
გენო პეტრიაშვილი დიდი და საამაყო ფალავანია. დარწმუნებული ვარ, ტოკიოში განცდილს მასზე მეტად ვერავინ განიცდის. ასაკის გამო სამი წლის შემდეგ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე აუცილებლად იასპარეზებს და ბოლოსა და ბოლოს ნატვრას აისრულებს, მის მდიდარ სპორტულ კოლექციას ხომ მხოლოდ ოლიმპიური ოქროს ჯილდო აკლია.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამჟამინდელ საქართველოში ერთგვარი უარყოფითი „აურაა“ გამეფებული: ყველაფერს დაუნდობლად ვაკრიტიკებთ და ამ ერთგვარ „გაუგებრობაში“ რამდენიმე ჩვენი სპორტსმენიც მოექცა. ისე, სიმართლე უნდა ითქვას და სრულიად ერი (მაძაგებელი ნაწილის ჩათვლით) გენო პეტრიაშვილს გვერდით დაუდგა და მისი მისამართით ერთი „კინკილა კრიტიკაც“ კი არავის გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ ქარცეცხლში გაატარეს ოლიმპიურ თამაშებზე მომუშავე თავისუფალი სტილით მოჭიდავეების მწვრთნელები.
„გენოს ტაბლოზე საყურებლად არ ეცალა. მწვრთნელი მაგიტო ზიხარ იქ, ან გაიქეცი უნდა დაუძახო, ან დრო ამდენი გაიწეოდა და ჩვენი იყო ოქრო. თავმოყვარეობა თუ აქვს, უნდა წავიდეს. მწვრთნელმა წააგო აი ეს ოქროს ფინალი!“
ალბათ იოლია თბილისიდან ტოკიოში მყოფი თავისუფალ მოჭიდავეთა მწვრთნელის გაკრიტიკება. ძალიან მარტივია დღეს გიორგი იანტბელიძის შეცდომებზე ისაუბრო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისიც ადამიანია, ადამიანი რომელიც იმ შემთხვევაში ვერაფერს გახდებოდა, რადგან გენო პეტრიაშვილი მართლაც რომ უიღბლო შემთხვევის მსხვერპლი შეიქმნა.
გენომ სრულიად საქართველოს დიდი იმედგაცრუება მოუტანა. სამაგიეროდ, საწინააღმდეგო განწყობა სუფევდა ამერიკელთა ბანაკში.
ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გეიბლ სტივესონი:
„თქვენ ნახეთ ეს? Wow! შეუძლებელია, ეს შეუძლებელია. სიტყვები არ მყოფნის ამის გადმოსაცემად. ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია, მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღე იყო. ბოლო წამებზე დარწმუნებული ვიყავი, რომ შემეძლო შეხვედრის გადარჩენა. გენო ჩემს ტრიუკზე წამოეგო. ბოლოს ტაბლოს რომ შევხედე, 0.3 წამი რჩებოდა. ეს იყო საუკუნის ორთაბრძოლა“.
მართალია 21 წლის ამერიკელი. პეტრიაშვილი - სტივესონის სადარი საჭიდაო ბრძოლები ალბათ საუკუნეში ერთხელ იმართება. მართლაც საუკუნის პაექრობა ვიხილეთ, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი დიდი ტკივილით დასრულდა.
ზემოთ ქართული სოციალური ქსელები ვახსენე და თავი კიდევ ერთხელ, გაგიკვირდებათ და... შალვა ნათელაშვილმა „გამოიჩინა“.
რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პრემიერ მინისტრი ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელს ეწვია და სპორტსმენს ოლიმპიადაზე წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცა. ბატონი ნათელაშვილის მორიგმა „ფეისბუქურმა შედევრმაც“ არ დაახანა:
„აი ამაზე ვღელავდი, რომ არ დაეღუპათ ეს ბიჭი და არ ექციათ ივანიშვილის პიარ-ტრიბუნად. როგორც ხედავთ, სამწუხაროდ, ისევ არ შევცდი“.
ვერავინ აჩერებს ლეიბორისტთა „ასაკოვან და ვეტერან“ ლიდერს. ნუთუ ამ ქვეყანაში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ერთგვარად ჭკუას დაარიგებს და აუხსნის, რომ ყველა თემაზე საკუთარი, ხშირ შემთხვევაში არაპროფესიული და დილეტანტური აზრების გამოთქმა, უბრალოდ რომ ვთქვათ, უხერხულია.
ოლიმპიური თამაშები დასრულდა - ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. წარმატება სახეზეა, მაგრამ უფრო დამაჯერებელი ასპარეზობაც შეგვეძლო.
სამი წლის შემდეგ მორიგ, 33-ე ზაფხულის ოლიმპიადას პარიზი უმასპინძლებს. საქართველოს სპორტული დელეგაციის ახალი დევიზი - „უკეთ ვიდრე ტოკიოში“ იქნება. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის დედაქალაქში ქართული სპორტის კიდევ ერთი წარმატებული ფურცელი დაიწერება და იგივე სანდრო ბაზაძე და გენო პეტრიაშვილი ტოკიოში დაკარგულს პარიზში მოიძიებენ.