ჯეიმი სპირსმა, რომელიც საკუთარ თავს $16000-ს უხდის, ჰავაიზე ბრიტნის დასვენების ჩაშლა სცადა

ჯეიმი სპირსმა, რომელიც საკუთარ თავს $16000-ს უხდის, ჰავაიზე ბრიტნის დასვენების ჩაშლა სცადა

ბრიტნი სპირსის ახალი ადვოკატი აცხადებს, რომ მომღერალს სურს რაც შეიძლება მალე ჩამოშორდეს მამამისი ჯეიმი სპირსი მის მეურვეობას. სპირსს მისი ოჯახი 2008 წლიდან აკონტროლებს.

ადვოკატმა მეთიუ როუზენგარტმა ლოს-ანჯელესის სასამართლოს შემდეგ მოსმენის დროზე ადრე ჩატარება მოსთხოვა, რადგან, მისი განცხადებით, მამამისის მეურვეობის თითოეული დღე ბრიტნის მენტალური ჯანმრთელობის და შემოსავლის დაკარგვის ფასად უჯდება.

"თქვენ შეგიძლიათ ბრიტნი სპირსს ყოველდღიური ზიანი აარიდოთ, თითქოს 13-წლიანი ტანჯვა საკმარისი არ იყოს. მას ტრავმა ყოველდღიურად არ უნდა უახლდებოდეს, ყოველი დღე მნიშვნელოვანია", — მიმართა მან სასამართლოს. შემდეგ მოსმენა 29 სექტემბერსაა ჩანიშნული.

იურისტი ასევე აცხადებს, რომ ჯეიმი სპირსის მეურვეობის პროცესიდან ჩამოშორება ბრიტნის ფინანსებისთვისაც მნიშვნელოვანია. ბრიტნიმ განაცხადა, რომ ის სცენაზე არ დაბრუნდება და მუშაობას არ გააგრძელებს, სანამ მამამისი მისი მეურვეა. ადვოკატის სიტყვებით, იმის გარდა, რომ ეს დაკარგულ შემოსავალს ნიშნავს, მის უკვე არსებულ ქონებას მამამისი ანიავებს და პირადი მიზნებისთვის უკანონოდ იყენებს. გარდა ამისა, ჯეიმი სპირსი ყოველთვიურად იღებს $16 000-ს მეურვეობის საქმეში, როცა ბრიტნის ყოველთვიური ხელფასი $60-მილიონიანი ქონებიდან მასზე $2 ათასით ნაკლებია. ყველაფერთან ერთად, ბრიტნის მამა საკუთარ ადვოკატთა ჯგუფს ხელფასს ბრიტნის ქონებიდან უხდის და ისინი მომღერლისგან დამატებით $1,3 მილიონს ითხოვენ. აქედან ნახევარი მილიონი დოლარის მიზეზად "მედიის საქმეებია" დასახელებული, რასაც ბრიტნის ადვოკატი არაადეკვატურს უწოდებს.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ბრიტნის მამამ ჰავაიზე მომღერლის დასვენების ჩაშლა სცადა.

ივნისის ბოლოს ბრიტნიმ სასამართლოზე გამოსვლისას მეურვეობა სექს-ტრეფიკინგს შეადარა. მისი თქმით ბედნიერი არაა და ყოველდღე ტირის, რადგან მის უფლებებს ზღუდავენ. მუსიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა შემსრულებელმა განაცხადა, რომ მას ქორწინების და შვილის გაჩენის უფლებას მეურვეები არ აძლევენ. ბრიტნიმ დასძინა, რომ ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში ხდება, მამამისთანაა შეთანხმებული, რომელიც 13 წელია მისი მეურვეა. ბრიტნიმ დასძინა, რომ სურს თავის მთელ ოჯახს უჩივლოს:

"ისინი ციხეში უნდა იყვნენ, იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ ვინმეს მონა ვიყო".

ბრიტნის მეურვეები არამხოლოდ მის გადაწყვეტილებებს, მის ქონებასაც განაგებენ. მომღერალმა თითქმის 30-წუთიან გამოსვლაში მამამისს "იდიოტი" უწოდა და კალიფორნიის შტატი მეურვეებისთვის გადაჭარბებული უფლებების მინიჭების გამო გააკრიტიკა. სპირსმა დასძინა, რომ ადვოკატი აფრთხილებდა, რომ მის საჯაროდ ლაპარაკს შესაძლოა გართულებები და სამკურნალო დაწესებულებაში მისი გადაყვანა მოჰყოლოდა, თუმცა მომღერლის თქმით, გადაწყვიტა რომ მსოფლიოს საკუთარი ისტორია გულწრფელად მოუყვეს.

ბრიტნის ცხოვრებას მისი მეურვეები 2008 წლიდან აკონტროლებენ. ბრიტნის გამოსვლის შემდეგ გადადგა მისი მენეჯერი, ადვოკატი, ხოლო მომღერლის დამ განაცხადა, რომ ბრიტნის ყოველთვის მხარს უჭერდა.