91 წლის კლინტ ისტვუდმა ახალი ფილმი გადაიღო — ნახეთ ტრეილერი

91 წლის კლინტ ისტვუდმა ახალი ფილმი გადაიღო — ნახეთ ტრეილერი

ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობს, რეჟისორს, კომპოზიტორსა და პროდიუსერს — კლინტ ისტვუდს ასაკი არ აშინებს და შემოქმედებით საქმიანობას 91 წლის ასაკშიც აგრძელებს.

ამ ამერიკელმა ხელოვანმა ახალი ფილმი Cry Macho გადაიღო, რომელშიც მთავარ როლსაც თავად ასრულებს. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ამ კინოსურათის პირველი ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, ისტვუდის ერთგულ მაყურებლებს წინ კიდევ ერთი ემოციური სანახაობა ელოდებათ, რომელმაც ბევრს უკვე მოაგონა ასევე მისი 2008 წლის ცნობილი ფილმი გრან ტორინო.

ეს ახალი კინოსურათი ნ. რიჩარდ ნეშის ამავე სახელწოდების მქონე რომანს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ფილმის გადაღება სხვადასხვა დროს აქამდე ბევრმა სცადა, მაგრამ საბოლოოდ, ამ იდეას ხორცი კლინტ ისტვუდმა შეასხა.

სიუჟეტი როდეოს ძველი ვარსკვლავის, მაიკ მაილოს შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ყოფილი ბოსი სთხოვს, რომ მისი ვაჟი მექსიკიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანოს ამერიკაში. სწორედ ამ ორი პერსონაჟის ერთად მოგზაურობისას განვითარდება მოულოდნელი მოვლენები, რაც მათ ცხოვრებას საბოლოოდ შეცვლის.

კლინტ ისტვუდმა წინა ფილმი Richard Jewell (რიჩარდ ჯიუელის საქმე) 2019 წელს გადაიღო, თუმცა მასში თავად, როგორც მსახიობი, მონაწილეობას არ იღებდა.

17 სექტემბერს შედგება Cry Macho-ს პრემიერა და მაშინ გავიგებთ, როგორია მისი ახალი ნამუშევარი.