კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო გზა რომ ვაქცინაციაა, ამის შესახებ ვაქცინის შემოსვლიდან დღემდე ბევრი ვარსკვლავი საუბრობს. მათ შორისაა ჯენიფერ ენისტონიც, რომელიც სოციალურ ქსელებში გამომწერებს კოვიდრეგულაციების დაცვისა და ნიღბის ტარებისკენ ხშირად მოუწოდებდა.
გამოცემა Instyle-თან ახალ ინტერვიუში ჯენიფერ ენისტონმა მკითხველებს გაუმხილა, რომ რამდენიმე მეგობართან ურთიერთობა გაწყვიტა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ აღნიშნული ადამიანების ნაწილს ვაქცინის გაკეთება არ სურდა, მეორე ნაწილს კი იმის გამხელა, იყო თუ არა აცრილი.
"ეს რთულია, რადგან ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, თუმცა ბევრი აზრი მხოლოდ შიშსა და პროპაგანდას ეფუძნება", — ამბობს ჯენიფერი.
ჯენიფერის თქმით, ადამიანებს მორალური და პროფესიული ვალდებულება აქვთ, რომ სხვებს გაუმხილონ, აიცრნენ თუ არა, რადგან კოვიდტესტირებას ყოველდღიურად არ ვიკეთებთ. ჯენიფერი წუხს, რომ ირგვლივ უამრავი ანტივაქსერია, რომელთაც ფაქტებისთვის ყურის დაგდება არ უნდათ.
ჯენიფერ ენისტონი საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ ინსტაგრამზე ხშირად ახსენებს.
"უბრალოდ იფიქრეთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც ეს საშინელი ვირუსი უკვე გადაიტანეს. გააკეთეთ ეს თქვენი ოჯახისთვის და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის. კოვიდი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს", — წერს ერთ-ერთ პოსტში მსახიობი.