დისნეის სკარლეტ იოჰანსონზე

დისნეის სკარლეტ იოჰანსონზე "გენდერული ნიშნით თავდასხმაში" ადანაშაულებენ

სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა მხარდამჭერი მოძრაობა Time's Up და სხვა უფლებადამცველი ჯგუფები დისნეის სკარლეტ იოჰანსონზე "გენდერული ნიშნით თავდასხმაში" ადანაშაულებენ. საქმე ეხება დისნეის განცხადებას, რომელიც კომპანიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც კონტრაქტის დარღვევის გამო მსახიობმა სამართლებრივი დავა წამოიწყო.

მსახიობის ბრალდებების საპასუხოდ, დისნეიმ მსახიობის Black Widow-ში მონაწილეობისთვის გადახდილი ჰონორარი გაასაჯაროვა და საჩივარს "განსაკუთრებით სამწუხარო და უგულო" ქმედება უწოდა, მაშინ, როცა "მსოფლიო კოვიდპანდემიის საშინელ და ხანგრძლივ შედეგებს იმკის".

Time’s Up-ის, Women In Film-ისა და ReFrame-ის ერთობლივი განცხადება კი კინოსტუდიას ამ შენიშვნისთვის აკრიტიკებს.

"მიუხედავად იმისა, რომ სკარლეტ იოჰანსონსა და The Walt Disney Company-ს შორის ბიზნესსაკითხებზე დავის პროცესში არცერთ მხარს არ ვიჭერთ, მკაფიოდ ვგმობთ დისნეის განცხადებას, რომელიც მიზნად ისახავს იოჰანსონის გულგრილ და ეგოისტ ადამიანად წარმოჩენას, მხოლოდ იმიტომ, რომ მან კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებების დაცვა გადაწყვიტა", — წერია განცხადებაში.

"გენდერული ნიშნით თავდასხმა სამართლებრივი დავის დროს არ უნდა ხდებოდეს. ეს მხოლოდ ამძაფრებს იმ გარემოს, სადაც ქალებსა და გოგოებს ისე აღიქვამენ, თითქოს მათ ნაკლებად შეუძლიათ საკუთარი ინტერესების დაცვა, ისე, რომ ad hominem პრინციპით არ მოხდეს მათზე თავდასხმა".

იოჰანსონი ამტკიცებს, რომ Black Widow-ის ერთდროულად გამოშვება სტრიმინგ პლატფორმებსა და კინოთეატრებში თავისი კონტრაქტის დარღვევაა. გავრცელებული ცნობით, Marvel (რომელიც დისნეის მფლობელობაშია) და მსახიობი შეთანხმდნენ, იოჰანსონის ჰონორარი "დიდწილად იქნებოდა დამოკიდებული შემოსავალზე", ამიტომ "შემოსავლის მაქსიმალიზებისა და მსახიობის ფინანსური ინტერესების დასაცავად", ფილმი ექსკლუზიურად კინოთეატრებში უნდა გამოსულიყო.

იოჰანსონის ადვოკატების განცხადებით, დისნეიმ "კარგად იცოდა" ამ შეთანხმების შესახებ, როცა მათ ფილმის სტრიმინგ პლატფორმაზე განთავსება გადაწყვიტეს; ამდენად მოტივი "არსებითად იყო იოჰანსონის შეთანხმების დარღვევა და მის ხარჯზე კომპანიის შემოსავლის გაზრდა".

Black Widow მაყურებელმა თავდაპირველად პანდემიის პერიოდში იხილა და ამავე პერიოდის რეკორდული შემოსავალი — $317 მილიონი — მიიღო. თუმცა, საბოლოო ჯამში, ის Marvel-ის ერთ-ერთ ყველაზე დაბალშემოსავლიან ფილმად იქცა.