„ქართულ ოცნებას“ ერთხელ მაინც უნდა გაეფრთხილებინა საზოგადოება და ეთქვა, ხალხო, მე ხელი მოვაწერე შარლ მიშელის დოკუმენტს, მაგრამ სიდიდით მეორე პარტია -„ნაცმოძრაობა“ ხელს არ აწერს და, თუ ის ხელს არ მოაწერს, მე ამ ხელშეკრულებას არ შევასრულებ. ეს იქნებოდა პატიოსანი საქციელი „ქართული ოცნების“ მხრიდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
„ქართული ოცნება“ შიდა და გარე მოხმარებისთვის გზავნის მესიჯს, რომ შარლ მიშელის აწ უკვე ანულირებული დოკუმენტის მსგავს ხელშეკრულებას არასდროს მოაწერს ხელს. ცალკეული ადამიანები მიიჩნევენ, რომ ამ ცალმხრივი ხელშეკრულების ანულირება საჭირო იყო და ეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ამყარებს. როგორ ფიქრობთ, ევროპა აცდენილია იმ ძველ ღირებულებებს, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდში თავისუფლებისთვის მებრძოლ დისიდენტებს დასავლეთთან აახლოვებდა, თუ შარლ მიშელის დოკუმენტმა პოზიტიური როლიც შეასრულა?
- მაინც მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შუამავლობით დადებული დოკუმენტი იყო ძალიან კარგი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვაფასებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ანუ პოლიტიკოსებს, ვინც ჩვენს ბედს განსაზღვრავს. ვთვლი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება იყო სამარცხვინო ფურცელი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, რაც მათ პირველად არ გაუკეთებიათ. ასეთი რამ 14 ნოემბერსაც გააკეთეს. ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ორი-სამი დღის შემდეგ ვთქვი კიდეც, რომ არ გამოვრიცხავდი „ქართული ოცნების“ მხრიდან გადაგდებას, ისინი არიან ბუნებით გადამგდებნი, სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდი. დროის გაწელვის მიზნით „ქართული ოცნება“ რაღაცაზე ხელს მოაწერს და, თუ აღარ აწყობს, დროის მოგების შემდეგ ამ დოკუმენტზე უარს იტყვის, ან არ იტყვის, სიტუაციიდან გამომდინარე. ზოგადად, ადამიანის მოკვლა არ შეიძლება, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთათვისაც ადამიანის მოკვლა პრობლემა არაა, თუ დასჭირდათ, მოკლავენ. ასევეა, გადაგდების შემთხვევაშიც. თუ დასჭირდა გადაგდება „ქართულ ოცნებას“, ის გადააგდებს კიდეც. საზოგადოებაში არსებობს დაუწერელი კანონი - გადაგდება არ მოსულა, ამას ბავშვობიდან გვასწავლიან. გაიხსენეთ ცნობილი იგავ-არაკი, როდესაც მატყუარა ადამიანმა მოტყუებით ცხენი მოპარა მეორე ადამიანს და შორს გაიქცა, შემდეგ ცხენის პატრონმა უთხრა, ჯანდაბას შენი თავი, თუ ასე გინდოდა ჩემი ცხენი, გყავდესო, მაგრამ რატომ მომატყუე, სხვაგან ნუ იტყვიო. ბავშვობიდან სისხლში გვაქვს, რომ არ შეიძლება მოტყუებით საქმის გაკეთება, ეს ამორალურია. თქვი და გადააგდე, ამის გამო ინგრევა ყველაფერი, ადამიანები ერთმანეთს აღარ ენდობიან.
თუკი „ნაცმოძრაობა“ მოაწერს ხელს ამ დოკუმენტს, მაშინ შესაძლებელია, მმართველმა გუნდმა ანულირება უკან წაიღოს?
- ჯერ ერთი, „ნაცმოძრაობა“ მეორე უბედურებაა, არა პირველი. პირველი უბედურება „ქართული ოცნებაა“, მან ყველაფერში აჯობა „ნაცმოძრაობას“, ამ უღირს პარტიას.
ანუ „ნაცმოძრაობაზე“ არ იყო დამოკიდებული შარლ მიშელის ხელშეკრულების შენარჩუნება?
- „ქართულ ოცნებას“ რომ სდომოდა ამ ხელშეკრულების შენარჩუნება და მას აწუხებდა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტზე ხელის არმოწერა, რაც აბსოლუტურად ლოგიკური და ნორმალური იქნებოდა, მას ერთხელ მაინც უნდა გაეფრთხილებინა საზოგადოება, უნდა ეთქვა, ხალხო, ასე არ გამოვა, მე ხელი მოვაწერე დოკუმენტს, მაგრამ, აგერ, სიდიდით მეორე პარტია - „ნაცმოძრაობა“ ხელს არ აწერს და, თუ ის ხელს არ მოაწერს, მე ამ ხელშეკრულებას არ შევასრულებ, ერთკვირიან ვადას ვაძლევ „ნაცმოძრაობას“, მოაწერს ხელს? მაშინ პირობები შესრულდება. არ მოაწერს? - კარგად იყავით. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ იქნებოდა პატიოსანი, მაგრამ მან ეს არ თქვა, გაირინდა, გაიტრუნა, დაიმალა, ჩასაფრება მოახდინა, კრიტიკულ მომენტს ელოდა და, როცა გაინაღდა ბევრი რამ - კალაძის მერობის კანდიდატობა და სხვა, მერე უცებ დაარტყა პენალტი. მას რომ სდომებოდა შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება, საზოგადოებას გააფრთხილებდა. მეტსაც გეტყვით, ამ ხელშეკრულებაზე „ნაცმოძრაობას“ ხელი რომც მოეწერა, „ქართული ოცნება“ სხვა რამეს იტყოდა, იტყოდნენ იმას, რომ წუხელ სინოპტიკოსებმა გამოაცხადეს ცუდი ამინდი, მაგრამ დღეს კარგი ამინდია, ჩვენ ამას ვერ ავიტანთ, ამიტომ გამოვდივართ ამ ხელშეკრულებიდანო. ანუ რაღაცას აუცილებლად მოიფიქრებდნენ, მათ ეს ჩაფიქრებული ჰქონდათ.
ეს 43%-იანი წამგებიანი ბარიერით აიხსნება?
- ცალსახად, დღეს გამოქვეყნდა „აირაის“ შედეგები, შეიძლება, გახარიას „აირაისგან“ მიკუთვნებული 9% არც აქვს და ცოტა ნაკლებიც აქვს, რადგან ადამიანთა დიდმა რაოდენობამ არ იცის, ვის მისცემს ხმას, მაგრამ თავისივე კვლევებით ჩანს, რომ გახარია „ოცნებას“ ხელს არ აძლევს. ამიტომ პირველი გადაგდებაა რთული, დანარჩენი იოლია.
მართალია, შარლ მიშელი გაოგნებულია, მაგრამ, იქნებ, „ქართულ ოცნებას“ დასავლეთისგან მაინც აქვს გარანტიები და სწორედ ამ გარანტიების საფუძველზე მოახდინა მიშელის დოკუმენტის ანულირება? თქვენ სანქციების მოლოდინი გაქვთ?
- კარგად იციან, რომ დიდი სანქციები არ იქნება. საქართველოში ჯერ ეკონომიკა არაა განვითარებული, რომ სანქციები ადარდებდეთ. თანაც, საქართველო ნამდვილად არ ითვლება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ითვლება უფრო ნახევრად ავტორიტარული მმართველობის სისტემის სახელმწიფოდ. ასეთ სისტემებში ძალიან ბევრი ჩვენზე უარესი სახელმწიფოა. საქართველოში აღარ არიან პოლიტპატიმრები, აქ არ ხოცავენ ადამიანებს ქუჩაში, ლექსო ლაშქარავა რომ დაიღუპა, ეს ხელისუფლების წაქეზებით მოხდა, მაგრამ უშუალოდ ხელისუფლებას არ მოუკლავს, მოკლა კონკრეტულმა ჯგუფმა, საქართველოში არ ხდება მიტინგების სასტიკი დარბევა, ერთი დარბევა იყო 20 ივნისს და დღემდე ცხვირში ადენენ ამას „ქართულ ოცნებას“. დასავლეთმა კარგად იცის, რომ საქართველო არ არის ყველაზე უარესი. პირიქით, უარესებს შორის უკეთესია, აქ არ არის სამარცხვინოდ ავტორიტარული მმართველობა, ამიტომ ასეთ ქვეყნებს, როგორც წესი, არ უწესებენ სანქციებს, სანქციებს უწესებენ, სადაც ადამიანის უფლებები პერმანენტულად და მასობრივად ირღვევა.
მიშელის დოკუმენტის ანულირების გამართლებას ხელისუფლება იმით ცდილობს, რომ არ დაუშვებს ქვეყნის არევის მცდელობას, დესტრუქციას „ნაცების“ მხრიდან. ამ არგუმენტზე რას იტყვით?
- „ნაცები“ არაფრის გამკეთებლები არ არიან, ფარისევლური და ცინიკურია, რომ „ქართული ოცნება“ ასეთ რამეს ამბობს. „ოცნებას“ „ნაცმოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს, სჭირდება ეს მონსტრი, რათა გაამართლოს თავისი უუნარობა. ორივე მათგანს ფეხზე ჰკიდია საქართველო. ახლა ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს და, სპორტის ენაზე რომ ვთქვათ, ტელევიზორში ვუყურებთ, როგორ ერევა „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ და გვიხარია, რომ იაპონიამ სძლია რომელიღაც ქვეყანას. ამ პაექრობას არანაირი საერთო საქართველოსთან არ აქვს. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას, მას მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, „ნაცმოძრაობა“ არაფერი არაა, ნულია. „ქართული ოცნება“ რომ არ ასულდგმულებდეს, დიდი ხნის მკვდარი იქნებოდა „ნაცმოძრაობა“.
მიშელის დოკუმენტი რომ შეენარჩუნებინათ, 2 ოქტომბერს რა მოხდებოდა, გაცილებით წამგებიან პოზიციაში იქნებოდა „ქართული ოცნება“ არჩევნებზე? ამასთან, საინტერესოა, რას მოიმოქმედებს შარლ მიშელი, რომელსაც მისი დოკუმენტის გაუქმების რეალური მიზეზები აინტერესებს?
- რეალური მიზეზი ისაა, რაც ყველამ კარგად იცის, ოცნება 43%-ს ვერ აიღებდა. გადაგდების გროსმაისტერია „ქართული ოცნება“, მან იმიტომ მოაწერა ამ დოკუმენტს ხელი, რომ ან უნდა შეესრულებინა, ან არა. ნამდვილად არ მქონია განცდა, რომ ამ შეთანხმებას აუცილებლად დაარღვევდნენ, მე მქონდა განცდა, რომ, თუ დასჭირდებოდათ, დაარღვევდნენ. თქვენ მკითხეთ, რას მოიმოქმედებს შარლ მიშელი? არსებობს სტანდარტები, რასაც არ არღვევენ ევროპელები. ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ქართველები შეიძლება ქუჩებში არ ხოცავენ ერთმანეთს, მაგრამ არც ევროპელები არ არიან, გინდ ივერია დააწერონ საქართველოს, გინდ კოლხიდა... ჩამოკიდებენ ევროკავშირის დროშებს? ჩამოკიდონ. დაწვავენ დროშებს? დაწვან. ვერ გაუგეს ვერაფერი საქართველოს, ამიტომ დისტანცირება მოხდება. არც სანქციები არ იქნება და არც მხარდაჭერა. თავის დროზე ირლანდიელებს ვხვდებოდი, 1998 წელს მათ ხელი მოაწერეს უნიკალურ ხელშეკრულებას, რის გამოც დღემდე მშვიდობაა ჩრდილოეთ ირლანდიაში, თუმცა ორივე მხარე ამბობდა, ეს ხელშეკრულება არ გვაწყობს, ჩვენი პარტიის წევრებმა მოაწერეს ხელი, მაგრამ ჩვენ უკმაყოფილონი ვართო. გულუბრყვილოდ ვკითხე, თუ არ მოგწონთ, რატომ ასრულებთ - მეთქი? როგორ, ხელი გვაქვს მოწერილიო. ამ დროს ჩვენ საბჭოთა სკოლაში გვასწავლიდნენ, სტალინმა ხელი მოაწერა ჰიტლერთან დოკუმენტს, რომ დრო გაეწელა და დოკუმენტი დაერღვიაო. ამას ამართლებდნენ. იმავე ჰიტლერმაც იმიტომ მოაწერა ხელი სტალინთან დოკუმენტს, რომ დრო გაეწელა და დაერღვია.