საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, პოლიტოლოგის ირაკლი გოგავას განცხადებით, რასაც ახლა ნეოლიბერალიმზს ვუწოდებთ, რეალურად მარქსიზმია მხოლოდ კულტურული, მაგრამ მარქსის სახელის ხსენებას ერიდებიან, რადგან ის დისკრედიტირებულია დასავლეთში. მისი თქამით, ეს იდეოლოგიაც არ არის, უფრო რელიგიურ–დოგმატური ტექნოლოგიაა - უმცირესობების ჯგუფების მიერ უმრავლესობის ძალდობრივი მეთოდებით მართვისა, ფაქტობრივად, აპარტეიდი, ჰიბრიდული ტოტალიტარიზმის ტექნოლოგიაა.
for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.
ბატონო ირაკლი, ნეოლიბერალიზმის სახით ქვეყანის ექსპანსია მიმდინარეობს. უმცირესობა ცდილობს, თავისი წესები უმრავლესობას მოახვიოს თავს. რამდენად შეიძლება ნეოლიბერალიზმს იდეოლოგია ეწოდოს, თუ არადა მაშინ, რასთან გვაქვს საქმე?
ირაკლი გოგავა: კლასიკური ლიბერალიზმი, როგორც იდეოლოგია, ევროპაში აბსოლუტური მონარქიის და კათოლიკური ეკლესიის შესაკავებლად ჩამოყალიბდა და მისი ბენეფიციარები მაშინდელი ფინანსური მაგნატები ანუ მევახშეები, სავაჭრო სახლები და ინდუსტრიალისტი კაპიტალისტები იყვნენ. მე–17 საუკუნიდან იწყება ამ იდეების პოპულარიზაცია და მისი მედროშე ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ ლოკი იყო. 1648 წელს, 30 წლიანი ომის შემდეგ, ევროპაში საერთაშორისო ურთიერთობების „ვესტფალიის სისტემა“ ჩამოყალიბდა, რაც ევროპაში სუვერენული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას ნიშნავდა და ჩნდება ტერმინი „ეროვნული ინტერესი“.
ეს შედიოდა ფინანსური მაგნატების ინტერესებში?
– არა, რა თქმა უნდა, ეს კი არ შედიოდა ფინანსური მაგნატების ინტერესებში. უნდა გვესმოდეს, რომ იდეოლოგიები თავისით არ ჩნდება, ამა თუ იმ იდეოლოგიური პლატფორმის უკან ყოველთვის დგანან დაინტერესებული ძალები, შემკვეთები, დამფინანსებლები და კურატორები. სქემა რამდენიმე საფეხურს მოიცავს – იდეოლოგიის მეცნიერული შემუშავება, მისი მოდერნიზება ფართო დებატების გზით, პოპულარიზაცია მასებში, იდეოლოგიის ლიდერების გამოკვეთა და საბოლოოდ რევოლუციის გზით ამ ლიდერების მოყვანა ხელისუფლებაში. მოსავალს კი დამკვეთი იმკის.
თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა სქემა კონტროლიდან გადის და დამკვეთისთვის არასასურველი მიმართულებით ვითარდება...
– დიახ, ასეა და ამის მაგალითია საფრანგეთის 1789 წლის რევოლუცია, იაკობინელების დიქტატურა, რომელსაც მოყვა ნაპოლეონის მოსვლა ხელისუფლებაში და მთელი ევროპა ომში გაეხვა. ასევე კარგი მაგალითია ბოლშევიკების რევოლუცია, რომლის კონტროლი 1928 წლიდან სტალინმა ჩაიგდო ხელში და შედეგად დამკვეთებისთვის ყველაზე არასასურველი რეალობა მიიღეს. თუმცა ლიბერალიზმის დამკვეთებმა, ხშირ შემთხვევაში, თავის მიზანს მიაღწიეს – მონარქიები საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, თურქეთში, რუსეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში დაეცა. შეიქმნა მულტიპარტიული მართვის სისტემები.
ასეთი სისტემები კი, იმ შემთხვევაშია მეტ–ნაკლებად სტაბილური, თუ გარედან ორგანიზებული ჩარევები არ ხდება, რაც თანამედროვე მსოფლიოში წარმოუდგენელია. საერთოდ სეგრეგაცია ლიბერალებად, მემარჯვენებად, მწვანეებად და ასე შემდეგ საზოგადოების მართვის გასაადვილებლად არის მოგონილი. ერებმა ისწავლეს მულტიპარტიული სისტემების დასტაბილურება, მაგრამ ფინანსურმა წრეებმა ამასაც მოუგონეს არასტაბილურობის ახალი ფორმა კოალიციური მთავრობების სახით, კონსტიტუციურად სუსტი პრეზიდენტის ფონზე. თუმცა კლასიკური ლიბერალიზმი ისტორიას ჩაბარდა. ახლა სხვა რამესთან გვაქვს საქმე.
უფრო კონკრეტულად, რასთან გვაქვს საქმე?
– რასაც ახლა ნეოლიბერალიმზს ვუწოდებთ, რეალურად მარქსიზმია, მხოლოდ კულტურული. მარქსის სახელის ხსენებას ერიდებიან, რადგან ის დისკრედიტირებულია დასავლეთში. ეს იდეოლოგიაც არ არის, უფრო რელიგიურ–დოგმატური ტექნოლოგიაა უმცირესობების ჯგუფების მიერ უმრავლესობის ძალდობრივი მეთოდებით მართვისა – ფაქტობრივად - აპარტეიდი, ჰიბრიდული ტოტალიტარიზმის ტექნოლოგიაა.
დამკვეთი ვინ არის?
– დამკვეთი იგივეა – ფინანსური მაგნატები, სავაჭრო სახლები ანუ ტრანსნაციონალური კორპორაციები და ნაწილობრივ ინდუსტრიალისტები. მე–17 საუკუნიდან თუ მონარქიულ სახლებს ებრძოდნენ, ახლა ეროვნულ სახელმწიფოს ებრძვიან. ამერიკაში გამოქვეყნდა საარქივო დოკუმენტები, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ კარლ მარქსს ფრანგული წარმოშობის ამერიკელი ჟან ლაფეტი აფინანსებდა, ეს კაცი კი ამერიკულ საბანკო კაპიტალთან იყო დაკავშირებული. მარქსს ასევე აფინანსებდა ჰორას გრილი, ეს გახლდათ საპრეზიდენტო კანდიდატი, ნიუ–იორკის ყველაზე მსხვილი გაზეთის „ნიუ–იორკ ტრიბუნის“ მფლობელი. ამ გაზეთში 1851–1861 წლებში კარლ მარქსმა 500 სტატია გამოაქვეყნა, რაშიც დიდი ჰონორარები მიიღო.
ვნახოთ, თუ რა ხდება ამის შემდეგ. 1923 წელს ფრანკფურტში ყალიბდება სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტი, სადაც მარქსიზმს იკვლვევენ. ამ ინსტიტუტს „ფრანკფურტის სკოლას“ უწოდებენ და ცნობილი მეცნიერები მაქს ჰორკმაიერი, მარკუზე, ადორნო, ლუკაჩი, ერიხ ფრომი, ლევენტალი და სხვები მუშაობდნენ. მათ მარქსის კლასობრივი ბრძოლის, კანტის ტრადიციული აზროვნების კრიტიკის, მაქს ვებერის გარიყვის კატეგორიის, ჰეგელის უარყოფის, ანუ ნეგატიური დიალექტიკის, ფროიდის ქვეცნობიერი ანუ ადამიანის ინსტიქტური ცხრომის პრინციპის (სადაც ადამიანი საკუთარ ცხრომის ვნებებს თოკავს ბუნების და სოციალური გარემოს გათვალისწინებით, ანუ ადამიანი ემორჩილება საზოგადოებას), სინთეზი მოახდინეს.
მათ ახალი ჰიბრიდული ტექნოლოგია შექმნეს, რომელსაც შეგვიძლია „კულტურული მაქრსიზმი“ ვუწოდოთ, სადაც ამოღებულია პროლეტარიატი, ანუ მუშათა კლასი, კლასობრივი ბრძოლა და ფოკუსირება უმცირესობების დომინაციაზეა გაკეთებული, ანუ კლასობრივი ბრძოლის სანაცვლოდ გვთავაზობენ უმცირესობების ბრძოლას უმრავლესობის წინააღმდეგ, მხოლოდ ამას ახლავს უმრავლესობის ბულინგი, იარლიყების მიკერება სხვადასხვა „ფობები – პათების“ სახით. ამ ყველაფერს კონტროლირებადი მედია, მარიონეტი პოლიტიკოსები, პროქსი არასამთავრობო სექტორი, დაქირავებული მეცნიერები, შოუ ბიზნესის წარმოამდგენლები, მსახიობები, სპორტსმენები, ბიზნესმენები და ასე შემდეგ უზრუნველყოფენ. 1933 წელს, ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ფრანკფურტის სკოლას“ აშშ–ში ემიგრირება მოუწია, სადაც თავისი ტექნოლოგიის დახვეწა გააგრძელა და კარლ პოპერის „ღია საზოგადოების“ პრინციპები დაუმატა. ამ ტექნოლოგიის დანერგვა აშშ–ში 1958 წლიდან დაიწყო.
კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ტენქოლოგია?
– მათ სურთ აღმოფხვრან და გაანადგურონ: ოჯახი, სახელმწიფო, ტრადიციები, ეკლესია, პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი, სექსუალური მორალი, ტრადიციული გენდერული როლები, სოციუმის არსებული იერარქია. ამის სანაცვლოდ ნერგავენ – სრულ სექსუალურ თავისუფლებას, მულტიკულტურალიზმს, ფემინიზმს, ცალმხრივ ტოლერნატობას, ახალ პოლიტიკურ კორექტულობას, პროგრესივიზმს და ეს ყველაფერი სოციალურ სამართლიანობის ქვეშ ხდება. მარკუზე პირდაპირ ამბობს, რომ საჭიროა „რეპრესიული ტოლერანტობა“ – ეს კი ნიშნავს ტოლერანტობას მხოლოდ მემარცხენეების მიმართ.
საინტერესოა, ამას რითი ხსნიან?
– ამას იმით ხსნიან, რომ მათი კვლევებით, ომების და რადიკალური ნაციონალიზმის მთავარი წყარო არის ოჯახი, ეროვნული სახელმწიფო, ეკლესია, პატრიოტიზმი... ამავე დროს, არაფერს ამბობენ ომების რეალურ მიზეზებზე. ესენია: კონტროლი რესურსებზე, ენერგეტიკულ წყაროებზე, გასაღების ბაზრებზე, სავაჭრო მაგისტრალებზე. მათი აზრით, ტრადიციული პატრიარქალური ოჯახი და ეკლესია ავტორიტარულ პიროვნებებს ზრდის, რაც საზოგადოებაში უთანასწორობისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის, თრგუნავს სექსუალურ ენერგიას. ასე აღზრდილი ადამიანებისთვის კი, მარქსიზმი მიუღებელია.
ფრანკფურტის სკოლის წარმოამდგენელი თეოდორ ადორნო ამბობს, რომ ტრადიციულ პატრიარქალურ ოჯახში აღზრდილისგან უმეტეს წილად მჩაგვრელები, ფაშისტები, რასისტები, ქსენოფობები, ანტისემიტები გამოდიან. თუ კლასიკური მარქსიზმი უფრო წარმოების საშუალებებზე საკუთრების ფორმაზე ახდენს ფოკუსირებას, კულტურული მარქსიზმი, რომელსაც თავად „კრიტიკულ თეორიას“ უწოდებენ, ფოკუსს კულტურულ, რასობრივ და გენდერულ ჯგუფებზე აკეთებს. კლასიკური მარქსიზმი თანასწორობის მიღწევის ფორმად ქონების კაპიტალისტებისგან ექსპროპრიაციას მიიჩნევს, ხოლო კულტურული მარქსიზმი უმრავლესობის დისკრისმინაციას.
ჩაგრული პროლეტარიატის ნაცვლად უმცირესობების ჯგუფები ჩასვეს, ხოლო მჩაგვრელებად უმრავლესობას ასახელებენ. სწორედ, ეს „ჩაგრული“ უმცირესობები უნდა გახდეს ახალი საზოგადოებრივი წესრიგის და ახალი ნორმების ჩამოყალიბების ლოკომოტივი თუ ყინულმჭრელი – ასეთია ჩანაფიქრი.
„ჩაგრულ“ უმცირესობაში რა კატეგორია შეჰყავთ?
– „ჩაგრულებში“ შეყავთ – ლგბტ, გენდერული ჯგუფები, რასობრივი ჯგუფები, ფემინისტები, სექტების და არატრადიციული რელიგიების წევრები და უკვე მედიაც. „ჩაგრულების“ მოტივაციას და საჭირო მიმართულებით გამოყენებას კი ფულით ახდენენ.
ანუ, გამოდის, რომ მათი მოწინააღმდეგე არის ეკლესია, ოჯახი, სახელმწიფო?
– დიახ, ასეა. ქრისიტიანული ეკლესია არის უძლიერესი სისტემა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული წესებით, ტრადიციებით და ტექნოლოგიებით მოქმედებს, განსაკუთრებით მართლმადიდებელი ეკლესია. ის კულტურული მარქსიზმის ფართოდ დანერგვის წინააღმდეგ მთავარ ბარიერადაა მიჩნეული. ოჯახი ინფორმაციის, ცოდნის, ტრადიციების გადაცემის ბანკს წარმოადგენს და ისიც ბარიერია, რადგან ცოდნის და ინფორმაციის წყაროები კონტროლირებადი უნდა იყოს.
მაგალითად, ინტერნეტში თუ დღეს კიდევ შეიძლება სხვადასხვა მოსაზრების თუ იდეების პოვნა, მომავალში, მათი გეგმით, ასე აღარ იქნება. იქნება მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება – ის, რაც წერია ვიკიპედიაში, ან რასაც გეუბნება დატრენინგებული ლექტორი ონლაინ ლექციაზე. შესაძლოა, ლექტორიც აღარ იყოს და მეტი საიმედოებისთვის ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს. სახელმწიფო კი, უკვე ვთქვით, რომ ვესტფალიურ სუვერენული ეროვნული სახელმწიფოების მოდელს ეფუძნება, რაც ჩანასახშივე გულისხმობს იდენტობას და ნებისმიერი იდენტობა ულტრა–გლობალისტებისთვის მიუღებელია.
საკუთარი მიზნის მიღწევის შემდეგ, ისინი უმცირესობების ჯგუფებსაც გაანადგურებენ და დაშლიან მარტივ მამრავლებად. კულტურული მაქრსიზმის, ანუ ნეომარქსიზმის ერთ–ერთი იდეოლოგი იტალიელი ანტონიო გრამში მიიჩნევდა, რომ ტრადიციები ნებისმიერ ფასად უნდა იქნას ამოძირკვული, ხოლო კომუნისტური ადამიანის ჩამოყალიბება უნდა მოხდეს რევოლუციამდე და არა შემდეგ.
ანუ ის მიიჩნევდა, რომ საჭიროა, ხანგრძლივი მუშაობა და ჩვენ სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებით, რომელიც 1958 წელს დაიწყო და როგორც ჩანს, 2035 წლისთვის პირველი ეტაპი დასრულდება, ხოლო საბოლოოდ ნეომარქსისტული რევოლუცია 2050 წელს გაფორმდება, როდესაც უკვე ახალი ინდოქტრინირებული თაობები იქნებიან დომინანტები. ჩვენ ხომ ვხედავთ, რა ხდება განათლების სისტემაში. დასავლეთში ის უკვე სტერილურად მარქსისტულია და სხვაგვარად მოაზროვნეებს, უბრალოდ, აგდებენ სამსახურიდან.
2035 წელს რატომ არის პირველი ეტაპი?
– ინდუსტრიულ და განსაკუთრებით პოსტინდუსტრიულ სამყაროში ყველაფერი ენერგეტიკაზეა დამოკიდებული და ჩამოკიდებული. ტექნოლოგიები, რომლითაც დიდი მასების მართვა არის შესაძლებელი, აუცილებლად მოითხოვს ბევრ ენერგიას. ვგულისხმობ დიდი მონაცემების მოპოვებას და მის დამუშავება–ანალიზს. ხელოვნური ინტელექტი, რობოტიზაციაც სრულად ენერგიაზეა მიბმული. პარალელურად, დაწყებულია ქვანახშირის, ნავთობის გამოყენების შემცირების ღონისძიებები და ის ყოველწლიურად 3–5 ან მეტი პროცენტით შემცირდება. გათვლა თერმო–ბირთვული სინთეზის ენერგიაზეა.
14 სახელმწიფო და ევროკავშირი საფრანგეთში მარსელთან საცდელ თერმობირთვულ რეაქტორს აშენებენ, რომლის კონცეფცია 80–იან წლებში მომზადდა, 2010 წელს მშენებლობა დაიწყო და 2025 წელს აიღებს სტარტს. ეს პროექტი 19 მილიარდი ევრო ჯდება და მისი მიზანია, შეისწავლონ თერმო–ბირთვული სინთეზის მართვა. გეგმაშია, რომ 2035 წლისთვის სინთეზის მართვა ისწავლონ და ამის შედეგად პლანეტა თითქმის ულიმიტო ენერგიას მიიღებს. ამ ტექნოლოგიისთვის საწვავი მძიმე წყალი ანუ დეიტერიუმია, რომელიც ოკეანეების ფსკერზე მოიპოვება.
სულ რამდენიმე ათეული კილოგრამი მძიმე წყალია საჭირო წელიწადში, რათა პლანეტა ენერგიით სრულად მომარაგდეს. ასევე გამოიყენება ტრიტიუმი – ზემძიმე წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპი. ასეთ რეაქტორზე ავარია არ იწვევს მასშტაბურ რადიაციას ან სხვა გლობალურ ტექნოგენურ კატაკლიზმებს (არ აგვერიოს ბირთვულ რეაქციაში, თერმო–ბირთვული სინთეზი იგივეა რაც მზე ანუ პლაზმა). ჩანს, რომ ეტაპების გათვლა ამასთან არის დაკავშირებული, რადგან ენერგიით პლანეტის უზრუნველყოფა ეგზისტენციალური საკითხია.
საინტერესოა, ვინ არის ამ ყველაფრის უკან და საბოლოოდ რა მიზნები აქვთ?
– ამის უკან დგანან გლობალისტები. არსებობენ ორი ტიპის გლობალისტები – ზომიერი და ულტრა–გლობალისტები. ზომიერი გლობალისტები მოითხოვენ, რომ ეროვნული სახელმწიფო, ეკლესია, ოჯახი, ტრადიციები უნდა დარჩეს და ამ ტიპს მიეკუთვნება მაგალითად დონალ ტრამპი. მეორე ჯგუფი –ულტრაგლობალისტები ცდილობენ სახელმწიფოს, ოჯახის, ეკლესიის განადგურებას, რადგან მათთვის ისინი კონკურენტები და ხელისშემშლელი ფაქტორებია ნეომარქსიზმის დანერგვაში.
ულტრა–გლობალისტებს მიეკუთვნებიან: მსხვილი ფინანსური კაპიტალი, რომელიც უკვე აღარ არის მიბმული ერთ კონკრეტულ სახელმწიფოზე და ტრანსნაციონალური კორპორაციები. მათ 60–იანი წლებიდან მოახერხეს მედია–აქტივების ხელში ჩაგდება, კონტროლის დამყარება უნივერსიტეტებზე, კვლევით ცენტრებზე, მეცნიერების დიდ ნაწილზე, პოლიტიკურ პარტიებზე, სამოქალაქო სექტორზე. მათ მიზანს იუდო–ქრისტიანული ცივილიზაციის გავრცელების გეორგაფიულ არეალში ერთიანი გლობალური მართვის დამყარება წარმოადგენს.
ეს სივრცე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, ავსტრალია–ახალ ზელანდიას, ევროპას, პოსტსაბჭოთა სივრცეს და ისრაელს მოიცავს. მათ პროექტში ამ ეტაპზე არ შედის აფრიკა და აზია, რადგან ნეომარქსიზმის, ანუ ნეოლიბერალური ტექნოლოგია მათზე არ არის მორგებული, ვინაიდან ბუდიზმში, ისლამში და კონფუციანობაში ფასეულობათა სხვა სისტემა, ტრადიციები და ეთნოფსიქოლოგიაა. იუდო–ქრისტიანული სივრცის მეტი კონტროლისთვის გლობალისტებს ესაჭიროებათ ეროვნული სახელმწიფოს და მთავრობების დასუსტება და სრული გაქრობა.
ეკლესიის განადგურება ან დამორჩილება; კლასიკური ოჯახის გაქრობა ან რეფორმატიზირება, ბავშვების აღზრდაზე მონოპოლია ანუ მათი ინდოქტრინაცია სჭრიდებათ და ეს ყველაფერი ჯანდაცვის სისტემებზე სრული კონტროლის ფონზე გაკეთდება. მასებისთვის კი სატყუარა სოციალური თანასწორობაა, რაც გულისხმობს საშუალო ფენის განადგურებას. ხალხს ე.წ. „საბაზო ხელფასს“ შესთავაზებენ, რაც თავიდან მიმზიდველი იქნება და შემდგომ მინიმუმადე შემცირებული.
საკუთრება კომუნალური ანუ საერთოა ჩაფიქრებული, განსაკუთრებით წარმოების საშუალებებზე, მათ შორის მიწაზეც. 2012 წლიდან „ინკლუზიური კაპიტალიზმის“ ცნება შემოიღეს, ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი კლაუს შვაბიც წერს. 2020 წელს ჩამოაყალიბეს ინკლუზიური კაპიტალიზმის საბჭო ვატიკანთან, რომელშიც რომის პაპთან ერთად ძირითადად ტრანსნაციონალური კორპორაციების ტოპ მენეჯერები შევიდნენ. შესაძლოა, ეს იყოს მცდელობა, დაგეგმილ ტრანსფორმაციას უფრო ჰუმანური სახე მისცენ, თუმცა ამ პროცესების გაუმჭვირვალობა უფრო მეტ კითხვებს ბადებს, ვიდრე პასუხები არსებობს. ფაქტია, რომ საერთაშორისო სისტემა კრიზისშია და ცვლილებები გარდაუვალია. მთავარი კითხვაა: ვის სასარგებლოდ იქნება ცვლილებები: ხალხის თუ ფინანსური ელიტების?!
რამ შეიძლება ეს შეაჩეროს?
– ხალხმა, მოაზროვნე ელიტებმა. ფინანსისტების და მევახშეების ამგვარი სწრაფვა სრული კონტროლისკენ ომებით სრულდება, რასაც რადიკალური ნაციონალიზმი ან ფაშიზმი შეიძლება მოყვეს. ჩვენ ვხედავთ უკომპრომისო ბრძოლას აშშ–ში, უფრო სწორად, ამ ბრძოლის მხოლოდ კენწეროს. იქ თუ ზომიერები ანუ ტრადიციონალისტები მოახერხებენ გამარჯვებას, ეს პროექტი დროებით მაინც შეჩერდება, როგორც ეს მოხდა 2016–2020 წლებში. იგივე უნდა მოხდეს ევროპაშიც. ჩვენ პერიფერია ვართ და ვხედავთ, აქაც კი როგორი მღელვარებაა ამ საკითხებზე. წარმოიდგინეთ, იქ რა დღეში იქნება ხალხი!
1975 წელს „რომის კლუბის“ მესამე მოხსენება ჰოლანდიელმა მეცნიერმა იან ტინბერგენმა გამოაქვეყნა. ამ მოხსენებას „საერთაშორისო წესრიგის“ გადახედვა ჰქვია. ტინბერგენი კითხვაზე, რამ შეიძლება დააჩქაროს გლობალური მმართველობის ჩამოყალიბება, ამბობს, რომ ეს სამ შემთხვევაშია შესაძლებელი: 1 – გლობალური მიკრობიოლოგიური საფრთხე; 2 – გლობალური ეკოლოგიური საფრთხე; 3 – საფრთხე კოსმოსიდან. ვხედავთ, რომ გეგმის პირველი ორი პუნქტი გააქტიურებულია, მესამესაც ნელ–ნელა ამზადებენ.
ამ ყველაფერში გარკვევას კი ცოდნა, გამოცდილება და ლუსტრაცია სჭირდება. კომპრადორულ (მოხმარების მანიით შეპყრობილ) და „ურბანულ ჯუნგლებში“ თავმოყრილ საზოგადოებას ამ ცოდნის მიღება–გაანალიზებისთვის სამწუხაროდ, არ სცალია და ციფრული ყუთებიდან მომდინარე ინდოქტრინაციას ნებაყოფლობით ემორჩილება. მაგრამ საბედნიეროდ არის ხალხი, ვინც ეს ყველაფერი იცის და ამ თემებზე ხმამაღლა მსჯელობს, მიუხედავად იგნორირებისა და მარგინალიზაციის მცდელობებისა.
როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ხალხმა?
– ხალხი არ უნდა შეშინდეს, ხმამაღლა უნდა ილაპარაკოს ყველგან, სადაც შეუძლიათ, იქნება ეს სამეგობრო წრე, სამეზობლო, სოციალური ქსელები და მედია. თუ საქართველო, ეკლესია, ტრადიციები, სული, კულტურა, ისტორია არ იქნება, რა აზრი აქვს ასეთ ბიოარსებობას?! ჰედონიზმი, ინსტინქტების დაკმაყოფილება ხომ არ არის მხოლოდ ადამიანის დანიშნულება, არსი და ფუნქცია?! ამ ყველაფერს მეტაფიზიკური მნიშვნელობაც აქვს, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ამის შესახებ სერიოზულ თეოლოგებს, სასულიერო პირებს ვკითხოთ, ისინი მეტაფიზიკურ პრიზმაში კარგად ხსნიან ამ ყველაფერს და მართლებიც არიან. ერთმანეთი უნდა გავამაგროთ, ეკლესია ბოლო ინსტიტუტია, იმის იქით ფაქტობრივად, დამცველი აღარ გვეყოლება. ამიტომაც მიდის ორგანიზებული შეტევა მასზე. ლოგიკურად ამ პროცესებმა უნდა ჩამოაყალიბოს ეროვნული ელიტა, ეროვნული გონი, რომელიც გუშაგად დაუდგება ერის მომავალს. არ მაქვს მხედველობაში რომელიმე პარტიული ჯგუფი. მე ვსაუბრობ სხვადასხვა ინსტიტუციების მთელ სისტემაზე, სადაც მეცნიერები, ეკლესია, სახელმწიფო კაცები, რეგიონებში საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, ავტორიტეტები იქნებიან. ცალკე საქართველოში ეს გლობალური პროექტი ვერ დამარცხდება, ჩვენ მხოლოდ მისი დროებით შეჩერება შეგვიძლია. ძვრები ამ პროექტის მართვის ცენტრებში უნდა მოხდეს – ეს კი აშშ და დასავლეთ ევროპაა.
მადლობა ორივეს!
GeorgeGot, ვერანაირი რიტორიკა (ვერც ჩვეულებრივი და ვერც არაჩვეულებრივი), რომელიც რეალობას არ ასახავს, ვერ იქნება საშიში და ვერც ვერავისთან დაგვაახლოვებს, ვერც ვერავისგან დაგვაშორებს!
ხოლო, რიტორიკა თუ საშიშია იმის გამო, რომ ის რეალურ სურათს გვიჩვენებს, მაშინ ის მხოლოდ სარკის ფუნქციას ასრულებს და ამ რეალობის შემქნელი გახლავთ საშიში!
ასე რომ, ილიასი არ იყოს ("კაცია-ადამიანის" შესავალი) , სარკეზე გაბრაზებას აზრი არა აქვს.